ზურაბ კახაბრიშვილი: ცხელ გულზე არ მინდა, სხვა შეფასებები გავაკეთო, ამის დრო დადგება

AutoSharing Option
[თენგიზ გაჩეჩილაძე რიოდან]

საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი, პროფესორი ზურაბ კახაბრიშვილი მხოლოდ თავისი საქმის მაღალკვალიფიციური სპეციალისტი როდია. როგორც ყოფილი სპორტსმენი, მრავალმხრივი და მრავალწლიანი პრაქტიკული და თეორიული სპორტული გამოცდილებითაც გვერდში უდგას ათლეტებს და მათ მწვრთნელებს, კოლეგებს - თავისთავად. ბატონ ზურაბს რიოშიც ზღვა სამუშაო აქვს, რაღა თქმა უნდა, ჩვეულ განცდებშია. "ლელოსთვის" ინტერვიუზე სიამოვნებით დაგვთანხმდა.

- ზურაბ კახაბრიშვილი: დიდება უფალს, დიდება საქართველოს გაბრწყინებისთვის [VIDEO]

ცხადია, უპირველესად, ჩვენი ოლიმპიელების ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე ვკითხეთ, რაზეც გვიპასუხა:

- დელეგაციაში საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. არის პატარ-პატარა ტრავმები, მაგრამ
თავს ვართმევთ, გვაქვს ჩამოტანილი სარეაბილიტაციო აპარატურა. ერთადერთი, შედარებით სერიოზულად, ლუბა გოლოვინა იყო ტრავმირებული. ინტენსიურად ვმკურნალობდით. რაც მთავარია, ლუბამ თავდაუზოგავად იასპარეზა შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოსავლენად.

- ვალერი ლიპარტელიანს თითზე რა დაემართა? შეხვეული ჰქონდა...
- ეს ფინალში მოხდა, დაიზიანა. მიუხედავად ამისა, მანაც ყველაფერი გააკეთა, ტკივილს არ მორიდებია. მძლეოსან ბენიკ აბრამიანს კი მხარი აწუხებს. რაც შეგვიძლია, ვცდილობთ, ტრავმებმა არ აზარალოს სპორტსმენები.

- ამბობენ, რომ დაუნდობელი დოპინგკონტროლია. ოლიმპიურ სოფელში შემოწმებაზე წასაყვანად მძინარე სპორტსმენებსაც კი აღვიძებენო...
- სიმკაცრე ნამდვილად არის, მაგრამ წესებსაც იცავენ.

- რა წესებზეა ლაპარაკი?
- 23 საათიდან დილის 6 საათამდე არავის აქვს სპორტსმენის გაღვიძების უფლება. ჩვენი თავისუფალი სტილის მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ზუსტად დილის 6 საათზე გაიყვანეს საკონტროლო შემოწმებაზე. შეამოწმეს ძიუდოისტები: ლიპარტელიანი, ჭრიკიშვილი, შავდათუაშვილი, პეტრიაშვილის თანაგუნდელები, ხინჩეგაშვილი და ამინაშვილი - ორჯერ, ბერძნულ-რომაულიდან დათუნაშვილი, სხვებიც, სპორტის სხვა სახეობებიდან. თითქმის არ დაგვიტოვეს შეუმოწმებელი სპორტსმენი.

- ამხელა გამოცდილება გაქვთ, გიმუშავიათ ნაკრების არაერთ მთავარ მწვრთნელთან, როგორ ფიქრობთ, რამეში პროგრესს ხომ არ ჩამოვრჩით?
- მე შემიძლია ვაღიარო, ძალიან იზრდება მედიცინის როლი, ინერგება ახალი ტექნოლოგიები. დიდი ხანია, ვითხოვდი სპეციალური სამედიცინო სპორტული ცენტრის შექმნას, რაც უდავოდ დიდ სარგებლობას მოიტანს. ახლა საკითხი გადაწყვეტილია - პრემიერმა ხელი მოაწერა შესაბამის განკარგულებას.

- ნაკრებთან და ინდივიდუალურად თითოეულ სპორტსმენთან ფსიქოლოგის მუშაობის გარეშე თანამედროვე სპორტში წარმოუდგენელია წარმატება. რა ვითარებაა ჩვენთან?
- ოლიმპიადისთვის მზადების პროცესში ჩართული იყო ორი ფსიქოლოგი - ვახტანგ უკლება და ვახტანგ დავითაშვილი. მათ კარგად იმუშავეს. სამწუხაროდ, კვოტის არარსებობის გამო ისინი ვერ წამოვიდნენ რიოში.

- საინტერესოა თქვენეული შეფასება დღემდე ჩვენი სპორტსმენების გამოსვლებზე...
- ძიუდოსი ყველას დიდი იმედი გვქონდა. რაც მე მინახავს, ასეთი ძლიერი ნაკრები საქართველოს არასდროს ჰყოლია. გული მწყდება. მეგონა, რომ გვექნებოდა ოქროს მედალი, მაგრამ ჭრიკიშვილის, პაპინაშვილის, მარგველაშვილის ხელმოცარულობამ იმედი გადაგვიწურა.

თუ დავრჩი სპორტში, შევეცდები, ჩემი მხრიდან მიდგომები რადიკალურად შევცვალო. მეც გავიზარდე და ვხედავ, ბევრი რამაა გამოსასწორებელი. სპორტის ყველა სახეობას ვაკვირდები და მივდივარ დასკვნამდე, რომ მარტო ვიტამინი აღარაა საკმარისი მაღალი სპორტული შედეგის მისაღწევად.

ვხედავთ, სპორტსმენი ღირსეულად იბრძვის, მაგრამ დგება რაღაც მომენტი, როცა ვითარება იცვლება რადიკალურად. გასააანალიზებელია ყველაფერი. ჩვენმა მწვრთნელებმა იციან, რასაც ვითხოვ. იციან იმ ხუთი აუცილებელი კომპონენტის შესახებ, რაც კომპლექსურად სრულყოფილად უნდა დაინერგოს მზადების პროცესში, აწი მაინც.

- ოლიმპიადა ჯერ კიდევ წინაა, იმედიანად ხართ?
- რა თქმა უნდა, ყურები არ ჩამომიყრია, არც მე და არც არავის. სპორტია, ან შენ მოიგებ, ან მეტოქე. მთავარია, წარმატების რწმენით ბოლომდე იბრძოლო. ცხელ გულზე არ მინდა, სხვა შეფასებები გავაკეთო, ამის დრო დადგება. თუ გამოიკვეთება, მეც მზად ვარ ავიღო ჩემი წილი პასუხისმგებლობა. ჩვენი თავისუფალი სტილის მოჭიდავეების და ძალოსნების დიდი იმედი მაქვს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული