ნინო სალუქვაძეს ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასვლამდე ერთი ქულა დააკლდა

AutoSharing Option
ნინო სალუქვაძეს ერთი ქულა დააკლდა ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასვლამდე - 380 ქულა დააგროვა და მე-12 ადგილზე გავიდა. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი ჰოლანდიურ არნემში გამოდიოდა კონტინენტის პირველობაზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში, სადაც უფროსები უმედლოდ დარჩნენ, მაგრამ ახალგაზრდებში ბიჭებმა ისტორიული წარმატება მოიპოვეს - მესამე ადგილზე გავიდნენ.

ნინო სალუქვაძე ამ ტურნირს მომზადებული რომ ვერ შეხვდა, უკვე ვწერდით - ერევანში, შეკრებაზე ყოფნისას ვირუსი შეეყარა და იავადმყოფა, მხოლოდ ოთხი დღე დასცალდა ვარჯიში. ეს დაეტყო მის გამოსვლას არნემში - ცალკეული სერიების მიხედვით, ყველაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ბოლოს
აჩვენა, როცა 96 ქულა დააგროვა.

ის მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩა ფინალში მერვე ადგილით შესულ უნგრელ მსოფლიოს პრიზიორ რენატა ტობაი სიკეს. სხვათა შორის, მან დამატებითი მაჩვენებლებით ფინალს მიღმა დატოვა ბულგარელთა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი მარია გროზდევა.

შესარჩევი ეტაპი არნემში მაინც ბულგარელმა მოიგო - ანტოანეტა ბონევა მშვენივრად გაისარჯა და 388 ქულა დააგროვა. მას ორი ქულით ჩამორჩა უკრაინელთა მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ოლენა კოსტევიჩი, რუსი ლუბოვ იასკევიჩი კი 385-ით მესამე იყო. მას 384-ქულიანები მოსდევდნენ - სერბი მსოფლიოს ჩემპიონი ზორანა არუნოვიჩი დ გერმანელთა მონღოლი მსოფლიოს ორგზის გამარჯვებული და ორგზის ოლიმპიური პრიზიორი მუნკბაიარ დორჯსურენი. 383 ქულაც ორმა ჩუბინმა დააგროვა, ფრანგმა და სერბმა ევროპის ჩემპიონებმა, სელინ გობერვემ და ბობანა ველიკოვიჩმა. როგორც გითხარით, საუკეთესო ოქტეტი უნგრელმა "ჩაკეტა".

ფინალში, სადაც საკვალიფიკაციოს შედეგები ნულდება და ყველაფერი თავიდან იწყება, ვითარება რადიკალურად შეიცვალა - საჩემპიონო მარათონს ყველაზე კარგად გამოცდილი კოსტევიჩი გაუმკლავდა, 202.9 ქულით გაიმარჯვა და პირველად გახდა ევროპის ჩემპიონი. ვერცხლი 202.3-ით ბონევამ მოიპოვა, რომლისთვისაც ეს პირველი კონტინენტური ჯილდოა. მესამეზე ზემოხსენებული უნგრელი ტობაი სიკე გავიდა 177.2 ქულით.

გუნდურ ჩათვლაში რუსებმა გაიმარჯვეს (ვიტალინა ბაცარაშკინა, ეკატერინე კორშუნოვა, იასკევიჩი), ვერცხლი ფრანგებმა ირგუნეს (გობერვე, სტეფანიე ტიროდე, სირიელე ჟულიანო), ბრინჯაო - პოლონელთა სამეულმა, რაც ცოტა მოულოდნელია: კლაუდია ბრეში, იოანა ტომალა, ბეატა ბარტკოვა-კვიატკოვსკა.

ვაჟთა შორის ლევან ქადაგიძემ 566 ქულით დაასრულა გამოსვლა, რაც 37-ე შედეგი აღმოჩნდა. აქ ჩემპიონი 23 წლის გერმანელი ფილიპ ჰრიმი გახდა 199.8 ქულით, ვისთვისაც ეს პირველი ტიტულია კარიერაში. მეორეზე სერბი დამირ მიკეცი გავიდა 194.9-ით (ეს მისთვისაც პირველი ევროპული მედალია), ბრინჯაო კი რუსმა ევროპის ვიცე-ჩემპიონმა ანტონ გურიანოვმა მოიპოვა 175.4 ქულით.

აღსანიშნავია, რომ შესარჩევი ეტაპის შემდეგ არც ერთი მათგანი არ შედიოდა სამეულში. გუნდურ ჩათვლაში გერმანულმა სამეულმა (გრიმი, მანუელ ჰაილგემაიერი, ფლორიან შმიდტი) გაიმარჯვა. მეორეზე რუსები გავიდნენ (გურიანოვი, ვლადიმირ ისაკოვი, ვლადიმირ გონჩაროვი), მესამეზე - სერბები (მიკეცი, დიმიტრი გრგიჩი, ანდრია ზლატიჩი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული