ქვათაძე კვიპროსში გამოვიდა

AutoSharing Option
ქართველმა მესტენდურმა დავით ქვათაძემ ამ დღეებში ნიქოზიაში "კვიპროსის დიდ პრიზზე" იასპარეზა და 98 მონაწილეს შორის 37-ე ადგილზე გავიდა. ჩვენებურმა უფრო უკეთ პირველ ორ სერიაში ისროლა, მომდევნო სამში კი ოდნავ გააუარესა მაჩვენებელი – თავიდან 24-24, მერე კი - 23, 22 და ისევ 23 ქულა. საბოლოოდ, ჯამში 116 ქულა დააგროვა. ფიზიკურად ვერ გაუძლო ტურნირის დატვირთვას თუ ბოლოსკენ დაღმასვლა რას უნდა მივაწეროთ, ვერ გეტყვით, მაგრამ საინტერესოა ერთი გარემოება – 116 ქულა კიდევ 4-მა მსროლელმა აჩვენა, ცხრილში კი ყველამ გაუსწრო ქვათაძეს, რადგან ბოლო სერიაში
ჩვენებურზე უკეთესი შედეგი ჰქონდათ. 1-2 ქულის მომატებაც კი ქვათაძეს ოცეულში შეიყვანდა, ხოლო 122 ქულა სულაც ფინალის საგზური აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ფინალური ექვსეულიდან ხუთს სწორედ ასეთი მაჩვენებელი ჰქონდა.

ფინალში საუკეთესო შედეგით 124-ქულიანი რუსი ვალერი შომინი შევიდა. მასპინძელთა გასახარად, ფინალური სერია მათი მსროლელების უპირატესობით წარიმართა – გეორგ აჩლეოსმა და ანტონის ანდრეოუმ 2-2 ქულით აჯობეს შომინს – 25-25 დააგროვეს და რუსი ბრინჯაოს დააჯერეს, თავად კი ოქროს მედლისთვის დამატებითი სერია დასჭირდათ. მათ აქაც თანაბარი მაჩვენებელი ჰქონდათ, მაგრამ ძირითადი სერიაში ბოლო ცდაზე აჩლეოსს 1 ქულით მეტი ჰქონდა და ოქროც მას ერგო.

კვიპროში ქვათაძესთან ერთად მხოლოდ მწვრთნელი თამაზ იმნაიშვილი იმყოფებოდა. სამწუხაროდ, ამჯერად, სხვა ქართველი მსროლელების გაგზავნა ვერ მოხერხდა. არადა, მათ წინა ტურნირიც ჩაეშალათ – `ეგვიპტის დიდი პრიზი~ - იქ გამწვავებული პოლიტიკური კრიზისის გამო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული