ნინო სალუქვაძე მსოფლიოს თასზე ჯერჯერობით მეორეა

AutoSharing Option
დაძაბული პოლიტიკური ფონის მიუხედავად, სამხრეთკორეულ ჩანჯოუში გრძელდება მსოფლიოს თასის გათამაშება ტყვიის სროლაში.

ქართველებიდან ლევან ქადაგიძემ 4 აპრილს უკვე დაასრულა გამოსვლა სპორტული პისტოლეტიდან სროლაში - 527 ქულით 39-ე ადგილზე გავიდა.

სამწუხაროდ, ჩვენებურმა ვერ იყოჩაღა - 6 სერიიდან მხოლოდ ერთხელ დააგროვა 90 ქულა, რაც არც ისე სახარბიელო შედეგია, დანარჩენებში კი კიდევ უფრო დაბალი მაჩვენებელი ჰქონდა.

ტურნირზე კი აზიელებმა იყოჩაღეს, ოღონდ მასპინძლები მაინც დაიჩაგრნენ - ჩემპიონი ჩინელი ჭივეი ვანი გახდა 192.1 ქულით (შეგახსენებთ - ფინალში შესარჩევის შედეგი ნულდება).

მეორეზეც მისი თანამემამულე ჯიაჯიე მაი
გავიდა 191.2-ით, მესამეზე - იაპონელი ტომოუკი მაცუდა 171.5-ით, კორეელთა იმედი რაე იოუნ ჩოი კი მხოლოდ მეოთხე აღმოჩნდა 149.4 ქულით. აღსანიშნავია, რომ კორეელი შესარჩევშიც მეოთხე იყო, ის ეტაპი კი მაცუდამ მოიგო.

4 აპრილს ამავე დისციპლინაში ჩაება ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონი ნინო სალუქვაძე, რომელმაც მხოლოდ პირველი ნახევარი, სამი სერია ჩაატარა, სწრაფ სროლებში კი მონაწილეები 5 აპრილს გამოვლენ.

ჯერჯერობით ჩვენებური 295 ქულით მეორე ადგილზეა შვეიცარიელ ჰაიდი გერბერ დიჩელმის შემდეგ, რომელსაც ერთი ქულით ჩამორჩება. თავის მხრივ, ჩვენებურიც ასევე ერთი ქულით უსწრებს მასპინძელ იანგმი კიმს.

როგორც გითხარით, 5 აპრილს შეჯიბრების მეორე ნაწილიც ჩატარდება, რომელიც ფინალისტთა ოქტეტს გამოავლენს. ისინი კი მედლებს გაითამაშებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული