ეს დღე სპორტის ისტორიაში: პირველი თანამედროვე ოლიმპიური თამაშების გახსნა

AutoSharing Option
1894 წლის 23 ივნისს, პარიზში, სორბონას უნივერსიტეტის დიდ დარბაზში ოლიმპიური თამაშების აღორძინების კომისია შეიკრიბა. მისი გენერალური მდივანი გახდა ბარონი პიერ დე კუბერტენი. ამის შემდეგ გაფორმდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, რომელშიც შევიდნენ სხვადასხვა ქვეყნის ავტორიტეტული მოქალაქეები.

თავდაპირველად, პირველი ოლიმპიური თამაშების ჩატარება ოლიმპიაში იმავე სტადიონზე იგეგმებოდა, სადაც ძველ საბერძნეთში ოლიმპიადები იმართებოდა, მაგრამ ეს ძალიან დიდ სარესტავრაციო სამუშაოებს ითხოვდა და პირველი აღორძინებული ოლიმპიური სტარტები საბერძნეთის დედაქალაქ ათენში გაიმართა.

1896 წლის 6 აპრილს, ათენში რესტავრირებულ ანტიკურ სტადიონზე საბერძნეთის მეფე გეორგ I-მა პირველი ოლიმპიური თამაშები გახსნილად
გამოაცხადა. ცერემონიას 60 ათასი მაყურებელი ესწრებოდა.

ცერემონიის თარიღი შემთხვევით არ შეურჩევიათ - ამ დღეს სააღდგომო ორშაბათი იყო ქრისტიანობის ერთბაშად სამი მიმართულებით - კათოლიციზმი, მართლმადიდებლობა და პროტესტანტიზმი. ეს იყო თამაშების გახსნის პირველი ცერემონია, რომელმაც ორ ოლიმპიურ ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი - თამაშების გახსნა მასპინძელი ქვეყნის მეთაურის მიერ და ოლიმპიური ჰიმნის შესრულება.

მაგრამ არ ყოფილა თანამედროვე თამაშების ისეთი აუცილებელი ატრიბუტები, როგორებიცაა მონაწილე ქვეყნების აღლუმი, ოლიმპიური ცეცხლის დანთება და ოლიმპიური ფიცის წარმოთქმა. ეს ტრადიციები მოგვიანებით დამკვიდრდა. ასევე არ იყო ოლიმპიური სოფელი, მიწვეული სპორტსმენები თავად ზრუნავდნენ საცხოვრებელზე.

* * *
I ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა მიიღო 241-მა სპორტსმენმა. ისინი 14 ქვეყანას წარმოადგენდნენ - ავსტრალია, ავსტრია, ბულგარეთი, ბრიტანეთი, უნგრეთი (თამაშების ჩატარების მომენტში უნგრეთი ავსტრო-უნგრეთის შემადგენლობაში შედიოდა, მაგრამ ოლიმპიადაზე უნგრელები ცალკე გამოდიოდნენ), გერმანია, საბერძნეთი, დანია, იტალია, ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი, ჩილე, შვეიცარია, შვედეთი.

როგორც ანტიკურ თამაშებში, პირველ ოლიმპიადაშიც მხოლოდ მამაკაცები მონაწილეობდნენ.

* * *
პირველი თამაშების პროგრამაში შედიოდა სპორტის ცხრა სახეობა - კლასიკური ჭიდაობა, ველოსპორტი, ტანვარჯიში, მძლეოსნობა, ცურვა, ტყვიის სროლა, ჩოგბურთი, ძალოსნობა და ფარიკაობა. გათამაშდა მედლების 43 კომპლექტი.

თამაშების ანტიკური ტრადიციების მიხედვით, ოლიმპიადა მძლეოსნების გამოსვლით დაიწყო.

მძლეოსანთა ტურნირი ყველაზე მასობრივი გამოვიდა - 12 სახეობაში ცხრა ქვეყნის 63 სპორტსმენი მონაწილეობდა. ყველაზე მეტი - ცხრა სახეობა მოიგეს აშშ-ის წარმომადგენლებმა. პირველი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ამერიკელი მძლეოსანი ჯეიმს კონოლი, რომელმაც სამმაგი ხტომა მოიგო შედეგით - 13 მეტრი და 71 სანტიმეტრი. სტარტები "მარმარილოს სტადიონზე" იმართებოდა და დღევანდელი არენებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ სპორტსმენები არა წრეზე, არამედ სწორზე დარბოდნენ.

ჭიდაობაში ტურნირი ყოველგვარი ერთიანი დამტკიცებული წესების გარეშე მიმდინარეობდა, არ იყო წონითი კატეგორიები. სტილი, რომლითაც ათლეტები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ახლოს იყო დღევანდელ ბერძნულ-რომაულთან, თუმცა, ნებადართული იყო მეტოქის ფეხში ჩავლება.

თამაშდებოდა მედლების მხოლოდ ერთი კომპლექტი ხუთ სპორტსმენს შორის. ამასთან, მხოლოდ ორი იყო უშუალოდ მოჭიდავე, დანარჩენები სხვა სახეობებშიც გამოდიოდნენ (თამაშების გმირი იყო გერმანელი ათლეტი კარლ შუმანი, რომელიც გამოდიოდა ჭიდაობაში, ტანვარჯიშში, მძლეოსნობასა და ძალოსნობაში. ის სამგზის ჩემპიონი გახდა ტანვარჯიშში, აგრეთვე მოიგო მოჭიდავეების ტურნირი).

იმის გამო, რომ ათენში ხელოვნური აუზები არ იყო, ცურვაში ტურნირი ქალაქ პირეის ღია ყურეში იმართებოდა. სტარტი და ფინიში ტივტივებზე გამაგრებული ბაგირებით იყო აღნიშნული. ტურნირმა უდიდესი ინტერესი გამოიწვია - პირველ გაცურვაზე სანაპიროზე დაახლოებით 40 ათასი მაყურებელი შეიკრიბა. მონაწილეობდა ექვსი ქვეყნის 25 მოცურავე. უმეტესობა საზღვაო ოფიცრები და საბერძნეთის სავაჭრო ფლოტის მეზღვაურები იყვნენ.

მედლები ოთხ სახეობაში გათამაშდა, ყველა გაცურვა "თავისუფალი სტილით" მიმდინარეობდა - დაშვებული იყო ნებისმიერი ხერხი და მათი ცვლა დისტანციის მსვლელობისას. იმ დროს, ყველაზე პოპულარული სტილი იყო - ბრასი, "ოვერ-არმი" და "ტრეჯენ-სტილი". ორგანიზატორების მოთხოვნით, პროგრამაში ასევე შეტანილი იყო ცურვის უცნაური სახეობა - 100 მეტრი მეზღვაურის ტანსაცმელში. მასში მხოლოდ ბერძენი მეზღვაურები მონაწილეობდნენ.

1200 მეტრზე გამარჯვებული უნგრელი ალფრედ ჰაიოში მოგვიანებით იხსენებდა, რომ გაცურვის დროს მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, როგორმე ცოცხალი დარჩენილიყო: ორგანიზატორებმა მონაწილეები ნავებით ღია ზღვაში გაიყვანეს, საიდანაც ნაპირამდე უნდა მიეცურათ.

ველოსპორტში გათამაშდა მედლების ექვსი კომპლექტი - ხუთი ტრეკზე და ერთი გზატკეცილზე. ტრეკის რბოლები გაიმართა თამაშებისთვის სპეციალურად აშენებულ ველოდრომზე - "ნეო ვალტრონზე". პროგრამაში იყო ისეთი სახეობები, როგორებიცაა 12-საათიანი რბოლა და 100-კილომეტრიანი რბოლა.

სპორტულ ტანვარჯიშში რვა ჩემპიონი გამოვლინდა. ტურნირი ჩატარდა ღია არენაზე - "მარმარილოს სტადიონზე". პროგრამა იგივე იყო, რაც დღეს. ჩვენამდე არ მოაღწია მხოლოდ ბაგირებზე ცოცვამ.

ტყვიის სროლაში გათამაშდა მედლების ხუთი კომპლექტი - ორი შაშხანიდან სროლაში და სამი - პისტოლეტით სროლაში. დღეს ორი სახეობა შემორჩა - 50 მეტრიდან პისტოლეტით და 25 მეტრიდან ჩქაროსნული პისტოლეტით სროლა. ასევე პროგრამაში შედიოდა სამხედრო შაშხანით 200 და 300 მეტრიდან სროლა, აგრეთვე, სამხედრო პისტოლეტით 25 მეტრიდან სროლა.

ჩოგბურთის ტურნირი გაიმართა ათენის საჩოგბურთო კლუბის კორტებზე. ჩატარდა ორი ტურნირი - ერთეულებსა და წყვილებში. 1896 წლის თამაშებზე არ იყო მოთხოვნა, რომ წყვილები ერთი ქვეყნის ჩოგბურთელებს უნდა დაეკომპლექტებინათ, ამიტომაც ზოგიერთი დუეტი ინტერნაციონალური იყო.

ტურნირი ძალოსნობაში წონითი კატეგორიების დაყოფის გარეშე მიმდინარეობდა და თავის თავში ორ დისციპლინას აერთიანებდა: შტანგის აზიდვა და ცალი ხელით ჰანტელების აწევა.

ფარიკაობაში მედლების სამი კომპლექტი გათამაშდა. ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ რაპირისტები და მოხმალავეები. ის ერთადერთი სახეობა იყო, რომელშიც დაშვებულნი იყვნენ პროფესიონალები: ცალკე ჩატარდა ტურნირი "მაესტროებს" (ფარიკაობის მასწავლებლები) შორის. იგივე პრაქტიკა მოქმედებდა 1900 წელს, რის შემდეგაც "მაესტროების" ბრძოლები აღარ გვინახავს.

* * *
ოლიმპიური თამაშების კულმინაცია გახდა მარათონული გარბენი. ყველა მომდევნო ოლიმპიადისგან განსხვავებით, პირველ თამაშებზე მარათონის დისტანცია ზუსტად 40 კილომეტრს უდრიდა (მარათონული დისტანციის კლასიკური სიგრძეა - 42 კილომეტრი და 195 მეტრი). გამარჯვება მოიპოვა ბერძენმა ფოსტალიონმა სპირიდონ ლუისმა, რომლის დრო იყო - ორი საათი, 58 წუთი და 50 წამი. ამ წარმატების შემდეგ ის ეროვნული გმირი გახდა.

ოლიმპიური ჯილდოების გარდა, სპირიდონს ერგო ოქროს თასი, რომელიც ფრანგმა აკადემიკოსმა მიშელ ბრეალმა დააწესა. სწორედ მან მოითხოვა თამაშების პროგრამაში მარათონის ჩართვა. სპირიდონმა ასევე მიიღო ღვინით სავსე კასრი, წლის განმავლობაში უფასო კვების ტალონი, ტანსაცმლის უფასო კერვა და პარიკმახერის უფასო მომსახურება მთელი ცხოვრების განმავლობაში, 10 ცენტნერი შოკოლადი, 10 ძროხა და 30 ცხვარი.

სპირიდონ ლუისის სახელს ატარებს ათენის ოლიმპიური სტადიონი - 2004 წლის ოლიმპიადის მთავარი არენა.

* * *
ჩემპიონების დაჯილდოება დახურვის დღეს შედგა - 1896 წლის 15 აპრილს. პირველი ოლიმპიადიდან დამკვიდრდა გამარჯვებულის საპატივცემულოდ ეროვნული ჰიმნის შესრულება და ეროვნული დროშის აღმართვა.

ჩემპიონს ამკობდნენ დაფნის გვირგვინით, ჩუქნიდნენ ვერცხლის მედალს და ზეთისხილის რტოს, რომელიც ოლიმპიის წმინდა ხეივანში იყო მოწყვეტილი; აგრეთვე, ბერძენი მხატვრის მიერ შესრულებულ დიპლომს. მეორე ადგილის მფლობელებმა ბრინჯაოს მედლები მიიღეს.

იმ დროს მესამე ადგილს არ ითვალისწინებდნენ და მხოლოდ მოგვიანებით, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა შეიყვანა ისინი ქვეყნებს შორის მედლების ჩათვლაში, თუმცა, ყველა მედალისტი ზუსტად არ არის განსაზღვრული.

ყველაზე მეტი მედალი საბერძნეთმა მოიგო - 45 (10 ოქრო, 17 ვერცხლი, 18 ბრინჯაო). მეორეზე გავიდა აშშ - 20 მედალი (11+7+2), მესამეზე გერმანია - 13 (6+5+2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული