რომან რურუა: საუბედუროდ, ასეთი ჭიდაობით ჩვენ სასარგებლოდ შეხვედრა არ დამთავრდება

AutoSharing Option
რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის (-75) წარუმატებელ გამოსვლაზე კომენტარი ოლიმპიურმა და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა რომან რურუამ გააკეთა.

- რიო 2016: ზურაბ დათუნაშვილი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა

- საუბედუროდ, ასეთი ჭიდაობით ჩვენ სასარგებლოდ შეხვედრა არ დამთავრდება. ჩვენ არა ვართ გამოკვეთილები. ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ ძლიერები ვიყავით და დაგვჩაგრეს. თანაბარ ჭიდაობაში ყოველთვის წავაგებთ, არასოდეს არ უნდა ვიყოთ მსაჯის იმედად. პრივილეგიებს არასოდეს მოგვცემენ, რადგან არ არიან ჩვენ მიმართ ასეთი სიმპათიით განწყობილნი. ეს უნდა დაიმსახურო შენი მოქმედებით
წლების განმავლობაში.

სამწუხაროდ, ჩვენი ბიჭები ვერ ახერხებენ, რომ მსაჯებსაც მოაწონონ თავი. ეს ეტაპი გამოვლილი მაქვს და მე ვჭიდაობდი მაყურებლისთვის, რაც მსაჯების სიმპათიასაც იწვევდა. ბოლოს არბიტრები თვალითაც მანიშნებდნენ, ნუ გეშინია, არავინ დაგჩაგრავსო.

სამწუხაროდ, ჩვენები ჯერ ამდენს ვერ იმსახურებენ და ნუ გვექნება იმედი, რომ თანაბარ ბრძოლაში შეხვედრა ჩვენ სასარგებლოდ დასრულდება.

დათუნაშვილს ყაზახთან ჰქონდა შანსი ჩოქბჯენში, მაგრამ ვერ აქაჩა, ვერ დაატრიალა. იმან რაღაც გააკეთა ამაზე უკეთ, ანუ წააგო შეხვედრა, მსაჯს ვერ მივედავებით. არბიტრს შეეძლო, ცოტა ადრე მიეცა გაფრთხილება, თუმცა როცა ჩაუყენა ჩოქბჯენში, მაშინაც ვერ გააკეთა ქულა.

დათუნაშვილს დგომშიც ჰქონდა შანსი, მაგრამ უპირატესობა ვერ მოიპოვა. ასეთი ჭიდაობით ჩემპიონები ვერ გავხდებით".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული