ლეგენდების მემკვიდრე - ცოტნე მაჭავარიანს დედის რეკორდები არ აშინებს

AutoSharing Option
ფოტოზე: ცოტნე მაჭავარიანი და ნინო სალუქვაძე
ცოტნე მაჭავარიანმა ივნისში ევროპულ თამაშებზე ტყვიის სროლაში 576 ქულა დააგროვა, რითაც საქართველოს რეკორდი დაამყარა ახალგაზრდებში, თუმცა ამას არ დასჯერდა და ნოემბერში თბილისში შოთა ქველიაშვილის თასზე მაჩვენებელი 578 ქულამდე გაზარდა. ამ შედეგით ის უფროსებსაც ძალიან დაუახლოვდა.

თუმცა წლევანდელი სეზონი მისთვის კიდევ ერთი წარმატებით აღმოჩნდა განსაკუთრებული - ვლადიმერ მაიოროვთან და აკაკი მოსულიშვილთან ერთად ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გუნდურში პნევმატურ იარაღზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რაც უდიდესი სენსაცია იყო. როგორი საქმეა - ქვეყანაში ერთი ხეირიანი სასროლეთი არაა, ჩვენები კი
ამხელა წარმატებას აღწევენ.

მაჭავარიანი ცნობილი სპორტული ოჯახის შვილია: დედა - ტყვიის სროლაში მართლაც რომ ლეგენდარული ნინო სალუქვაძე, ბაბუა - ამავე სახეობაში საკავშირო ნაკრების მწვრთნელი და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპეციალისტი ვახტანგ სალუქვაძე, მამა - მორაგბე გოჩა მაჭავარიანი. ალბათ, შეუძლებელი იყო, ასეთი ოჯახის შვილი სპორტისგან განზე დარჩენილიყო.

ის მართლაც ლეგენდების მემკვიდრეა, თავიდან კი ხათრი არც ერთ მშობელს არ გაუტეხა - რაგბისაც თამაშობდა და სროლაშიც ვარჯიშობდა, თუმცა საკუთარი ადგილი იარაღთან იპოვა. მასთან ინტერვიუ ქვეყნის რეკორდებზე საუბრით დავიწყეთ.

- ქველიაშვილის თასის გათამაშება ორმაგად წარმატებული გამოდგა თქვენთვის - გაიმარჯვეთ და რეკორდიც გააუმჯობესეთ...
- იქ ორი სტარტი მქონდა, რადგან ახალგაზრდებშიც გამოვედი და უფროსებშიც. საერთოდ, შეჯიბრების მოახლოება ძალიან მიხარია, რადგან ის ბევრს გასწავლის, ვარჯიშის შედეგს გაჩვენებს. ცხადია, ორმა სტარტმა უფრო მეტი მომცა. პირველ დღესაც კარგად ვისროლე, მაგრამ მეორე დღეს რეკორდი დავამყარე, რამაც ძალიან გამახარა. უფროსებში რომ გამოვსულიყავი, იქაც რეკორდი იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჯერ მარტო ახალგაზრდულია, თუმცა მე მაინც მგონია, რომ ეს არ იქნება ბოლო რეკორდი. როცა რეკორდს ამყარებ, გიხარია, რადგან ხედავ, რომ იზრდები და შენს ვარჯიშებს ტყუილად არ ჩაუვლია.

- ალბათ, გაისად უკვე აქტიურად ჩაერთვებით უფროსებში, თუ ჯერ არ გეგმავთ ამას?
- კი, უკვე იგეგმება უფროსებში გამოსვლა. მგონი, რომ მზად ვარ ამისთვის. ბუნებრივია, ჯერ ძლიერ მსროლელებს ტექნიკით ჩამოვუვარდები, ფსიქოლოგიურად კი არ ვასხვავებ შეჯიბრებებს - ყოველთვის ვცდილობ, ბოლომდე დავიხარჯო, შედეგი კი საკმარისი იქნება თუ არა ლიდერების და გამოცდილების დასამარცხებლად, ვნახოთ.

აგერ, იანვარში მიუნხენის საერთაშორისო ტურნირში გამოვალ, ორ ასაკში. მერე გვექნება შეკრება უნგრეთში და მოვემზადებით ევროპის ჩემპიონატისთვის, სადაც რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის საგზურებიც გაიცემა. იქ უფროსებში გამოვალ, რადგან ახალგაზრდებში ლიცენზიები არ თამაშდება. ევროპირველობაზე ორ ასაკში გამოსვლის უფლებას არ დაგრთავენ - ან ერთგან უნდა ისროლო, ან - მეორეგან, თუმცა მე მაინც მირჩევნია, ვცადო, თუნდაც არ გამომივიდეს, ვიდრე არ ვცადო და მერე გული დამწყდეს, ლიცენზიისთვის რატომ არ ვიბრძოლე-მეთქი.

- შედეგით უკვე ნელ-ნელა უახლოვდებით უფროსთა მიჯნას, რაც, ალბათ, ოპტიმიზმის საფუძველს გაძლევთ.
- ეს შედეგი ახალგაზრდებში დიდია, მაგრამ უფროსებში გამარჯვებასთან მისაახლოებლად არაა საკმარისი, თუმცა ნელ-ნელა იზრდება და ვნახოთ.

Sportall.Ge- რაგბის საბოლოოდ დაანებეთ თავი?
- არა, ვაგრძელებ, ოღონდ სამოყვარულო დონეზე, მხოლოდ ჩემთვის. ჯანმრთელობა სჭირდება ადამიანს. თან განტვირთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

- სროლაზე როგორ მოხვდებოდით, გასაგებია, მაგრამ რაგბიდან აქეთ გადმოსვლას ოჯახში როგორ შეხვდნენ, განსაკუთრებით - მამა?
- მამა არ გამოხატავს, მაგრამ იგრძნობა გულისწყვეტა, რაგბიში რომ არ ვარ. თუმცა აქაც მქომაგობს, აინტერესებს ჩემი შედეგები.

- სროლაში ბავშვობიდან ხართ ჩართული, მთელი ცხოვრება ამას უყურებთ, მაგრამ საინტერესოა, როგორ აღიქვამდით ამ ყველაფერს ბავშვობაში?
- ბავშვობაში ყველაფერს იარაღს ვუკავშირებდი. ბავშვები ხომ თამაშობენ მანქანით, სხვა რამეებით, მე იმ მანქანიდანაც ვისროდი, ყველაფერს სროლას ვუკავშირებდი. პატარაობიდანვე ძალიან მიყვარდა ეს სახეობა და ერთი სული მქონდა, ვარჯიშს როდის დავიწყებდი. მაგრამ 12 წლამდე ეს არ შეიძლებოდა და სახლში ჩუმად ვვარჯიშობდი.

12 წლისამ დავიწყე ვარჯიში, მაგრამ ერთი პერიოდი მომბეზრდასავით. მაშინ რაგბის ვთამაშობდი კარგად, თუმცა ტრავმები მივიღე და ისევ დავუბრუნდი. ერთხელ ქუთაისში წავედით შეჯიბრებაზე, თუმცა მე უკვე თავის დანებებას და ისევ რაგბიში დაბრუნებას ვაპირებდი, ის ტურნირი ბოლო შეჯიბრებად მიმაჩნდა სროლაში. თუმცა იქ პირადი რეკორდი დავამყარე და მეორე ადგილზე გავედი, ოღონდ ჩემპიონთან თანაბარი ქულებით. ამის შემდეგ წამიყვანეს მსოფლიოს თასზე ესპანეთში, სადაც ძალიან ცუდად ვიასპარეზე, თუმცა იქვე გადავწყვიტე, რომ ასე ცუდად არასოდეს აღარ უნდა მესროლა.

მანდვე დავინახე გამარჯვებულის თვალებში ის დიდი სიხარული, რაც ძალიან შემშურდა და მანდვე გადავწყვიტე, რომ უნდა გამეგრძელებინა სროლაში ვარჯიში.

- დედა და ბაბუა რამდენად ერევიან სავარჯიშო პროცესში, რომელი უფრო აქტიურად მონაწილეობს თქვენს წვრთნაში?
- ისინი მაძლევენ დავალებებს და მიმითითებენ, როგორ უნდა გავაკეთო, თვითონ კი არც მაკონტროლებენ. მენდობიან, რადგან იციან, დავალებას ბოლომდე შევასრულებ, არ ვიზარმაცებ. ძალიან კარგია ისიც, რომ დედაჩემთან არ მერიდება მისვლა და ჩემს შეცდომებზე საუბარი. შეიძლება, სხვა მწვრთნელთან მომრიდებოდა ამ ყველაფერზე ლაპარაკი, რადგან ზოგჯერ მეც კი მრცხვენია ხოლმე, იმდენად არაპროფესიონალური შეცდომები მომდის, მაგრამ დედა ყველაფერს მისწორებს და მასწავლის.

- რომელია უფრო მკაცრი, უფრო მომთხოვნი - დედა თუ ბაბუა?
- დიდად ვერ ვასხვავებ, რადგან მკაცრად არც ერთი არ მთხოვს. მე უფრო ვითხოვ ხოლმე და ისინი მეხმარებიან. თუმცა იქნებ ბაბუა ცოტა უფრო მკაცრია, რადგან არასოდეს არ აკმაყოფილებს ჩემი მიღწეული და ყოველთვის სულ უფრო მეტს ითხოვს, დედა კი პირიქით, ცუდადაც რომ ვისროლო, მაინც მეუბნება, არა უშავს, კარგად მუშაობდიო. ის არასოდეს ამახვილებს ყურადღებას შედეგზე, უფრო მუშაობაზე, ტექნიკაზე ამახვილებს ყურადღებას.

ბაბუა აქტიურადაა ჩართული ჩემს ვარჯიშში და ფსიქოლოგიურად ბევრი რამე მასწავლა - ფიქრების, აზრების კონტროლი; მასწავლა, როგორ უნდა განვეწყო ტურნირისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რამდენიმე თვით ადრეც კი იქმნი განწყობას კონკრეტული შეჯიბრებისთვის. სადაც უნდა იყო - ქუჩაში, ჭამისას თუ ნებისმიერ ვითარებაში, ყოველთვის ფიქრობ შეჯიბრებაზე, ემზადები, სრულ მზადყოფნაში ხარ და იცი, რა უნდა გააკეთო. ისე არ ხდება, ტურნირზე მიხვიდე, დადგე და საათსა და 15 წუთში გადაწყდეს შენი გამარჯვება. წარმატებისკენ ყოველ წამს, ყოველ წუთს მიჰყავხარ.

- რამდენად ძნელია, ასეთი დედის, ბაბუის სპორტული ტრადიციების გამგრძელებელი იყო?
- რატომღაც ამას ყურადღებას არ ვაქცევ. კი, არიან ადამიანები, რომლებიც მეუბნებიან, ნინო დიდი სპორტსმენია, მაგრამ შენ უკეთესი უნდა იყოო, მაგრამ ეს ხელს არ მიშლის, რადგან ამას ისედაც ვაპირებ და ეს დაუჯერებლად არ მიმაჩნია. ძალიან ძნელი იქნება ამის გაკეთება, რადგან ამდენი მედალი მსოფლიოში იშვიათად თუ ექნება ვინმეს. მესმის, რთულია, მაგრამ მაინც შევეჭიდები, ვცდი.

- დედის სპორტსმენობა და ასეთი დიდი შედეგები ბავშვობიდანვე აღიქვით თუ - მოგვიანებით?
- სამწუხაროდ, ძალიან გვიან აღვიქვი, დაახლოებით 14-15 წლის ასაკში, როცა დავესწარი მის შეჯიბრებებს და დავინახე რამდენად რთული იყო ეს ყველაფერი. თუმცა იქვე ისიც დავინახე, რომ ეს ყველაფერი მიღწევადი იყო, აღარ მეჩვენებოდა მიუღწეველი, მხოლოდ ერთეულების ხვედრი. მივხვდი, რომ ეს მიღწევები ძალიან დიდი შრომის შედეგი იყო და გადავწყვიტე, ამ შრომისთვის მეც მოვმზადებულიყავი. ბავშვობაში დედას ხშირად დავყავდი უცხოეთში შეჯიბრებებზე, მაგრამ მაშინ პროფესიულ საქმიანობად ვერ აღვიქვამდი ამას, უფრო ვერთობოდი ამით, ხოლო როცა შეჯიბრებებში ჩავები, მაშინ უკვე ცხადად დავინახე, რამხელა სხვაობა იყო ჩვენ შორის.

- სავარჯიშო პირობები ზოგადად რომ არ გაქვთ, ვიცით, რადგან ქვეყანაში არაა თანამედროვე სასროლეთი, ვაჟებს კი არ გაქვთ 50-მეტრიანი ტირი, მაგრამ პირადად თქვენ რამდენად ხართ უზრუნველყოფილი ინვენტარით, ტყვიებით?
- პირობები მართლაც ცუდია, არაფერი არ გვაქვს, მაგრამ წუწუნითაც რა გამოვა. უნდა შევეგუოთ იმას, რაც გაგვაჩნია. ამ პირობებით ძალიან რთული იქნება წარმატების მოპოვება, მაგრამ უნდა დაიჯერო, რომ ამ ვითარებაშიც შეიძლება ყველაფრის მიღწევა.

ზოგადად, სპორტსმენები წელიწადში 9 თვე ტურნირებსა და შეკრებებზე არიან, ჩვენ კი 9 თვე სახლში ვართ, წელიწადში თვე თუ მოგვიწევს შეკრებებსა და შეჯიბრებებზე ყოფნა და ესეც სასწაულია, რომელიც ოლიმპიადის წინა წელს ხდება ხოლმე. ამის მიუხედავად, უნდა შევეგუოთ იმას, რომ პნევმატურში მხოლოდ ხუთი ფარია, ზოგიერთ ტირში კი ამდენიც არაა, თუმცა ესეც უნდა მივიღოთ საკმარისად. სპორტულში მართლაც საერთოდ არ გაქვს 50-მეტრიანი სასროლეთი და როცა 25-მეტრიანზე ვარჯიშობ, შეჯიბრებაზე კი 50 მეტრზე დგები, ხვდები, რამხელა განსხვავებაა. თან მხოლოდ დახურულ ტირში ვემზადებით, ღია სასროლეთზე ვარჯიში მხოლოდ შეჯიბრებებზე მიწევს.

ცხოვრებაში სულ 100 ვარჯიში თუ მექნება ადამიანურად ჩატარებული, როცა სხვები ასეულობით ვარჯიშს ატარებენ. ამის მიუხედავად, წლეულს ევროპის ჩემპიონატზე ფინალში მაინც შევედი და მეხუთე ადგილზე გავედი. სამწუხაროდ, ბოლო სერიაში ძალიან ცუდად ვისროლე, რადგან გამოუცდელიც ვიყავი, პირველად გამოვდიოდი ფინალში და ვნერვიულობდი. თან იარაღიც არ მქონდა მორგებული, ჩემს ხელზე არ იყო მისადაგებული. იმ იარაღით ის შედეგიც დიდი მიღწევა იყო.
ბაზისგან განსხვავებით, პისტოლეტის პრობლემა არ გვაქვს. პირიქით - მაღალი დონის იარაღია. ტყვიებიც გვაქვს, თუმცა მაინც ვუფრთხილდებით.

სხვათა შორის, სპორტულში რითაც ვისვრი, ის პისტოლეტი ჩემზე სამჯერ უფროსია, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ისროდნენ იმით. ამ იარაღის დადებითი თვისება ისიცაა, რომ ხანგრძლივად შეიძლება მისი გამოყენება, ყოველწლიურად ცვლა არ გჭირდება.

- ევროპის ჩემპიონატი ახსენეთ და შეუძლებელია, წლეულს ამავე ტურნირზე პნევმატურში მოპოვებული წარმატება არ გავიხსენოთ, როცა ბიჭების ნაკრები ახალგაზრდებში გუნდურში ევროპის მესამე პრიზიორი გახდა. ალბათ, ამას არავინ ელოდა...
- ეს ჩვენთვისაც ძალიან მოულოდნელი იყო, არც ჩვენ ველოდით. მაშინ ბევრჯერ მოვუბოდიშე ჩემს გუნდს, რადგან ყველაზე ცუდად მე ვისროლე. არადა, ყველაზე მეტს ჩემგან ელოდნენ.

სროლაც პირველმა მე დავამთავრე და ვუყურებდი თანაგუნდელთა შედეგებს. თან გუნდურსაც ვადევნებდით თვალს, სადაც თავიდან მეორეზე ვიყავით, მერე მესამეზე გადავედით, ამის შემდეგაც რამდენჯერმე ისევ შეიცვალა განლაგება, მაგრამ სამეულში ვიყავით. ამის მიუხედავად, მაინც არ მჯეროდა პრიზიორებში მოხვედრა - ვფიქრობდი, ალბათ, ისევ ჩამოვვარდებით ქვევით-მეთქი. ძალიან გამიკვირდა საპრიზო ადგილზე გასვლა და ძალიანაც გამიხარდა.

იმ წუთებში ვერც გავაანალიზეთ მოპოვებული წარმატება. მედლები რომ გადმოგვცეს და დავხედეთ, მერე უფრო გავიაზრეთ, რომ პრიზიორები გავხდით. ეს დაუჯერებელი იყო, მთელ საქართველოში არავის სჯეროდა, რომ ჩვენ ეს შეგვეძლო. არადა, ჩემპიონობამდეც კი ძალიან ცოტა დაგვაკლდა. თუმცა ამით ვირწმუნეთ, რომ შეგვიძლია შედეგების მოპოვება.

სხვათა შორის, ეს სხვებმაც ირწმუნეს და სტიმული მათაც მივეცით, სხვა ახალგაზრდებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული