ქართველი ტყვიის მსროლელები მსოფლიოს თასის დასკვნით ეტაპში ჩაებმებიან

AutoSharing Option
5 ივლისს ესპანურ გრანადაში ტყვიისა და სასტენდო სროლაში მსოფლიოს თასის დასკვნითი, რიგით მეოთხე ეტაპი იწყება, თუმცა ჩვენები მასში 6 ივლისს ჩაებმებიან.

5 ივლისს სასანგრე სტენდზე მსროლელები იასპარეზებენ, მაგრამ ამ სახეობაში მონაწილე არ გვყავს; 6 ივლისიდან კი ცეცხლის ხაზზე ტყვიის მსროლელები დადგებიან.

ჩვენგან პირველი ლევან ქადაგიძე ისვრის 50-მეტრიან დისტანციაზე, ოღონდ 6 ივლისს მხოლოდ შესარჩევი ეტაპის შეხვედრები ჩატარდება, ფინალი კი 7 ივლისს გაიმართება.

7-ში იასპარეზებს ნინო სალუქვაძეც სპორტული პისტოლეტიდან სროლაში, ხოლო 8-ში პნევმატური
დან პაექრობაში გამოვა.

ამ სახის პისტოლეტიდან 10 ივლისს ისვრიან ქადაგიძე და ნინო სალუქვაძის ვაჟი ცოტნე მაჭავარიანი, რომელსაც მსოფლიოს ახალგაზრდულ პირველობაზე მონაწილეობისთვის საჭირო კვოტა აქვს მოსაპოვებელი.

ეს უფლება გერმანულ ზულში გასამართ საერთაშორისო ტურნირში უკვე მოიპოვა ლიზი კილაძემ, რომელიც ახლა ამიტომ არ წაიყვანეს ესპანეთში. მსოფლიოს პირველობაზე კი მათ გაისად გასამართი მსოფლიოს ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების საგზურებისთვის უნდა იბრძოლონ.

10 ივლისს დადგება სტარტზე მრგვალ სტენდზე მსროლელი ნატალია პანასი, ხოლო ვაჟები ამავე დისტანციაზე 11-ში ისვრიან.

ჩვენი ქვეყნის ღირსებას მამა-შვილი დავით და გივი ქვათაძეები, მამუკა ზარაფიშვილი და პავლე ლაკია დაიცავენ. აღსანიშნავია, რომ ოთხივე მათგანი ესპანეთში საკუთარი ხარჯით წავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული