რიო 2016-ის დაწყებამდე დოპინგზე ყველა ქართველი ოლიმპიელი შემოწმდება!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი გულისყურით აკვირდებოდა დოპინგის გამოყენებაში ეჭვმიტანილ ქართველ მოჭიდავეებთან დაკავშირებულ ამბებს, მაგრამ ამ საგანგაშო ინფორმაციის საბოლოო დადასტურებამდე, გასაგები მიზეზების გამო, თავს ვიკავებდით რაიმე სახის ნაჩქარევი კომენტარისგან.

დღეს უკვე უტყუარად არის გამოკვლეული და დადგენილი ექვსი ქართველი სპორტსმენის ბრალეულობა აკრძალული პრეპარატის გამოყენებაში. ამის თაობაზე სეოკ-ის აღმასკომის 2016 წლის 29 მარტის სხდომაზე საბოლოო ოფიციალური ინფორმაცია წარმოადგინა საქ
ართველოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ, რომელიც მოქმედებს მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსის შესაბამისად.

მართალია, დოპინგის გამოყენებაში მხილებულთა შორის არ არიან ჩვენი ოლიმპიური ლიცენზიანტები, მაგრამ ეს ფაქტი არამც და არამც არ ცვლის საერთო სურათს, რომელიც უკიდურესად შემაშფოთებელია.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ყოველთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება სპორტში დოპინგის გამოყენებასთან დაკავშირებულ პრობლემატიკას. ამის დასტურია მთელი რიგი პრევენციული ღონისძიებები, საჯარო გამაფრთხილებელი განცხადებები (მათ შორის - სეოკ-ის ყოველწლიურ სესიებზე), რეგულარული სემინარები და ტრენინგები, თემატური საუბრები სპორტულ ფედერაციებთან, მწვრთნელებთან, სპორტსმენებთან, გახშირებული დოპინგტესტები, სამედიცინო პერსონალის და დოპინგთან ბრძოლაში ჩართული ჯგუფების მხარდამჭერი პროგრამები, აქტიური მონაწილეობა საერთაშორისო ანტიდოპინგურ ღონისძიებებში.

ჩვენ ვაღიარებთ და ვმოქმედებთ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და საერთაშორისო ანტიდოპინგური სააგენტოს რეკომენდაციებისა და წესების შესაბამისად. ვცდილობთ, მკაცრად დავიცვათ ამ სფეროში მოქმედი რეგულაციები და პროცედურები, ღიად ვუპირისპირდებით აკრძალული და ყოვლად უღირსი მეთოდებით სპორტში წარმატების მიღწევის მსურველებს და მათ წამქეზებლებს, რომლებსაც, როგორც ჩანს, ბოლომდე გააზრებული არა აქვთ ამგვარი ქმედების საბოლოო კატასტროფული შედეგები.

სპორტი პატიოსანი ბრძოლის ასპარეზია და ამიტომაც ჰყავს მილიონობით მიმდევარი და გულშემატკივარი და როცა რომელიმე სპორტსმენი დანაშაულებრივ გზაზე დგება, ამით დარტყმის ქვეშ აყენებს არა მხოლოდ პირად სპორტულ კარიერას, ჯანმრთელობას და რეპუტაციას, არამედ - ლახავს მთელი ჩვენი სპორტის იმიჯს და ღირსებას, სახელს უტეხს იმ ადამიანებს, რომლებიც უანგაროდ და პატიოსნად ემსახურებიან საყვარელ საქმეს.

ჩვენ ვგმობთ დოპინგის გამოყენებაში მხილებულთა ყოვლად მიუღებელ საქციელს, კატეგორიულად ვემიჯნებით იმ ადამიანებს და ორგანიზაციებს, რომლებიც, ნებსით თუ უნებლიეთ, ახალისებენ ან ხელს აფარებენ ამგვარი ქმედებების ჩამდენთ.

აუცილებელია, რომ დეტალურად იქნას გამოძიებული ამ სკანდალური საქმის ყველა გარემოება და გამოვლინდნენ ის პირები, რომლებიც სხვადასხვა ფორმით უშუალოდ იყვნენ ჩართულნი დანაშაულებრივ პროცესში. ველოდებით ასევე, რომ მათ მიმართ გამოყენებული იქნება უმკაცრესი სანქციები.

დოპინგის გამოყენების ფაქტების მზარდი და უაღრესად საგანგაშო სტატისტიკის გათვალისწინებით, მოსალოდნელი უფრო მძიმე შედეგების თავიდან ასაცილებლად, რათა არ დავდგეთ რეალური სისტემური ხასიათის პრობლემების წინაშე, რაც, შესაძლოა, კატასტროფული შედეგის მომტანი გამოდგეს ჩვენი სპორტისთვის (კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს არა მარტო ცალკეული სპორტსმენების, არამედ ნაკრები გუნდების მონაწილეობა დიდ საერთაშორისო შეჯიბრებებში), საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი გამოდის ინიციატივით, ახლო მომავალში მოწვეულ იქნას წარმომადგენლობითი ანტიდოპინგური ფორუმი ხელისუფლების, სპორტული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, უცხოელი და ადგილობრივი კვალიფიციური ექსპერტების, ფართო საზოგადოებრიობის მონაწილეობით.

ასევე ვაცხადებთ, რომ სეოკ-ის აღმასკომმა მიიღო გადაწყვეტილება, ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, ზაფხულის 31-ე ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ერთი თვით ადრე დოპინგტესტზე შეამოწმოს თითოეული ოლიმპიელი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სახელით გამოვა რიო დე ჟანეიროში, ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული