მსროლელები ევროპაში მიდიან

AutoSharing Option
გუშინ საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები გერმანიაში გაფრინდა, სადაც მიუნხენის ახლოს, ქალაქ უნტერვოსენში 10-დღიან შეკრებას გაივლის, თვის ბოლოს კი იქიდან იტალიურ ბრეშიაში გადავა და 1-6 მარტს პნევმატური პისტოლეტით სროლაში ევროპის ჩემპიონატში იასპარეზებს.

ჩვენი გუნდი 6 მსროლელით წარსდგება. ქალთა შორის კვლავაც ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ნინო სალუქვაძე ისვრის, ვაჟებში - ლევან ქადაგიძე. ახალგაზრდების ჩემპიონატში ბიჭებში მსოფლიოს ჩემპიონ თამაზ იმნაიშვილის ვაჟი თენგიზ იმნაიშვილი იასპარეზებს, გოგოებში კი სრული გუნდი გვეყოლება - ნინო ფანჩულიძე, თეონა იაშვილი და ანა გაგილაძე. ცუდია, რომ ქალთა ნაკრები დაიშალა
(არადა, მათ ამავე პირველობაზე გუნდურში ვერცხლის მედლებიც კი მოუპოვებიათ - 2005 წელს, ორჯერ კი ბრინჯაომდე თითო ქულა დააკლდათ), მაგრამ მისასალმებელია გოგონათა სრული ნაკრების გამოჩენა.

ევროპის პირველობა ბრეშიაში 1 მარტს იწყება, თუმცა ჩვენები ჩემპიონატში 3 მარტიდან ჩაებმებიან - ამ დღეს იმნაიშვილი ისვრის. 4-ში ცეცხლის ხაზზე გაგილაძე, იაშვილი და ფანჩულიძე დადგებიან, 5-ში ქადაგიძის ჯერია, ჩვენი უმთავრესი იმედი - ნინო სალუქვაძე კი 6 მაისს ისვრის.

ეს ტურნირი ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიებს არ იძლევა. ამ მხრივ ჩვენთვის საყურადღებო ზაფხულში, 31 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით სპორტული პისტოლეტიდან სროლაში ბელგრადში გასამართი ევროპის პირველობა იქნება - იქ საგზურებიც გაიცემა. სამწუხაროდ, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, სალუქვაძის გარდა, ჩვენში ამ დისციპლინაში თითქმის არც ვარჯიშობს არავინ.






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული