ევროპის ჩემპიონი ქართველი მოჭადრაკე კომპიუტერის წინააღმდეგ ითამაშებს

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონი ნანა ძაგნიძე კომპიუტერის წინააღმდეგ მატჩს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გამართავს.

სწორედ უნივერსიტეტი და ტექნოლოგიური კომპანია HP ხდებიან საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პარტნიორები და ამიერიდან ეროვნულ ნაკრებს მომზადებისთვის საჭირო ტექნოლოგიით დაეხმარებიან.

"ახალი ტექნოლოგიები და ჭადრაკი უკვე განუყოფელი ცნებაა. ჭადრაკის მომავალი სწორედ ახალ ტექნოლოგიებთანაა დაკავშირებული. კომპიუტერმა უფრო მეტი და მეტი ადგილი დაიკავა მოჭადრაკეების ცხოვრებაში. ამიტომაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობა ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.

ეროვნული ნაკრების მომზადებისთვის მძლავრი კომპიუტერების გამოყენება გადამწყვეტია. მიხარია, რომ მოჭადრაკეებს ამის საშუალება ექნებათ. რაც შეეხება პროექტს "ითამაშე ჭადრაკი",
ეს მოიცავს სარეკლამო კლიპს, რომელშიც ჭადრაკის პროფესიონალები და მოყვარულები საუბრობენ.

კამპანია ჭადრაკის პოპულარიზაციის მიზნით კეთდება. საქართველო ნამდვილად არის საჭადრაკო ქვეყანა და ამ სპორტს უნდა დაუბრუნდეს ის პოპულარობა, რომელიც მას წლების წინ ჰქონდა. წელს ჩვენ თბილისში ვატარებთ მსოფლიო თასს, მომავალ წელს კი მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ჩატარდება, რომელზე დასაწრებადაც 180 ქვეყნიდან 4 000-მდე სტუმარი ჩამოვა", - აღნიშნავს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე.

თანამშრომლობის დაწყების აღსანიშნავად ჭადრაკის დიდი ფესტივალი 13 მაისს, 12:00 საათზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის კამპუსში გაიმართება.

აქვე მოხდება საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მიერ ინიცირებული პროექტის "ითამაშე ჭადრაკის" პრეზენტაცია. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრების წევრებთან ჭადრაკის თამაშის საშუალება ექნებათ. მათ ასევე შეეძლებათ, თვალი ადევნონ ნანა ძაგნიძის თამაშს კომპიუტერთან.

ღონისძიებას გახსნის საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი. თამაშს დაესწრებიან საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წარმომადგენლები, მოქმედი, ვეტერანი და დამწყები მოჭადრაკეები, საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები და ჭადრაკის მოყვარულები.

Softline და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრებს საჩუქრად გადასცემს პერსონალურ კომპიუტერებს. ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული