დღეიდან რეიკიავიკში მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა ევროპის გუნდური ჩემპიონატი იწყება

AutoSharing Option
ისლანდიის დედაქალაქში დღეს დაიწყება და 22 ნოემბერს დასრულდება მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა ევროპის გუნდური ჩემპიონატი, რომელშიც საპრიზო ადგილებისთვის მანდილოსანთა 30 და მამაკაცთა 35 ნაკრები იბრძოლებს.

ჩვენი ქვეყნის ნაკრები გუნდები (დელეგაციის ხელმძღვანელი - საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე) რეიკიავიკში ასეთი შემადგენლობით გაემგზავრნენ: ქალები: ნანა ძაგნიძე (2566), ბელა ხოტენაშვილი (2512), ნინო ბაციაშვილი (2509), ლელა ჯავახიშვილი (2479), მერი არაბიძე (2408), კაპიტანი დავით ჯოჯუა, მწვრთნელი ელიზბარ უბილავა; ვაჟები: ბაადურ ჯობავა (2668), ლევან ფანცულაია (2567), მიხეილ მჭედლიშვილი (2618), მერაბ გაგუნაშვილი (2539), ლუკა პაიჭაძე (2573), კაპიტანი და
მწვრთნელი ზურაბ სტურუა.

საქართველოს ვაჟთა ნაკრებს ევროპის გუნდურ ჩემპიონატებზე მოკრძალებული შედეგი აქვს - მხოლოდ 2003 წელს მოიპოვა ბრინჯაოს მედალი (ზურაბ აზმაიფარაშვილი, ბაადურ ჯობავა, მიხეილ მჭედლიშვილი, გიორგი ყაჭეიშვილი, მერაბ გაგუნაშვილი). ამ შეჯიბრებაზე ჩვენი გუნდი, რომელსაც იმ ნაკრებიდან სამი დიდოსტატი შემორჩა, საშუალო რეიტინგით მეჩვიდმეტეა.

ქალები უფრო ტიტულოვანი გვყავს: ისინი საპრიზო ადგილებზე ხუთჯერ გავიდნენ: 1997 წელს მაია ჩიბურდანიძემ, ნანა იოსელიანმა და ქეთევან არახამიამ პირველი ადგილი დაიკავეს, 1992 (ქეთევან არახამია, ნინო გურიელი, ქეთევან კახიანი), 2005 (მაია ჩიბურდანიძე, ნინო ხურციძე, მაია ლომინეიშვილი, ნანა ძაგნიძე, ქეთევან არახამია) და 2009 წლებში (ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, სოფიო ხუხაშვილი, ნინო ხურციძე, ბელა ხოტენაშვილი) ჩვენმა მანდილოსნებმა მეორე ადგილები დაიკავეს, ხოლო 2011 წელს (ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, ნაზი პაიკიძე, ნინო ხურციძე, სალომე მელია) ბრინჯაოს მედალს დასჯერდნენ.

რეიკიავიკში ქართველები, რომლებმაც წლეულს ჩინურ ჩენგდუში გუნდური მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვეს (მაშინ საპატიო მიზეზით ნანა ძაგნიძემ ვერ ითამაშა, ისლანდიაში კი იმავე მიზეზით სალომე მელია - მესამე შვილის დედა გახდება - ვერ გაემგზავრა), რეიტინგფავორიტები არიან (საშუალო რეიტინგი 2517).

მეორე ადგილზეა (2513) რუსეთის ნაკრები: მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ალექსანდრა კოსტენიუკი (2534), ორ-ორგზის ევროპის ჩემპიონები - ვალენტინა გუნინა (2516) და კატერინა ლაგნო (2523), ასევე, ალექსანდრა გორიაჩკინა (2478) და ანასტასია ბოდნარუკი (2401).

მესამეზეა 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული უკრაინა (2499): ანა მუზიჩუკი (2534), მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მარია მუზიჩუკი (2542), მსოფლიოს ექსჩემპიონი ანა უშენინა (2438), ორგზის ევროპის ჩემპიონი ნატალია ჟუკოვა (2480) და ანა გაპონენკო (2401).

მძაფრი კონკურენციის მიუხედავად, გვჯერა, რომ ჩვენი დიდოსტატი ქალები წლევანდელ სეზონს მაჟორულ ნოტზე დაასრულებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული