თბილისმა ახალგაზრდები დაასაქმა

AutoSharing Option
გუშინ ნინო სალუქვაძის სახელობის ტირში დამთავრდა დედაქალაქის პირველობა ახალგაზრდებში პნევმატური პისტოლეტით სროლაში. სამწუხაროდ, ამ ასაკის სპორტსმენები შეჯიბრებებს მოკლებულნი არიან და ფედერაციამაც ეს პირველობა მათთვის სატურნირო პრაქტიკის მისაცემად ჩაატარა. შეჯიბრებაში მხოლოდ თბილისელი მოზარდები მონაწილეობდნენ, თუმცა ტურნირმა დანიშნულება მეტ-ნაკლებად მაინც შეასრულა - ახალგაზრდებს სტარტიც მისცა და ახალი კადრებიც წარმოაჩინა. მაგალითად, სალუქვაძის კლუბის წევრი მარიამ კოღუაშვილი პირველად გამოდიოდა ოფიციალურ შეჯიბრებაში და ბრინჯაოც მოიპოვა. გოგონებში ჩემპიონი თეონა იაშვილი გახდა, ვერცხლი კი ანა გაგილაძემ ირგუნა.

ვაჟებში ყველაზე უკეთ ჯუმბერ ოქრუაშვილმა ისროლა, მეორეზე გიორგი ბერიშვილი გავიდა,
მესამეზე - გიორგი წაწალაშვილი.
ამასობაში ფერხდება ეროვნული ნაკრების წევრების - თავად ნინო სალუქვაძის, ლევან ქადაგიძის და მწვრთნელ ვახტანგ სალუქვაძის მოსკოვში, საწვრთნელ შეკრებაზე წასვლა. ჩვენები ივლის-აგვისტოს მიჯნაზე მიუნხენში გასამართი მსოფლიოს პირველობისთვის ემზადებიან, იმ შეკრებაზე კი რუსული ფედერაციის ხელმძღვანელობა იწვევდა. მათი სურვილი ჩვენებისასაც დაემთხვა, ფულიც დროულად გამოიძებნა, მაგრამ საქართველო-რუსეთს შორის არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარების გამო ვიზების გაცემა ფერხდება. რუსული ფედერაცია ძალიანაა დაინტერესებული ამ პრობლემის მოგვარებით, მაგრამ საქმეს ის აჭიანურებს, რომ გადაწყვეტილება სულ სხვა ინსტანციამ უნდა მიიღოს. თავდაპირველი გეგმით, ჩვენები იქ დღეს უნდა წასულიყვნენ, ახლა კი ზეგისთვის გამგზავრებას იმედოვნებენ.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული