ნინო სალუქვაძემ სეზონი დაიწყო

AutoSharing Option
ევროპის სამგზის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე უკვე შეუდგა ახალი სეზონისთვის მზადებას - ის და ლევან ქადაგიძე ამ დღეებში იტალიაში, ქალაქ პიზაში გაემგზავრნენ შეკრებაზე, სადაც იარაღის მწარმოებელმა ფირმა "პარდინიმ" მიიწვია.

წლეულს ჩვენები ამ ფირმის სპორტულ პისტოლეტს იყენებენ და ეს სეზონი როგორც ახალ იარაღთან, ასევე ახალ წესებთან ადაპტაციისა იყო.

ჩვენები შეკრებაზეც ამ ფირმამ მიიწვია და ეს ვარჯიში, ძირითადად, ტექნიკური დეტალების მოგვარებას მოემსახურება, უპირველესად კი, იარაღის მორგებას. ამასთან დაკავშირებით იტალიაში გამგზავრებამდე სალუქვაძეს გავესაუბრეთ, რომელმაც შემდეგი გვითხრა:

"მე და ქადაგიძე იტალიაში მივდივართ
შეკრებაზე, ქალაქ პიზაში, სადაც "პარდინის" ფაბრიკაში უსასყიდლოდ, ყველანაირად მეხმარებიან და ხელს მიწყობენ. მათ თავიანთი ხარჯით მიგვიწვიეს ორი სპორტსმენი. ჩვენ მხოლოდ ბილეთის ფულს ვიხდით.

იქაური ხელოსანი სერბმა მსოფლიოს ჩემპიონმა ზორანა არუნოვიჩმა და სხვებმაც მირჩიეს. ამ იარაღის სახელურს სხვანაირი დახრა აქვს, სხვა კუნთი მუშაობს, რაც ტკივილს იწვევს. ამას მიჩვევა უნდა. არუნოვიჩმა კი მითხრა, იმ ხელოსანმა ისე გამიკეთა, არანაირ პრობლემას არ მიქმნისო".


სალუქვაძე სპორტულში აქამდე გერმანული იარაღით ისროდა და თითქოს უკმაყოფილოც არ იყო, მაგრამ მისი შეცვლა მაინც გადაწყვიტა.

"ძველ გერმანულ იარაღს არ ვემდუროდი, მაგრამ ძალიან მალე უცვდება სასხლეტი. ამას ყველა საყვედურობს - ეტყობა, მეტალი არაა სათანადო ხარისხის. მე კი მიცვლიდნენ და რაკი ხშირად მიწევდა წასვლა, ეს არ იყო ჩემთვის პრობლემა, მაგრამ იარაღს მორგება, დარეგულირება უნდა და მუდამ გაწამაწიაში ვიყავი, რადგან ხელოსანი არ გვყავს", - ამბობს ის.

რაც შეეხება პნევმატურ პისტოლეტს, იქ შედარებით სტაბილური მდგომარეობაა, თუმცა განახლება მასაც სჭირდება.

"პნევმატურში ისევ ძველი ავსტრიულით ვისვრი, კმაყოფილი ვარ. გაისად მასაც უნდა გამოვუცვალო ბალონები, რადგან 10-წლიანი საგარანტიო ვადა გასდის. ფირმა კი გამომიცვლის, ეს არ მექნება პრობლემად, მაგრამ მერე იმასაც უნდა სიჩქარის დარეგულირება და სხვა ტექნიკური ნიუანსები", - ესეც ოლიმპიური ჩემპიონის სიტყვებია.

მომავალი სეზონი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება სალუქვაძისთვის და ზოგადად, მსროლელებისთვის, რადგან ტარდება მსოფლიოს ჩემპიონატი და დაიწყება რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზიების გაცემა.

მსოფლიოს პირველობას 6-20 სექტემბერს ესპანური გრანადა უმასპინძლებს. მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება იმის გათვალისწინებით, რომ ტყვიის სროლაში ის ოლიმპიადასავით ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული