რიო 2016-ის ამბები: პირველი ჩავარდნილი დოპინგზე და ქალის უნახავი მოკრივეები

AutoSharing Option
რიო-დე-ჟანეიროში პირველი სპორტსმენი ჩავარდა დოპინგზე. ლონდონის ოლიმპიურ ჩემპიონს, პოლონელ ძალოსან ადრიან ზელინსკის ორგანიზმში ნანდროლონი აღმოუჩინეს.

"არ ვიცი, რა მოხდა. მე მგონი, ეს ცუდი სიზმარია. სიტყვები არ მყოფნის. 10 წელი ვვარჯიშობდი ჩვენი ქვეყნისთვის, 20 წელია ამ სპორტში ვარ და დოპინგი არასოდეს გამომიყენებია", - განაცხადა ზელინსკიმ.

სპორტსმენი ამტკიცებს, რომ ის სამჯერ შეამოწმეს რიოში გამგზავრებამდე და მხოლოდ ოლიმპიადაზე შემოწმების შემდეგ აღმოუჩინეს აკრძალული პრეპარატი.

ზელინსკი 2014 წელს ევროპის ჩემპიონი იყო.

ქალის უნახავი მოკრივეები
რიოს ოლიმპიადაზე კიდევ ერთი მოკრივე გაეხვია სკანდალში. ნამიბიის ოლიმპიური გუნდის მედროშე ჯონას
ჯუნიუსი პოლიციამ დააკავა.

მოკრივე გაუპატიურების მცდელობაშია ეჭვმიტანილი. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, იმავე ბრალდებით, ბრაზილიელმა სამართალდამცველებმა მაროკოელი მოკრივე ჰასან საადა დააპატიმრეს.

ნამიბიელი სპორტსმენის სიტუაცია მაროკოელის ინციდენტის ზუსტი გამეორებაა. ჯუნიუსი ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ კორპუსში თავს დაესხა იქ მომუშავე ერთ ქალს და მასზე ძალადობა სცადა.

ჯუნიუსი რიოს ერთ-ერთ ციხეშია გადაყვანილი.

კარმელომ ჯორდანს გაასწრო
ვენესუელასთან მატჩის შემდეგ აშშ-ის საკალათბურთო ნაკრების ფორვარდმა კარმელო ენტონიმ ლეგენდარულ მაიკლ ჯორდანს გაუსწრო ოლიმპიადაზე დაგროვილი ქულების რაოდენობით.

კარმელომ, რომელიც მეოთხე ოლიმპიადას თამაშობს, ვენესუელას 14 ქულა ჩაუგდო და ზაფხულის თამაშებზე თავისი მონაგარი 262 ქულამდე აიყვანა. ეს მესამე შედეგია ამერიკელი კალათბურთელებისთვის.

ჯორდანს, რომელსაც ორ ოლიმპიადაზე უთამაშია, 256 ქულა აქვს აქტივში.

ენტონი ახლოს არის პირველ ადგილთან. ჯერჯერობით, ლიდერია ლებრონ ჯეიმსი (273 ქულა), მეორეზე კი დევიდ რობინსონია 270 ქულით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული