ჭადრაკის დედოფლები - მსოფლიოს ჩემპიონები თბილისში დაბრუნდნენ [PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებმა (ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, მერი არაბიძე, სალომე მელია, ნინო ბაციაშვილი, კაპიტანი დავით ჯოჯუა, მთავარი მწვრთნელი ელიზბარ უბილავა), როგორც ვწერდით, ჩინეთში გუნდური მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. 29 აპრილს, საღამოს, "ოქროს გოგონები" თბილისში დაბრუნდნენ.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წარმომადგენლებმა, ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და მეგობრებმა ჩემპიონებს აეროპორტში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.

Sportall.Ge
ფოტოზე: მერი არაბიძე, ნინო ბაციაშვილი, სალომე მელია, ლელა ჯავახიშვილი, ბელა ხოტენაშვილი, დავით ჯოჯუა
სალამ-ქალამისა და მილოცვა-მოკითხვის შემდეგ მათ ჟურნალისტებისთვისაც მოიცალეს. უპირველესად, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, დიდოსტატი გიორგი გიორგაძე დავიმარტოხელეთ, რომელიც ჩინეთში
ჩვენი საჭადრაკო დელეგაციის ხელმძღვანელი გახლდათ:

"უპირველესად, ბრძენთა თამაშის ქომაგებს, სრულიად საქართველოს მინდა მივულოცო ეს დიდი გამარჯვება, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ჭადრაკის შემდგომი განვითარებისა და მომავალი თაობებისთვისაც სტიმული იქნება. ამიტომაც სიმბოლურია, რომ 10, 14 და 18 წლის მოჭადრაკეთა საქართველოს პირველობის გამარჯვებულები და პრიზიორები აეროპორტში მოვიდნენ ჩვენი ქალებისთვის მსოფლიოს ჩემპიონობის მოსალოცავად.

რაც შეეხება ჩინურ ბატალიებს, ცივ გონებაზე გავაანალიზებთ, შევაჯამებთ და მერე უფრო მეტსაც გეტყვით, ახლა კი ცხელ გულზე იმის თქმა შემიძლია, რომ მთელი ნაკრები იყო ერთ მუშტად შეკრული, შემართული, მშვიდ გარემოში მუშაობდნენ და მწვრთნელ-მოთამაშეები გვერდში ედგნენ ერთმანეთს წარმატების მისაღწევად.

მართალია, თავიდან მხოლოდ სამეულში მოხვედრას ვგეგმავდით, მაგრამ გოგონებს თამაში რომ წაუვიდათ, ამბიციებიც გაგვეზარდა.

იყოჩაღა ბელა ხოტენაშვილმა. ის გახდა გუნდის ნამდვილი ლიდერი და პირველ დაფაზე საუკეთესო იყო. ასევე, შესანიშნავად ითამაშეს მერი არაბიძემ, ნინო ბაციაშვილმა, სალომე მელიამ, ლელა ჯავახიშვილმა. ნაკრების მწვრთნელმა, ბატონმა ელიზბარ უბილავამ და კაპიტანმა დავით ჯოჯუამ ყველაფერი გაიღეს წარმატების მისაღწევად.

ასეთი ერთსულოვნების შედეგია, რომ ყველაფერი ჩვენდა სასიკეთოდ წარიმართა და დამაჯერებლადაც გავიმარჯვეთ".

აეროპორტში მოჭადრაკე მანდილოსნებისთვის წარმატების მისალოცად მოვიდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა აწ უკვე ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი, რომელმაც ნაკრების მთავარი მწვრთნელი, კაპიტანი და გუნდის წევრები "სპორტის რაინდის" წოდებებით დააჯილდოვა.

სალომე მელია:
"2011 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილზე გავედით. ამიტომ ჩინეთშიც სამეულზე ნამდვილად ვფიქრობდით, მაგრამ თუ ასეთი ტრიუმფით გავიდოდით პირველ ადგილზე, ნამდვილად ვერც წარმოვიდგენდით, მით უმეტეს, რომ ჩვენთან ერთად არ იყო ნანა ძაგნიძე.

ვფიქრობ, ისეთი რიხით მოვიგეთ ჩემპიონატი, რომ ვინმესთვის იოტისოდენი დაეჭვების შანსიც არ მიგვიცია. ძალიან გახარებული ვართ. ეს გამარჯვება მთელი ძალების მობილიზებისა და ერთსულოვნების შედეგია.

დიდი მადლობა ჩვენს გოგონებს, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას, მთავარ მწვრთნელსა და კაპიტანს, ასევე, გულშემატკივრებს, რომელთა მხარდაჭერასაც ყოველდღიურად ვგრძნობდით. ჩვენ ყველამ ერთად გავიმარჯვეთ".

Sportall.Ge
ფოტოზე: ლელა ჯავახიშვილი ვაჟიშვილთან ერთად
ლელა ჯავახიშვილი:

"ძალიან გახარებულნი ვართ, ურთულესი ტურნირი მოვიგეთ. 2007 წლიდან მეხუთედ ვიასპარეზეთ მსოფლიოს ჩემპიონატში და პირველად მოვიპოვეთ ჩემპიონობა.

წლევანდელი შეჯიბრება ჩვენთვის იმით იყო გამორჩეული, რომ, თუ შეიძლება ასე ითქვას, სუპერშეკრული გუნდი გვყავდა, ისე განსხვავებული, რომ სხვებს შურდათ ჩვენი: ერთად ვმეცადინეობდით, ყველამ იცოდა, ვინ რომელ ვარიანტს ითამაშებდა, ერთად ვისვენებდით, ერთად ვსადილობდით; სანამ ბოლო მონაწილე არ დაამთავრებდა პარტიას, დარბაზიდან არ გამოვდიოდით.

ეს იყო ერთ სულ და ერთ ხორც შეკრული გუნდი, რამაც ახალ სიმაღლეზე აგვიყვანა.

ბოლო ტურის შემდეგ ბატონმა ელიზბარმა ჩემპიონობა რომ მოგვილოცა, ისიც დასძინა - აწი ვიკითხოთ, ნებისმიერი შეჯიბრებიდან ქომაგები მხოლოდ პირველ ადგილს რომ მოგვთხოვენო. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ეს შეგვიძლია და ამ გამოწვევებისთვისაც მზად ვართ".

ნინო ბაციაშვილი:
"საქართველოს ნაკრებში ჩემი დებიუტი 2012 წელს შედგა საჭადრაკო ოლიმპიადაზე, მაგრამ მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე პირველად ვითამაშე და ბედნიერი ვარ, რომ ჩემპიონი გავხდი, თან ჩემს დაფაზეც მედალი ავიღე.

დიდი მადლობა მწვრთნელებს, რომლებიც დღედაღამ მუშაობდნენ, რომ წარმატებისთვის მიგვეღწია, თან გუნდში საოცარი მეგობრული ატმოსფერო შექმნეს. თამაშის, მეცადინეობისა და დასვენებისთვის შესანიშნავი პირობები გვქონდა. ყველას დიდი მადლობა".

მერი არაბიძე:
"წლევანდელი სეზონი ჩემთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა: ჯერ ეროვნულ ჩემპიონატში მეოთხე-მეხუთე ადგილები გავიყავით, მერე ინდივიდუალურ პირად ჩემპიონატში სამი რაუნდი გავიარე, ჩინეთში კი გუნდური მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი, რაც ჩემთვის მოულოდნელი იყო.

გამახარა იმანაც, რომ ამ დიდ წარმატებაში მცირედი წვლილი შევიტანე და ჩემს დაფაზეც ოქროს მედალი მოვიპოვე. ნამდვილად ბედნიერი ვარ".

Sportall.Ge
ფოტოზე: ნანა ალექსანდრია (მარჯვნივ) ჩემპიონებს წარმატებას ულოცავს
ნანა ალექსანდრია, ორგზის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, დიდოსტატი:
"ქართველები მოჭადრაკე ქალების მიღწევებით განებივრებულები ვართ, განსაკუთრებით, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადებზე, რომლებიც მასშტაბურია, მაგრამ, პროფესიული თვალსაზრისით, გუნდური მსოფლიო ჩემპიონატი უფრო ძლიერი ტურნირია, რადგან მხოლოდ უძლიერესები მონაწილეობენ და მათთან ბრძოლაში ჩვენმა გოგონებმა შთამბეჭდავ წარმატებას მიაღწიეს - ქართველ მოჭადრაკე ქალთაგან გუნდურში ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს. ვულოცავ!"

ავტორის ფოტოები
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ვულოცავ საქართველოს და ჩვენს მოჭადრაკე ქალთა ნაკრებს შესანიშნავ გამარჯვებას და მსოფლიო ჩემპიონობას! ამ უჭკვიანესი ქალების სახელები ოქროს ასოებით ჩაიწერა მსოფლიო ჭადრაკის ისტორიაში. ქართველი ქალის უზომო გონებრივი შესაძლებლობები კიდევ მერამდენედ გამობრწყინდა მსოფლიოში.
ლუკა
13:59 30-04-2015
0
გილოცავთ.გმადლობთ გამარჯვება იყოს თქვენი მეგზური.გვიმრავლოს ჩემპიონები....
ქორქია თამარ
12:41 30-04-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული