ქართველი ტყვიის მსროლელები მსოფლიოს თასზე წარუმატებლად გამოვიდნენ

AutoSharing Option
სამწუხაროდ, ქართველი ტყვიის მსროლელები წარუმატებლად გამოვიდნენ კორეულ ჩანგვონში მიმდინარე მსოფლიოს თასზე, რომელიც ამ რანგის პირველი შეჯიბრებაა მიმდინარე სეზონში.

ქალთაგან იქ მხოლოდ ევროპის სამგზის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე გამოდიოდა, რომელიც ფინალში ვერც სპორტული პისტოლეტიდან სროლაში მოხვდა და ვერც - პნევმატურიდან.

კორეაში მან პირველად სპორტული იარაღიდან ისროლა და საკმაოდ დაბალი შედეგით - 577 ქულით დაასრულა გამოსვლა, რითაც 21-23-ე ადგილებს იყოფდა რუს სვეტლანა მედვედევასთან და იაპონელ აკიკო სატოსთან ერთად. თუმცა ჩვენებურს დამატებითი მაჩვენებლები უკეთესი აღმოაჩნდა და საბოლოოდ 21-ე ადგილზე დამკვიდრდა, მაგრამ
ფინალისტთა ოქტეტს გვარიანად ჩამორჩა.

მან თავიდანვე საკმაოდ ცუდად დაიწყო გამოსვლა და პირველ სამ სერიაში არასახარბიელო შედეგები ჰქონდა - ზედიზედ 95-95 ქულა, რასაც ბოლოს 94 მიაყოლა. ჩქარ სროლებში ვითარება საგრძნობლად გამოასწორა - ორჯერ ზედიზედ დააგროვა 98 ქულა, როცა თითო სერიაში 8-8-ჯერ გაარტყა ათიანში, ბოლო სერია კი 97-ით დაამთავრა.

ამ დისციპლინაში საკვალიფიკაციო ეტაპი ახალბედა ჩინელმა, 18 წლის ლიჯია ჩაომ მოიგო 589 ქულით, ვინც პირველად გამოვიდა უფროსებში. მას ერთი ქულით ჩამორჩა სამხრეთკორეელი იუნგეუნ ლეე, რომელმაც, თავის მხრივ, ერთი ქულით გაუსწრო ბულგარელთა ევროპის წლევანდელ ვიცე-ჩემპიონ ანტოანეტა ბონევას.

585 ქულით მეოთხე ადგილზე გერმანელი ევროპის შარშანდელი ჩემპიონი სტეფანიე ტურმანი გავიდა, 584 დააგროვა მალაიზიელმა ალია საზანა აზაჰარიმ, ამათ კი კვალში 582-იანთა კვარტეტი ედგა: შვეიცარიელთა ევროპის ორგზის ჩემპიონი ჰაიდი დიჩელმი-გერბერი, მონღოლი ოლიმპიური ვერცხლისა და მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი გუნდეგმაა ოტრიადი, ჩინელი იუმეი ლინი და ფრანგთა ევროპის პრიზიორი სტეფანიე ტიროდე. ამათგან უარესი დამატებითი მაჩვენებლების გამო ნახევარფინალს მიღმა ფრანგი დარჩა.

ნახევარფინალში ყველაზე უკეთ ოტრიადიმ ისროლა და 18 ქულით დაასრულა იმ ეტაპზე ასპარეზობა. ფინალის საგზური, მასთან ერთად, აქამდე უტიტულო ჩინელმა ლინიმ მოიპოვა 17 ქულით, ბონევამ და აზაჰარიმ კი 16-16-ით დაასრულეს გამოსვლა - მათ ბრინჯაოსთვის ბრძოლის უფლება გაინაღდეს.

ფინალში ოტრიადიმ პირველი სამი სერია მოუგო ლინის და ვადამდე გაინაღდა ჩემპიონობა - 6:0 დაწინაურდა. დარჩენილებში ერთი ფრედ დასრულდა, ერთი კი ჩინელმა მოიგო, თუმცა საბოლოო გამარჯვება მონღოლს დარჩა - 7:3. გაცილებით დაძაბული გამოდგა ბრინჯაოსთვის სროლა, სადაც ბონევამ 7:5 იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ის სამი სერიის შემდეგ 2:4 აგებდა, მაგრამ მოიგო მომდევნო ორი, ბოლო კი ფრედ დასრულდა და ბრინჯაოსაც დაეუფლა.

ფინალისტებიდან რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზია ოტრიადის უკვე ჰქონდა მოპოვებული. ამიტომ საგზური ბონევას გადაეცა.

პნევმატური პისტოლეტიდან სროლა სალუქვაძემ 379 ქულით დაასრულა, რაც მისთვის ასევე მოკრძალებული მაჩვენებელია. ამდენივე ქულა დააგროვეს მალაიზიელმა ვაჰიდა ისმაილიმ, მიანმარელმა (ბირმა) მაი პოე ვარიმ და ზემოხსენებულმა ფრანგმა ტიროდემ. ეს კვარტეტი 29-32-ე ადგილებს იყოფდა, საბოლოოდ კი ჩვენებურს 31-ე პოზიცია ერგო.

სალუქვაძე აქაც გვარიანად ჩამორჩა ფინალისტებს. შესარჩევი ეტაპი 388 ქულით რუსმა პეკინის ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანმა ნატალია პადერინამ და ტაივანელმა უი ტზუ ტუ უიმ მოიგეს, ჩინელმა მენგხუე ჭანიმ 387 დააგროვა, რუსმა ლუბოვ იასკევიჩმა - 386, 385 ქულა კი ერთბაშად 6-მა მსროლელმა დააგროვა - ახალგაზრდებში ბერძენმა მსოფლიოს ჩემპიონმა ანა კორაკაკიმ, ტაილანდელმა პიმ ონ კლაისუბანუმ, კანადელმა ლინდა კიჯკომ, კორეელმა იუნ ჰი კვაკმა, ტაივანელმა აი ვენ იუმ და ინდოელმა ჰეენა სიდხუმ. ამათგან ფინალისტთა ოქტეტისთვის ზედმეტნი მეორე ტაივანელი - აი ვენ იუ და ინდოელი აღმოჩნდნენ.

ფინალურ ეტაპს ყველაზე ადრე ყველაზე ტიტულოვანი მონაწილე - პადერინა გამოაკლდა, თუმცა საბოლოო გამარჯვება მაინც რუსებს დარჩათ - შეჯიბრება იასკევიჩმა მოიგო 198.3-ით. ვერცხლი ჭანს ერგო 197.7-ით, ბრინჯაოს კი, მასპინძელთა გასახარად, 175.0-იანი კვაკი დაეუფლა.

ვაჟთა ტურნირში ორი მონაწილე გვყავდა - ლევან ქადაგიძე და ნინო სალუქვაძის შვილი ცოტნე მაჭავარიანი, რომლებმაც საკუთარ შესაძლებლობებზე ბევრად უარესად ისროლეს. სპორტული იარაღიდან გამოსვლა ქადაგიძემ 546 ქულით დაასრულა, რაც 70 მონაწილეს შორის 45-ე ადგილი იყო, მაჭავარიანმა - 528-ით და ბოლოსწინა ადგილზე გავიდა.

პნევმატურში ჩვენებმა როლები გაცვალეს. მაჭავარიანმა, ვინც მარტში ევროპის პირველობაზე ახალგაზრდებში, გუნდურ პირველობაზე ამავე დისტანციაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ახლა ბევრად უკეთ ისროლა - 570 ქულა დააგროვა და მხოლოდ 3-ით ჩამორჩა თავის პირად რეკორდს. ჩანგვონში ის 59-ე ადგილზე გავიდა, ქადაგიძემ კი 560 ქულა დააგროვა და 85-ე ადგილი ერგო.

სპორტული პისტოლეტიდან სროლაში აქაც ახალგაზრდა ჩინელმა გაიბრწყინა - 19 წლის ბოვენ ჭანმა, ვინც ფინალში მერვე შედეგით შევიდა, იქ კი ყველაზე უკეთ ისროლა, ყველა ეტაპი გადალახა და 192.4 ქულით ჩემპიონი გახდა. მასპინძელი დაეუნ პარკი 191.1-ით ვერცხლს დასჯერდა, ბრინჯაოს კი 171.8-ით ვიეტნამელი ხუან ვინ ჰოანი დაეუფლა.

ამ დისციპლინის მსგავსად, პნევმატურიდან სროლაშიც კვარცხლბეკი მთლიანად აზიელებმა შეავსეს, თუმცა განსაკუთრებული წარმატება კორეელებს ხვდათ წილად - მათმა სამგზის ოლიმპიურმა და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ჯონგო ჯინმა 206.0 ქულით დაასრულა გამოსვლა, რითაც ახალი მსოფლიოს რეკორდიც დაამყარა და, ცხადია, არც ოქროს მედალი დაუთმო ვინმეს.

201.0-ით ვერცხლი მიანმარელმა იე ტუნ ნაუნგმა დაისაკუთრა, ხოლო ბრინჯაო ინდოელ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონსა და აზიური თამაშების გამარჯვებულ ჯიტუ რაის დარჩა - 181.1 ქულა.

მაისში ჩვენს მსროლელებს მსოფლიოს თასის კიდევ ორი ეტაპი ელოდებათ - 11-19-ში ამერიკულ ფორტ ბენინგში და 26 მაისიდან 2 ივნისამდე მიუნხენში. სავარაუდოდ, ჩვენები ორივე შეჯიბრებაში გამოვლენ, რადგან ლიცენზია კვლავაც მოსაპოვებელია, თუმცა დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

საქმე ისაა, რომ ფორტ ბენინგი ტერიტორიულადაც ძალიან შორსაა და იქ წასვლა ხომ ძვირი ჯდება, გერმანული შეჯიბრებაც ლამის ზედვეა მიბმული და ფორსირებულ რეჟიმშიც მოუწევთ გამოსვლა.

იმედია, გერმანიაში უფროსებთან ერთად ახალგაზრდებსაც გააგზავნიან, რაც მათთვის დიდი სკოლა იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული