მსროლელები სეზონს ხსნიან

AutoSharing Option
დღეს მიუნხენში პნევმატური იარაღიდან სროლაში ტრადიციული დიდი საერთაშორისო ტურნირი იწყება. ამ შეჯიბრებით ტყვიის მსროლელები წლევანდელ სეზონსაც ხსნიან. შეჯიბრება მეტად ხელსაყრელ ვადებში იმართება - იგი კონტინენტური პირველობებისთვის მზადებას ისახავს მიზნად და ერთნაირად მნიშვნელოვანია ყველა კონტინენტის სპორტსმენისთვის.

კონტინენტების რეგიონალური პირველობები, როგორც წესი, ძირითადად გაზაფხულზე იმართება ხოლმე, პირველად - სწორედ პნევმატურში (სპორტულიდან ბევრად გვიან - ზაფხულის დასაწყისში) ტარდება. ამიტომ მიუნხენში გამოსვლა ყველას საშუალებას აძლევს, დროულად გამოავლინონ ხარვეზები და ადრიანად დაიჭირონ თადარიგი მომავალი სტარტებისთვის. ამას მშვენიერი სპორტული ბაზაც ემატება და სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებს,
რომ გერმანიაში ყოველწლიურად უძლიერესი შემადგენლობა იკრიბება. სავარაუდოდ, ასე იქნება ახლაც. ევროპის ჩემპიონატი პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში 1-7 მარტს იტალიურ ბრეშიაში გაიმართება.

გერმანიაში ჩვენგანაც საკმაოდ დიდი ნაკრები წავიდა - 7 სპორტსმენი. უფროსთა შეჯიბრებაში მხოლოდ ორი მონაწილე გვეყოლება - ქალებში ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ნინო სალუქვაძე ისვრის, ვაჟებში - ლევან ქადაგიძე. დანარჩენი ხუთი მონაწილე ახალგაზრდებში გამოვა - ბიჭებში დავით სულაქველიძე და რომან ბაბაევი ისვრიან, გოგოებში - ნინო ფანჩულიძე, თეონა იაშვილი და ანა გაგილაძე.

როგორც გითხარით, შეჯიბრება მხოლოდ პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ტარდება. სამაგიეროდ, ორი სტარტი იქნება, მონაწილეებმა მეტი სატურნირო პრაქტიკა რომ მიიღონ. დღეს ოფიციალური ვარჯიშის დღეა, მედლებისთვის ბრძოლა კი ხვალ დაიწყება და 29 იანვარს დასრულდება. ჩვენი გუნდის მთავარი იმედი - ნინო სალუქვაძე პირველად სწორედ ხვალ ისვრის, მეორედ კი ცეცხლის ხაზზე 29-ში დადგება. თუმცა ამჯერად მის გარდა, ახალგაზრდების გამოსვლაც გვაინტერესებს. სალუქვაძისგან განსხვავებით, მათგან მედლებს არ ველოდებით, მაგრამ შედეგები კი ნამდვილად საინტერესოა - აჩვენებენ თუ ვერა საკუთარ მაჩვენებლებს. თუმცა ფანჩულიძემ აქ შარშან სიურპრიზიც შემოგვთავაზა, როცა 374 ქულა გააკეთა - ამ მაჩვენებლის ფარგლებში ჩვენი ნაკრების წევრები ისროდნენ.

რაკი შარშანდელის გახსენებაზე მიდგა საქმე, ბარემ ისიც ვთქვათ - შემოდგომაზე სალუქვაძემ სწორედ მიუნხენში გაიმარჯვა მსოფლიოს სუპერთასის ფინალურ ტურნირში და სანუკვარ ჯილდოს მეცხრედ დაეუფლა. ამით კიდევ უფრო გაზარდა რეკორდული მაჩვენებელი - ოლიმპიურ ჩემპიონებს, სერბ იასნა სეკარიჩსა და ჩინელ ტაო ლუნას ეს თასი მხოლოდ 6-6-ჯერ მოუპოვებიათ.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"






.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული