100 ათასად გაყიდული რბოლა

AutoSharing Option
რუსული ველოსპორტის ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრ კოლობნევი სერიოზულ სკანდალში გაეხვა - ის კოლეგისგან ქრთამის აღებაშია ეჭვმიტანილი.

როგორც ამბობენ, რუსმა 2005 წელს გარკვეული საფასურის სანაცვლოდ შეგნებულად წააგო პრესტიჟული რბოლა – "ლიეჟი-ბასტონი". შვეიცარიულმა ჟურნალმა L'Illustre-მა დაწერა, რომ კოლობნევმა 100 ათასი ევრო მიიღო ყაზახი ალექსანდრ ვინოკუროვისგან, სანაცვლოდ კი დაპირდა მას, რომ არ შეებრძოლებოდა საფინიშო სპორტის დროს.

L'Illustre-ს წყაროდ მოჰყავს სპორტსმენების მიმოწერა ელექტრონულ ფოსტაზე. კერძოდ, რბოლის დასრულების შემდეგ კოლობნევმა შვეიცარიის ბანკში საკუთარი ანგარიშის რეკვიზიტები გაუგზავნა ვინოკუროვს.

ყაზახმა იმავე გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში უარყო რბოლის "ჩაწყობის" ბრალდება
– მისი თქმით, კოლობნევს ასი ათასი ევრო ვალში მისცა. ვინოკუროვმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს მისი პირადი საქმეა და დაამატა - ამ გზით სხვებს ხშირად ვეხმარებიო. მანვე ისიც თქვა, რომ ეს ისტორია ვიღაცის მიერ მისი სახელის გასატეხად არის შეთხზული.

კოლობნევი 2008 წლის ოლიმპიური თამაშების პრიზიორია. 2011 წლის ზაფხულში, ტურ დე ფრანსის მსვლელობისას მის ორგანიზმში აღმოაჩინეს აკრძალული პრეპარატი - ჰიდროქლოროტიაზიდი. რუსმა განაცხადა, რომ წარმოდგენა არ აქვს საიდან მოხვდა ეს ნივთიერება მის ორგანიზმში.

რუსეთის ფედერაციამ კოლობნევს მხოლოდ ფულადი ჯარიმა და გაფრთხილება აკმარა, თუმცა ამ დღეებში ველომრბოლთა საერთაშორისო კავშირმა აპელაცია შეიტანა სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში და კოლობნევისთვის უფრო მკაცრი სასჯელი მოითხოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული