ევროპის გუნდური ჩემპიონატი: ქალთა ნაკრები ბრინჯაოს დასჯერდა

AutoSharing Option
ექვსი მოგება, ორი ფრე და ერთი მარცხი - ასეთი შედეგით დაასრულეს საქართველოს მოჭადრაკე ქალებმა ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში ევროპის გუნდური ჩემპიონატი, რომელშიც მანდილოსანთა 30 და ვაჟთა 36 ნაკრები მონაწილეობდა.

ჩვენები მე-7 ტურში სერბეთის საშუალოზე დაბალი კლასის მოჭადრაკეებით დაკომპლექტებულ სერბეთის გუნდს დაუზავდნენ - 2:2 (იოვანა ვოინოვიჩი-ნანა ძაგნიძე 1:0, ირინა ჩელუშკინა-ბელა ხოტენაშვილი 0.5:0.5, ადელა ველიკიჩი-ნინო ბაციაშვილი 0:1, მილა ზარკოვიჩი-მერი არაბიძე 0.5:0.5), მე-8 ტურში უნგრეთს სძლიეს - 2.5:1.5 (ბელა ხოტენაშვილი-სიდონია ვაიდა 1:0, ლელა ჯავახიშვილი-ილდიკო მადლი 1:0, ნინო ბაციაშვილი-ანა რუდოლფი 0.5:0.5, მერი არაბიძე-პეტრა პაპი 0:1).

გუშინ კი საშუალო დონის ავსტრიის ნაკრებს დაშორდნენ მშვიდობიანად - 2:2 (ბელა ხოტენაშვილი-რეგინა პოკორნა 0.5:.5, კატერინა ნევკლა-ლელა ჯავახიშვილი 0:1, ნინო ბაციაშვილი-ვერონიკა ექსლერი 0.5:0.5, ანა-ქრისტინა კოპინისი-მერი არაბიძე 1:0), მოაგროვეს 14 ქულა და ბრინჯაოს მედალი დაიმსახურეს.

პირველი ადგილი რუსეთის ნაკრებმა დაიკავა, რომელმაც გუშინ გერმანიას მოუგო - 3:1 და 18 შესაძლებლობიდან 17 ქულას მოუყარა თავი. 15 ქულით ვერცხლის მედალი უკრაინის ნაკრებს ერგო.

საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა მეშვიდე-მერვე ტურებში საჭადრაკო სამყაროს სენსაციები შესთავაზა: მეშვიდეში ჩვენებმა უკრაინის უძლიერეს ნაკრებს აჯობეს - 2.5:1.5 (ბაადურ ჯობავა-ვასილი ივანჩუკი 0.5:0.5, მიხეილ მჭედლიშვილი-პაველ ელიანოვი 0:1, ლევან ფანცულაია-იური კრივორუჩკო 1:0, მერაბ გაგუნაშვილი-ალექსანდრ არეშჩენკო 1:0), არადა, ოთხივე მეტოქე 2700-იანთა გუნდის წევრია.

ასევე უძლიერესი დიდოსტატებითაა დაკომპლექტებული საფრანგეთის ნაკრები, რომელმაც საბოლოოდ 13 ქულით მეორე-მეოთხე ადგილები გაიყო და მხოლოდ უარესი დამატები მაჩვენებლების გამო დარჩა უმედლოდ.

საქართველოს ვაჟთა ნაკრები "სამფეროვნებს" მერვე ტურში დაუზავდა - 2:2 (მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი-ბაადურ ჯობავა 0.5:0.5, ლორენ ფრესინე-მიხეილ მჭედლიშვილი 0.5:0.5, რომაინ ედუარდო-ლევან ფანცულაია 0:1, ეტიენ ბაკრო-მერაბ გაგუნაშვილი 1:0).

ეტყობა, ამ ორ ორთაბრძოლას ჩვენებმა დიდი ენერგია შეალიეს, ამიტომ ბოლო ტურში სომხებს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და 1:3 დამარცხდნენ (ლევონ არონიანი-ბაადურ ჯობავა 1:0, მიხეილ მჭედლიშვილი-გაბრიელ სარგისიანი 0.5:0.5, სერგეი მოვსესიანი-ლუკა პაიჭაძე 1:0, მერაბ გაგუნაშვილი-ჰრანტ მელქუმიანი 0.5:0.5) და 11 ქულით მე-9 ადგილი დაიკავეს. სამაგიეროდ, სომხებმა იხეირეს - 13 ქულით ვერცხლის მედალს გამოჰკრეს ხელი. ამდენივე ქულით მესამე იყო უნგრეთი. ჩემპიონობა რუსებმა მოიპოვეს.

ევროპის გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში
ქალები
1. რუსეთი (17 ქულა), 2. უკრაინა (15), 3. საქართველო (14).

ვაჟები
1. რუსეთი (15), 2. სომხეთი (13), 3. უნგრეთი (13)... 9. საქართველო (11).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული