Game over - ლენს არმსტრონგს ოფიციალურად ჩამოართვეს ყველა ტიტული

AutoSharing Option
"ლენს არმსტრონგისთვის არ არის ადგილი ველოსპორტში. ის დავიწყებას იმსახურებს", - განაცხადა ველომრბოლელთა საერთაშორისო კავშირის (UCI) პრეზიდენტმა პეტ მაკუეიდმა 22 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც არმსტრონგის საქმეს მიეძღვნა.

სხვა სიტყვებით, ირლანდიელმა ჩინოვნიკმა შეგვატყობინა, რომ UCI მთლიანად ეთანხმება აშშ-ის ეროვნული ანტისადოპინგო სააგენტოს (USADA) პოზიციას, რომელმაც გააუქმა 1998 წლის პირველი აგვისტოდან ამერიკელის ყველა შედეგი (მათ შორის, შვიდი მოგება ტურ დე ფრანსზე) და მას სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცა.

UCI-ს ამგვარი გადაწყვეტილება, რომელთანაც არმსტრონგს ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, შეიძლება ამერიკელის საბოლოო კაპიტულაციად მივიჩნიოთ.

თულია იმაზე ლაპარაკი, არსებობდა თუ არა სინამდვილეში პოზიტიური ტესტი შვეიცარიის ტურზე, რომლის შესახებაც ლაპარაკია USADA-ს ლეგენდარულ ანგარიშში და რომელიც დამალა ფედერაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა ჰაინ ფერბრიუგენმა.

ასევე რთულია იმაზე ლაპარაკი, რამდენად მჭიდროდ თანამშრომლობდა არმსტრონგი UCI-ს შეფებთან, მაგრამ აბსოლუტურად ცხადია ერთი რამ - რადგან ადამიანები, რომლებთანაც ლენსს ხშირად დაულევია ლუდი, ასეთ პრესკონფერენციას აწყობენ, ისინი კედელთან არიან მიყენებულნი და სხვა გამოსავალი არ გააჩნიათ.

UCI-ს ვერდიქტი მხოლოდ ერთ რამეზე ლაპარაკობს - არმსტრონგი დამნაშავეა, თანაც ყველა მუხლში. მის გარშემო მართლაც იყო შექმნილი დოპინგ-ქსელი, რომელიც სინამდვილეში ყველაზე მასშტაბური და პროფესიული გახლდათ სპორტის ისტორიაში.

USADA-ს 200-გვერდიანი მამხილებელი დოკუმენტი არანაირ ეჭვს არ ტოვებს იმაზე, რომ ტექსასელი მართლაც დამნაშავეა, მაგრამ ეს ახლა, ოფიციალურადაც არის დადასტურებული. UCI, ალბათ, გადაწყვეტს - უნდა დააბრუნოს თუ არა არმსტრონგმა საპრიზო თანხები, მიიღებენ თუ არა სხვა ველომრბოლელები ლენსისთვის ჩამორთმეულ ტიტულებს, მაგრამ ამას აღარ აქვს დიდი მნიშვნელობა.

ლენს არმსტრონგი იმ ადამიანებს შორისაა, რომლებმაც შექმნეს ველოსპორტის დიადი ისტორია. თავის დროზე ერთ-ერთ უნიჭიერეს მრბოლელს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, მაგრამ მან შეძლო ამ სენის დამარცხება, რის შემდეგაც ზედიზედ შვიდჯერ მოიგო ტურ დე ფრანსი. ბევრი ადამიანისთვის ამერიკელი გახდა მიბაძვის საგანი, მისი ფონდი Livestrong კი ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზაციაა კიბოსთან ბრძოლაში.

ალბათ, ეს არის ძალიან ლამაზი ისტორია იმისთვის, რომ ის სიმართლე იყოს. ცხოვრებაში ასეთი რამ არ ხდება, მსგავსი ამბების უკან რაღაც ყოველთვის იმალება. არმსტრონგის საქმე არ ყოფილა გამონაკლისი. მან უბრალოდ გამოაჩინა ის, რაც სინამდვილეში ხდებოდა ველოსაჯინიბო U.S. Postal Service-ის შიგნით. დაგვანახა, თუ რას აკეთებდა სინამდვილეში დიადი ველომრბოლელი და მისი ლეგენდარული მენეჯერი იოჰან ბრიუნელი.

სიმართლე ითქვას, ველოსპორტში კარგად ჩახედული ადამიანებიდან ცოტა ვინმეს თუ ეპარებოდა ეჭვი, რომ U.S. Postal Service-ში კარგად ორგანიზებული დოპინგ-სისტემა მუშაობდა, რომელსაც პროფესიულად ხელმძღვანელობდა არმსტრონგისა და ბრიუნელის დუეტი. ეს ყველამ კარგად იცოდა და თუ არ იცოდა, მინიმუმ ხვდებოდა ამას; მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ასეთ მასშტაბებთან ჰქონდათ საქმე. ვერავინ გაიფიქრებდა, რამდენად გლობალური და პროფესიული იყო მაფიოზური სტრუქტურა, რომელიც არმსტრონგის გარშემო იყო აშენებული.

არაფერი გასაკვირი არ არის იმაში, რომ USADA-ს ანგარიშის წინააღმდეგ ვერაფერი თქვა UCI-მ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რამდენად მძიმე ბრალდებები წაუყენეს ფერბრიუგენსა და კომპანიას. არმსტრონგს, ფერბრიუგენსა და მაკუეიდს ერთად ბევრი ლუდი აქვთ დალეული, მაგრამ ასეთი ანგარიშის წინააღმდეგ ვერც ფერბრიუგენი და ვერც მისი მემკვიდრე მაკუეიდი წავიდოდნენ.

მაგრამ არის სხვა ხასიათის საკითხი. UCI-ს შეუძლია, რამდენსაც მოისურვებს, გადაწეროს შედეგები და ცვალოს გვარები ოქმებში, მაგრამ ისტორია დაწერილია - დაწერილია ლენს არმსტრონგის მიერ. არ არსებობს არც ერთი გადაწყვეტილება, რომელიც გააქრობს ყველაფერ იმას, რაც შვიდ ტურ დე ფრანსზე ვიხილეთ. და პეტ მაკუეიდი არ უნდა ლაპარაკობდეს იმაზე, რომ არმსტრონგმა დავიწყება დაიმსახურა, რადგან ტექსასელის გარშემო მანიპულაციებში ის და ფერბრიუგენიც იყვნენ ჩართულები. მათ მინიმუმ, შესანიშნავად იცოდნენ, რაც ხდებოდა და არაფერს აკეთებდნენ.

ახლა ლენს არმსტრონგს მოქმედების რამდენიმე ვარიანტი აქვს. ერთი მხრივ, მას შეუძლია ჩაუშვას UCI, თუ მოყვება თავის ურთიერთობებზე ფერბრიუგენთან და მაკუეიდთან. აგრეთვე, ახსენოს საიდუმლო ფულადი გადარიცხვა, რომელიც დროში საოცრად ემთხვევა შვეიცარიის ტურზე სავარაუდო პოზიტიურ ტესტს. თუმცა მოვლენათა ამგვარი განვითარება ნაკლებად სავარაუდოა.

UCI-ს ხელმძღვანელობა დიდი ხანი იცავდა ამერიკელს და ახლა მაკუეიდს უბრალოდ სხვა არჩევანი არ ჰქონდა. სავარაუდოდ, ლენსი არ უნდა იყოს გაბრაზებული UCI-ზე. თუმცა ვინ იცის?!

მეორე მხრივ, არმსტრონგს შეუძლია, უბრალოდ, აღიაროს და არაფერი თქვას კორუფციულ სქემებზე. ლენსს უკვე დიდი ხანია უნდა მოეყოლა სიმართლე, რადგან დუმილი კიდევ უფრო აზარალებს მის იმიჯს. მას ნებისმიერ დროს შეუძლია აღიარება, მაგრამ შეიძლება ლენსს უკვე ვეღარ გაუგონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული