ტყვიის სროლა. ევროპის ჩემპიონატი: ნინო სალუქვაძეც უმედლოდ დარჩა

AutoSharing Option
დანიურ ოდენსეში მიმდინარე ტყვიის მსროლელთა ევროპის ჩემპიონატზე მთელ იმედებს გუშინდელ დღეზე ვამყარებდით, როცა სტარტზე ჩვენი ნაკრების ლიდერი, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე გამოდიოდა.

იქნებ მას ურიგოდ არ უასპარეზია, თუმცა მაინც უმედლოდ დარჩა, მეხუთე ადგილზე გავიდა.

ჩვენებური ფინალში ბოლო, მერვე ადგილით შევიდა. საკვალიფიკაციო ეტაპი ცოტა უცნაურად წარიმართა, რადგან მონაწილეთა დიდ ჯგუფს აღმოაჩნდა ერთნაირი მაჩვენებელი.

შესარჩევი ფრანგმა ევროპის ჩემპიონმა და ოლიმპიური ვერცხლის მფლობელმა სელინ გობერვილიმ მოიგო 385 ქულით.

მას ორით ჩამორჩა ბელარუსი ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ორგზის ბრინჯაოს მფლობელი ვიქტორია ჩაიკა,
382 დააგროვა ახალგაზრდებში რუსმა ევროპის ჩემპიონმა ანა მასტიანინამ, 381 - ხორვატმა მარია მაროვიჩმა.

აი, ამ კვარტეტს მოსდევდა თანაბარქულიანთა მთელი ჯგუფი, რომელშიც სალუქვაძეც შედიოდა - მან, სერბმა ევროპის ორგზის ჩემპიონმა ბობანა ველიკოვიჩმა. ბელარუსმა კატსიარინა კრუჩანოკმა, სერბმა მსოფლიოს ჩემპიონმა ზორანა არუნოვიჩმა, დანიელმა ევროპის ჩემპიონმა სუსანა მეირჰოფმა, ესპანელმა სონია ფრანკომ და პორტუგალიელმა ჟოანა კასტელაომ 380-380 ქულა დააგროვეს, ფინალურ ოქტეტში შემსვლელი დარჩენილი ოთხი საგზური კი დამატებითი მაჩვენებლებით ველიკოვიჩს, კრუჩანოკს, სალუქვაძეს და არუნოვიჩს ერგოთ.

სალუქვაძემ შესარჩევი არცთუ ცუდად დაიწყო - 10 გასროლიდან 96 ქულა დააგროვა, თუმცა მეორე სერიაში ძალიან ცუდად გამოვიდა - მხოლოდ 92 ქულა დააგროვა. მესამეში სამიზნე გაისწორა -95 აჩვენა, მეოთხეში კი ყველაზე უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდა - 97.

როგორც გითხარით, ამან ფინალურ ოქტეტში გაიყვანა, იქ კი შესარჩევში ნაჩვენები შედეგები ვერაფერში წაადგება - ახალი წესებით, ფინალში ეს მაჩვენებელი ნულდება და ყველაფერი თავიდან იწყება.

ამდენად, სალუქვაძე თუ ძალებს მოიკრებდა და საუკეთესო შედეგს აჩვენებდა, ევროპის ჩემპიონობის მეოთხედ მოპოვებაში ხელს ვერავინ შეუშლიდა. გვაიმედებდა ისიც, რომ მას ფინალში უფრო ძლიერი ასპარეზობა ახასიათებს, თუმცა ამჯერად სასწაულის მოხდენა ვერ შეძლო - 136.1 ქულა დააგროვა, რაც მეხუთე მაჩვენებელი აღმოჩნდა.

შესარჩევის დარად, გობერვილი ფინალშიც საუკეთესოდ გაისარჯა - 201.5 ქულა მოაქუჩა და მეორედ გახდა კონტინენტის ჩემპიონი. 198.3-ით მეორეზე გავიდა და კარიერაში პირველი მედალი ირგუნა ხორვატმა მაროვიჩმა, ბრინჯაოს კი ჩაიკა დაეუფლა 178.2-ით. მეოთხეზე არუნოვიჩი გავიდა (156.2), მეექვსეზე - მასტიანინა (117.1), მეშვიდეზე - კრუჩანოკი (96.9), მერვეზე - ველიკოვიჩი (74.8).

ევროპის ჩემპიონატი დღეს დამთავრდება, ჩვენებურთაგან კი სტარტზე ლევან ქადაგიძე დადგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული