ბაქო 2015. მშვილდოსნობა. ტყვიის სროლა: ლაშა ფხაკაძის დასანანი მარცხი

AutoSharing Option
ფოტოზე: ლაშა ფხაკაძე
გუშინ, 22 ივნისს, ორი შეხვედრა ჩაატარა მშვილდოსანმა ლაშა ფხაკაძემ და საბოლოოდ ძალიან დასანანად წააგო.

პირველ პაექრობაში ჩვენებურმა პოლონელი მარეკ ჟაფრანი 6:2 დაამარცხა, თუმცა შეხვედრა არც მთლად ისეთი იოლი ყოფილა, როგორც ანგარიშიდან ჩანს. საწყისი ორი სეტი ფრედ დასრულდა - 27:27; 23:23...

ხედავთ, მეორეში რამდენად დაბალი შედეგებია და ფხაკაძე ამ სერიაში მარცხს რომ გადაურჩა, მთლიანად მეტოქეს უნდა უმადლოდეს - მესამე ისარი ქართველმა 7-იანში მოარტყა და ძალიანაც განიცადა. თუმცა სულ ტყუილად ინერვიულა - 7-იანს ვერც პოლონელი გასცდა, რამაც ქულა გადაგვირჩინა.

მოგვიანებით ლაშამ მითხრა, რომ მეტოქე სათანადოდ არ შეაფასა და როცა წინააღმდეგობას წააწყდა, ანერვიულდა, რამაც შედეგად ის შვიდიანი მოიტანა. 18 წლის ჟაფრანი 3 წლით უმცროსია მასზე და გარეგნულადაც იმდენად პატარაა, ბახრამოვზე მართლაც დიდ ბიჭებში გარეულ პატარას ჰგავდა. თან, ჩვენებურმა მას ერთხელ უკვე მოუგო ადრე და, ეტყობა, ამიტომ ელოდა იოლ გამარჯვებას. საბედნიეროდ, ფხაკაძემ შემართება მალევე მოიკრიბა და მომდევნო ორ სეტში გამარჯვებით საბოლოო წარმატებაც დაიბევა...

მერვედფინალში მისი მეტოქე ბელორუსი ანტონ პრილეპოვი აღმოჩნდა, ვინც შესარჩევში მეშვიდე იყო, პლეი ოფში კი ნახევარფინალში გავიდა და საბოლოოდ ბრინჯაო მოიპოვა. მისი სიძლიერე ყველაზე უკეთ სწორედ იქ გამოჩნდა, როცა გადამწყვეტ, მეხუთე სეტში პოლონელ სლავომირ ნაპლოზცეკთან სამივე ისარი 10-იანში გაარტყა! ზოგადად, მას იქ მშვენიერი სტატისტიკა ჰქონდა - 15 ისრიდან 9 ათიანში მოარტყა, დანარჩენებში კი 9-ზე დაბლა არ წამოსულა.

ფხაკაძემ პრილეპოვთან შეხვედრა მოგებით დაიწყო (28:24), თუმცა საბოლოოდ მცირე სხვაობით დამარცხდა და ისიც მას მერე, რაც ფარზე გადამოწმების შემდეგ მეტოქეს ქულა მოუმატეს, რამაც სეტი დაათმობინა. ბელორუსი მალევე დაწინაურდა (28:26; 27:26), თუმცა ფხაკაძემ შეხვედრის გადასარჩენად ერთხელაც გაიბრძოლა და მეოთხეში 28:25 მოიგო.

გადამწყვეტი მეხუთე სეტი გამოდგა, რომლის ფრედ დასრულებასაც სულ ცოტა დააკლდა: ფხაკაძის 10-იანს პრილეპოვმაც 10-იანით უპასუხა, მომდევნო ისარი კი ორივემ 9-იანში გაარტყა, მესამე ასევე წყვილად 8-იანში მოარტყეს, თუმცა მეტოქის გადამოწმებას ექვემდებარებოდა.

საბოლოოდ მსაჯებმა პრილეპოვს მართლაც მოუმატეს ქულა და სეტიც მან მოიგო, რითაც საერთო ანგარიში 6:4 გახდა მეტოქის სასარგებლოდ. ესეც ფრედ რომ დასრულებულიყო, მაშინ დამატებითი გადასროლა დაინიშნებოდა და მეტოქეები თითო ისარს ისროდნენ...

"ტოფიკ ბახრამოვზე" რატომღაც გუშინ, ბოლო დღეს გაამკაცრეს წესები და ქვევით, გასახდელებში ან არენის გასასვლელში დილით აღარ შემიშვეს... არც ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ მიშვებდნენ, მაგრამ დილანდელისგან განსხვავებით, ამჯერად მოვინდომე და გამიშვეს - როგორც წინა წერილებში ვწერდი, აქ ქართველობა მაგრად "ჭრის", მაგრამ დაცვის სამსახურის ნდობით ბოროტად არც მე მისარგებლია და შეპირებულ 5 წუთს არ გადავაცილე.

გასახდელში მხოლოდ ფხაკაძე დამხვდა, რომელიც ისვენებდა და სასტუმროში წასასვლელად ემზადებოდა. თუმცა არა მხოლოდ სასტუმროში - არც დამალა, რომ სახლი მოენატრა. წაგების ძირითად მიზეზად მან ქარი დაასახელა. ბაქოში ამ თამაშების დღეებში მშვენიერი ამინდებია, არ უწვიმია და ამ ბოლოს უკვე მაგრადაც ცხელა, თუმცა ერთთავად გვარიანი ქარია.

ბუნებრივია, ქარი სასროლეთზე მეტოქისთვისაც ქრის, მაგრამ მაინც არის გარკვეული ნიუანსები, რაც შედეგზე ახდენს გავლენას. მაგალითად, როცა სროლისთვის განკუთვნილი დრო ჩაგერთვება, შეიძლება მაშინ გაძლიერდეს და ცაიტნოტის შიშით ნაადრევად გაისროლო, მეტოქის ჯერზე კი შეიკლოს, ანუ მას უკეთესი პირობა შეექმნება.

თვითონვე თქვა, პირველი 10-იანი რომ გავარტყი, მაშინაც ძლიერად შემაქანა, მაგრამ გამიმართლაო...

თქვა ისიც, რომ ცოტა კიდეც ნერვიულობდა, განსაკუთრებით - პოლონელთან შეხვედრიდან გამომდინარე, და თავიდან პრილეპოვთან მშვილდის დამორჩილებაც გაუჭირდა. გასაგებია, რომ ეს ყველაფერი ახალგაზრდობის და გამოუცდელობის ბრალია - ჯერ არაა შეჩვეული გადამწყვეტ შეხვედრებში ასპარეზობას, უჭირს საკვანძო პაექრობებისთვის განწყობა...

ლამის ამგვარად დათმო მან ლონდონის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი, როცა დასაწყისში თავისუფლად მიდიოდა, მაგრამ როცა საგზურს მიუახლოვდა, ანერვიულდა და საშუალო დონის ბულგარელთან დამარცხდა.

ბუნებრივია, წაგება დასანანია და არც მას უხაროდა, მაგრამ ტურნირით გულდაწყვეტილიც არაა, სახლში ხელცარიელი არ მივდივარო. მასთან საუბარში კიდევ ერთხელ ვინანე, პლეი ოფი პირველივე დღეს რომ არ გაგრძელდა, მაშინ უფრო შემართებულ განწყობაზე იყავი, უფრო კარგად ისროდი-მეთქი. დამეთანხმა - იმ დღეს შერეული წყვილების ტურნირიდან კარგი განწყობა მქონდა გამოყოლილიო...

ვფიქრობ, მშვილდოსნებმა ბაქოში თავიანთი საქმე მაინც გააკეთეს. რაც მთავარია, გუნდს ეტყობა პროგრესი; ჩანს, რომ მათთან მუშაობას მოაქვს შედეგი. ახლა მთავარია, სტაბილურობას მიაღწიონ, რომ აღარ წააგონ ისეთი შეხვედრები, როგორიც ქალებმა დათმეს. თან აუცილებლად უნდა გაზარდონ მოვარჯიშეთა რაოდენობა, აამაღლონ კონკურენცია, რაც წარმატების წინაპირობაა.

ვაჟთა ტურნირს რაც შეეხება, ფინალის ბოლო სერიაში, ბოლო ცდაზე ესპანელმა მიგელ ალვარინო გარსიამ 10-იანი "დაუსვა" ჰოლანდიელ სხეფ ვან დენ ბერგს და ჩემპიონი გახდა.

დედა-შვილი
22 ივნისს, პნევმატური იარაღიდან ტყვიის სროლაში შერეულ წყვილებში ერთად ისროლეს დედა-შვილმა, ნინო სალუქვაძემ და ცოტნე მაჭავარიანმა.

ეს ახალი დისციპლინაა, რომელიც ამ თამაშებში დაუშვეს, თუმცა ჩვენი დებიუტი წარუმატებელი აღმოჩნდა - ოჯახური დუეტი 470 ქულით მე-14 ადგილზე გავიდა და ნახევარფინალში გამსვლელ ოქტეტში ვერ მოხვდა.

აქ მაჭავარიანმა დედაზე უკეთ ისროლა - 237 ქულა დააგროვა, რასაც ნინომ 233 დაუმატა...

სამწუხაროდ, სალუქვაძე ბაქოშიც ულიცენზიოდ დარჩა. არადა, მოპოვების შანსიც არაა ბევრი - წლეულს საგზურის მიღების ბოლო შანსი ისევ აზერბაიჯანში, ოღონდ გაბალაში ჩასატარებელი მსოფლიოს თასია, გაისად კი მსოფლიოს თასებს აღარ ექნებათ სალიცენზიო დატვირთვა, მხოლოდ ევროპის ჩემპიონატებზე (პნევმატურშიც და სპორტულშიც) გათამაშდება რამდენიმე ადგილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული