ესპანური ტრიუმფი

AutoSharing Option
მადრიდში დასრულდა სეზონის მესამე გრანდ-ტური - "ვუელტა", რომლის ტრიუმფატორი გახდა ესპანელი ხუან ხოსე კობო, ხოლო ბოლო სპრინტერული ეტაპი სლოვაკმა პეტერ საგანმა მიგო. 21 წლის ველომრბოლმა შესანიშნავი სპრინტით დაამარცხა აღიარებული ოსტატები - ალესანდრო პეტაკი, დანიელე ბენატი და ჯონ დეგენკოლბი. არადა, ეს საგანის დებიუტი ასეთი დონის ველომარათონში.

მაგრამ მთავარი ყურადღება ვუელტას გამარჯვებულ კობოზე იყო გადატანილი. მისი უახლოესი მდევარი კრისტოფერ ფრუმი იმუქრებოდა, რომ მადრიდამდე იბრძოლებდა და ბონუსური ქულებით გაუსწრებდა კონკურენტს, მაგრამ ცხადი იყო, ესპანელი ლიდერის წითელ მაისურს აღარ დათმობდა.

რამდენიმე თვის წინ ხუან
ხოსე კობოს კარიერაში კრიტიკული მომენტი იდგა. მას პრაქტიკულად არაფერი გამოსდიოდა და დიდი სპორტიდან წასვლაზე ფიქრობდა. მოკლედ დეპრესიული სიტუაცია იყო და უცებ, ასეთი ტრიუმფი! ისე კი ესპანელ გულშემატკივრებს ყოველთვის სჯეროდათ კობოსი, მაგრამ მისი ნამდვილი გამარჯვებისთვის ლოდინი კარგა ხანი მოუწიათ.

კიდევ უფრო დიდი სენსაცია იყო ფრუმის მეორე ადგილი. არავინ ელოდა, რომ კენიაში დაბადებული ველომრბოლი ასე მოუმატებდა და ბოლო ეტაპამდე გენერალურ კლასიფიკაციაში გამარჯვების კანდიდატი იქნებოდა. საერთო ჩათვლაში მესამე ადგილზე აღმოჩნდა ბრედლი უიგინსი, რომელიც ყველაზე მეტად უნდა შევაქოთ, რადგან მან ტურ დე ფრანსზე ლავიწის ძვალი გაიტეხა და ამის მიუხედავად, იმ კონდიციამდე მივიდა, რომ ერთი პირობა "ვუელტას" ლიდერიც იყო და გამარჯვების რეალური შანსი ჰქონდა.

მთის კლასიფიკაცია ზედიზედ მეოთხედ მოიგო ფრანგმა დავიდ მონკუტიემ, რომელმაც სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ესპანური ველომარათონის ისტორიაში.

ამით სუპერმარათონების სეზონი დასრულებულია, მაგრამ ველომროლებს წინ აქვთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტარტი - ერთ კვირაში დანიაში სტარტს აიღებს მსოფლიოს ჩემპიონატი.

საერთო ჩათვლა

1. ხუან ხოსე კობო (ესპანეთი, Geox) - 84:59.31; 2. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტანეთი - Team Sky) - +0.13; 3. ბრედლი უიგინსი (ბრიტანეთი - Team Sky) - +1.39; 4. ბოკ მოლემა (ჰოლანდია, Rabobank) - +2.03; 5. დენის მენშოვი (რუსეთი, Geox) - +3.48; 6. მაქსიმ მონფორი (ბელგია - Leopard-Trek) - +4.13; 7. ვინჩენცო ნიბალი (იტალია, Liquigas) - +4.31; 8. იურგენ ვან დენ ბრეკი (ბელგია, Omega Pharma-Lotto) - +4.45; 9. დანიელ მორენო (ესპანეთი, "კატიუშა") - +5.20; 10. მიკელ ნიევე (ესპანეთი, Euskaltel-Euskad) - +5.33...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული