სომხეთის ნაცვლად რუსეთი

AutoSharing Option
ჩვენს ტყვიის მსროლელებს სომხებმა ისევ უარი უთხრეს შეკრების მოწყობაზე, მაგრამ, მოულოდნელად, დახმარების ხელი რუსეთმა გამოუწოდა - ამ დღეებში იქიდან ქართულ ფედერაციაში ფაქსი მოვიდა, ჩვენებს მოსკოვში იწვევენ ერთობლივ შეკრებაზე. წერილში ისიცაა განმარტებული, რომ იქაურები მოხარულნი იქნებიან, თუ მსოფლიოს ჩემპიონატის წინ მათ მსროლელებს ისეთ ძლიერ კონკურენტთან ვარჯიშის საშუალება მიეცემათ, როგორიც ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძეა. ცხადია, მათ მართლაც წაადგებათ ჩვენებურთან ვარჯიში, მაგრამ ამ სიტუაციაში ასეთი ხელსაყრელი შემოთავაზება უფრო მისაღები სალუქვაძისთვისაა - სომხების უარის შემდეგ ხეირიანი შეკრების გავლას მართლაც დაემუქრა გარკვეული საფრთხე.

 

ახლა ეს პრობლემაც დღის წესრიგიდან იხსნება და, რაც მთავარია, სალუქვაძეს მართლაც რომ ძლიერ მსროლელებთან ერთად შეეძლება მომზადება. არადა, ის ყოველთვის განიცდიდა ამის დეფიციტს. თუმცა, ძლიერს ვინ დაეძებს, ხშირად ლამის მარტო ვარჯიშობდა და ბაზის სიჩუმეს შეჩვეულს მერე ტურნირისას ხმაური ეუცხოვებოდა. ჩვენები ხვალ შეიტანენ საბუთებს და იმედოვნებენ, ვიზებს უპრობლემოდ მიიღებენ. რუსთაგან მიწვევის ინიციატორი იქაური სროლის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ ლისინია, რომელიც, პარალელურად, ევროპის რეგიონულ ფედერაციასაც ხელმძღვანელობს. მოსკოვში თავად ნინო სალუქვაძე, მისი მამა და მწვრთნელი ვახტანგ სალუქვაძე და ლევან ქადაგიძე მიდიან. ჩვენებს ახალგაზრდა ქუთაისელის ნინო ფანჩულიძის წაყვანაც სურდათ, მაგრამ მას უცხოეთის პასპორტი არ აქვს და მის გასაკეთებლად რჩება საქართველოში.

სომხებმა ჩვენებს უარი ამ რამდენიმე კვირის წინაც უთხრეს, როცა ესენი ბელგრადის მსოფლიოს თასისთვის ემზადებოდნენ. მაშინ სასწრაფოდ გამოიძებნა უკრაინული ალუშტის ვარიანტი, მაგრამ ახლანდელი უარი მაინც მოულოდნელი იყო. მეზობლები მიზეზად ბაზის ტექნიკურ გადაიარაღებას და იქ მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს ასახელებენ, თუმცა, კაცმა რომ თქვას, უარის მიზეზებს მაინც ძალზე ბუნდოვნად განმარტავენ. არადა, მათი ბაზა სუპერთანამედროვეა, რაც ჩვენებისთვის მისწრება იყო. სომხეთის ხელისუფლებამ ის ჩინებული კომპლექსი, სადაც ერთადაა თავმოყრილია ღია და დახურული სასროლეთები თავისი კვების ბლოკით, სასტუმროთი და სხვა დამხმარე ნაგებობებით, საკუთარი ფონდის მეშვეობით ააშენა იმის მიუხედავად, რომ სპორტის ეს სახეობა დიდად არც იქაა განვითარებული.

ჩვენი არ იყოს, სომხებსაც ერთადერთი ძლიერი მსროლელი ჰყავთ - ნორაირ ბახტამიანი, რომელსაც ჯერ არაფერი მოუგია და პირველხარისხოვან ტურნირებზე ვერცხლს ვერასოდეს გასცდა. ამასთან, ჩვენებს მეორე-მესამე ნომრები მაინც ჰყავთ ისეთი, პერიოდულად გუნდურ პირველობაში მედალს შეწვდნენ, სომხები კი ამასაც ვერ ახერხებენ. ამის მიუხედავად, იქაურმა ხელისუფლებამ ფული არ დაიშურა სუპერთანამედროვე ბაზის ასაშენებლად და თავის სპორტსმენებს მშვენიერი საჩუქარი უძღვნა. ის ელექტროფარებიცაა დამონტაჟებული, ურომლისოდაც დღეს ტურნირები აღარ ტარდება და რომელიც ძალზე ძვირი სიამოვნებაა. დღეს ჩვენთან საუკეთესო ბაზა ნინო სალუქვაძის მიერ საკუთარი სახსრებით აშენებული დახურულ ტირია, რომელიც ჩვენი ნაკრების ძირითადი სავარჯიშიო ბაზაა.

იქ შედეგები მსროლელთან ძველებურად მექანიკური სასხლეტით მოდის, რაც ჩვენი პირობებისთვის კია წინგადადგმული ნაბიჯი, მაგრამ სომხების ბაზაზე ამ ყველაფერს კომპიუტერი აკეთებს - ეკრანზე ყოველი გასროლის მერე გამოისახება შედეგი და ცხრილში მომხდარ ცვლილებასაც მყისვე აჩვენებს. კარგი იქნება, ასეთი ბაზა ჩვენთანაც თუ აშენდება, მაგრამ გვეეჭვება, რადგან მეტად ძვირია.
ამჟამად როგორც ჩვენები, ასევე სხვა ქვეყნების მსროლელები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელიც 29 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით მიუნხენში გაიმართება. იქ სამი ჩვენებური იასპარეზებს - სალუქვაძე, ქადაგიძე და ფანჩულიძე, რომელიც ახალგაზრდების ტურნირში გამოვა. სალუქვაძის ამბავი გასაგებია, ქადაგიძემ კი ასეთ მნიშვნელოვან ტურნირში გამოსვლის უფლება ბოლოდროინდელი იქნებ არც ისე მაღალი, თუმცა სტაბილური გამოსვლით დაიმსახურა. თუმცა მსოფლიოს თასებზე მან ერთი საყურადღებო შედეგიც მიითვალა - სპორტული პისტოლეტით სროლაში პირადი რეკორდი გააუმჯობესა - 555 ქულა დააგროვა, რითაც საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის ნორმატივიც შეასრულა და მიუნხენში პნევმატურთან ერთად ამ დისციპლინაშიც ისვრის. არადა, სროლის ამ სახეობას თავისი სპეციფიკურობის გამო მსოფლიოს ბევრი წამყვანი მსროლელი არიდებს თავს, საქართველოში კი სალუქვაძის გარდა, სხვა არც ვარჯიშობდა.

რაც შეეხება ფანჩულიძეს, ის ძალზე მოულოდნელად შემოიჭრა ჩვენს ნაკრებში - ქუთაისელმა მსროლელმა ამ ზაფხულს საკუთარი სახსრებით მიუნხენში იასპარეზა ახალგაზრდების იქაურ დიდ საერთაშორისო ტურნირში და ყველასთვის მოულოდნელად, 374 ქულით მეხუთეზე გავიდა. ახალგაზრდული ასაკისთვის ეს ძალზე კარგი შედეგია. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე სხვა მსროლელთა შედეგები არ იძლევა მსოფლიოს პირველობაზე გამოსვლის საშუალებას. მიუნხენში ფანჩულიძე მხოლოდ პნევმატურით ისვრის, სალუქვაძე და ქადაგიძე კი სპორტულშიც გამოვლენ.

ტყვიის სროლაში მსოფლიოს პირველობა ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება და ყოველთვის სალიცენზიოა. ასე იქნება ახლაც - ორივე დისციპლინაში ხუთ-ხუთი საგზური გაიცემა, თანაც ერთ სახეობაში მოპოვებული ლიცენზია ოლიმპიურ თამაშებზე ორივეში გამოსვლის გარანტიას იძლევა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, წლეულს შეიცვალა ლიცენზიების განაწილების წესი, თორემ ადრე მსროლელები სალიცენზიო მარათონს თამაშებამდე სამი წლით ადრე იწყებოდნენ და ამ პერიოდისთვის საგზურების დიდი ნაწილი განაწილებული ჰქონდათ. მაგრამ სოკ-მა საერთაშორისო ფედერაციებს ერთიან ჩარჩოებში მოქცევა აიძულა და ლიცენზიების განაწილების წესად ორნახევარი წელიწადი დაადგინა. მსროლელებისთვის ეს პროცესი მსოფლიოს პირველობაზე დაიწყება და 2011-2012 წლების მსოფლიოს თასებზეც გაგრძელდება. იქ საგზურებს მხოლოდ ცალკეული ეტაპების გამარჯვებულები მიიღებენ, თუმცა ადგილმონაცვლეობის პრინციპი იმოქმედებს - თუ ჩემპიონს უკვე ექნება ლიცენზია, მაშინ ის მომდევნოს გადაეცემა. შესაძლოა, იმასაც ჰქონდეს და მაშინ მისი მომდევნო მიიღებს და ასე შემდეგ. აქვე იმასაც გეტყვით, რომ სეზონში მსოფლიოს თასის სულ ოთხი ეტაპი ტარდება. წლეულს ისინი უკვე დამთავრდა ანუ მსოფლიოს პირველობის შემდეგ იქ ხელმოცარულ მსროლელებს ოლიმპიადაზე მოსახვედრად მომდევნო ორ სეზონში კიდევ რვა ტურნირი რჩებათ.

ადრე სალუქვაძე მუდამ `პირველი მერცხალი" იყო - რაკი მსროლელები სალიცენზიო შეჯიბრებებსაც სხვებზე ადრე იწყებდნენ, ჩვენებურთაგან მუდამ ის ხდებოდა პირველი ოლიმპიელი. იმედია, წლეულსაც ასე იქნება, თუმცა, ღმერთმა ნუ ქნას და ეს მიუნხენშივე რომ ვერ გააკეთოს, ეჭვიც არ გვეპარება, მომდევნო სეზონებში აუცილებლად დაეუფლება საგზურს და ლონდონში თავის მეშვიდე ოლიმპიადაზე იასპარეზებს. ის თამაშებში მონაწილეობის მხრივ ქართველთაგან დღემდეც რეკორდსმენია - ლეგენდარულმა მძლეოსანმა, სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ვერცხლის პრიზიორმა ვიქტორ სანეევმა ოთხ ოლიმპიადაზე იასპარეზა. სალუქვაძემ წლეულს უკვე მოიპოვა ერთი საყურადღებო წარმატება - სუპერფინალში გავიდა და ოქტომბერში ისევ მიუნხენში მერვედ ეცდება ამ ტიტულის მოგებას.
ბოლოს, ისევ მოსკოვურ შეკრებას დავუბრუნდეთ, რომელიც 26-ში დამთავრდება. ჩვენები თბილისში დაბრუნდებიან და 29-ში მიუნხენში გაფრინდებიან. თუმცა მანამდე - 12-13 ივლისს სალუქვაძის ტირი დედაქალაქის პირველობასაც უმასპინძლებს, რომელიც ახალგაზრდებს სატურნირო პრაქტიკისთვის გამოადგებათ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
პოლიტიკის დედაც ვატირე ბოლოსდაბოლოს... ნუ შეეხებათ ამ სპორტსმენებს ეს ბინძური პოლიტიკა, რა!
ისე, სალუქვაძეს რუს მსროლელებთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა, და აფასებენ ამ ადამიანს იქ! გახსოვთ აგვისტოს ომის დროს ოლიმპიადა? მაშინ მთელი მსოფლიოს პრესა წერდა ნინო სალუქვაძის საქციელზე!
და საერთოდ, ძალიან უნიკალური სპორტსმენი გვყავს ეს სალუქვაძე... დიდ პატივს ვცემ ნინოს, როგორც სპორტსმენს და როგორც ადამიანს! ძალიან მიხარია, რომ შემდეგ ოლიმპიადასაც უმიზნებს!
myself
02:17 25-07-2010
0
ხალხნი ჩვენ მეფეებს ღალატობდნენ ყოველთვის და ეგ გაგიკვირდათ?შური და ბიღმა ჰკლავთ მაგათ და ეხლა მთლად გადაირევიან რუსები რომ ამოგვიდგნენ გვერდში
mexre
12:07 16-07-2010
0

სიახლეები პოპულარული