ქართველი ტყვიის მსროლელები მსოფლიოს თასის მორიგ ეტაპზე იასპარეზებენ

AutoSharing Option
საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრებმა დაასრულა მორიგი შეკრება ერევანში და 26 ივნისს სამშობლოში დაბრუნდა.

ჩვენები იქ ნაცნობ მისამართზე - საპრეზიდენტო ფონდის დაფინანსებით აგებულ და უახლესი ტექნიკით აღჭურვილ სუპერთანამედროვე ბაზაზე ვარჯიშობდნენ, სადაც სპორტსმენებს ყველა პირობას უქმნიან ვარჯიშისთვის.

ერევანში ოთხი ჩვენებური გადიოდა წვრთნას, რომელთა ნაწილიც სულ მალე ესპანურ გრანადაში იასპარეზებს.

იქ 4-11 ივლისს ტყვიის მსროლელთა და მესტენდურთა მსოფლიოს თასის მორიგი ეტაპი იმართება, სადაც ორივე სასროლ სახეობაში მივიღებთ მონაწილეობას.

ესპანეთში თავდაპირველად ტყვიის მსროლელები გაემგზავრებიან - 2 ივლისის დილას, სადაც ქალთა შორის კვლავაც ჩვენი უცვლელი
ლიდერი, ევროპის სამგზის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე გამოვა, ვაჟებში კი ლევან ქადაგიძე და სალუქვაძის ვაჟი ცოტნე მაჭავარიანი იასპარეზებენ. გუნდის მწვრთნელი ვახტანგ სალუქვაძე იქნება.

მესტენდურები ესპანეთში ოდნავ მოგვიანებით - 7 ივლისს გაფრინდებიან ასეთი შემადგენლობით: ნატალია პანასი, დავით და გივი ქვათაძეები, მამუკა ზარაფიშვილი და პავლე ლაკია.

ამათგან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მხოლოდ პანასს აფინანსებს, ვაჟები კი საკუთარი ხარჯებით მიდიან. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ყველა მათგანი მრგვალ სტენდზე ისვრის.

გრანადაში ჯერ ტყვიის მსროლელთა შეჯიბრება გაიმართება. 6 ივლისს ქალები - 25, ვაჟები კი 50-მეტრიან დისტანციებზე შესარჩევი ციკლის პირველ ნახევარს მოიმთავრებენ, ანუ სამივე ჩვენებური ერთად გავა სტარტზე.

ისინი ამავე დისტანციებზე მეორე ნაწილსა და ფინალს კი (იქ გასვლის შემთხვევაში) 7-ში ისვრიან. 8-ში სალუქვაძე პნევმატური პისტოლეტიდან იასპარეზებს, ქადაგიძე და მაჭავარიანი კი იმავე დისტანციაზე 10 ივლისს ისვრიან.

ასევე 10-ში იასპარეზებს ნატალია პანასი, ვაჟები კი მეორე და ტურნირის ბოლო დღეს, 11 ივლისს დადგებიან სტარტზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული