ქართველი მსროლელების მძიმე სტარტი ზამთრის ჩემპიონატზე

AutoSharing Option
პოლონურ პრზესცოვში დაიწყო კონტინენტის ზამთრის ჩემპიონატი მშვილდოსნობაში - 27 თებერვალს საკვალიფიკაციო ეტაპი გაიმართა და გაირკვნენ პლეი ოფის მონაწილენი როგორც პირად, ასევე გუნდურ პირველობაში.

ქალთა შორის ჩვენგან ყველაზე უკეთ ხათუნა ნარიმანიძე გამოვიდა, რომელმაც სლოვენიელ ბრინა ბოზიცის მსგავსად, 564 ქულა დააგროვა, თუმცა დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩა მას და მე-19 ადგილზე გავიდა.

ასმათ დიასამიძე 545 ქულით 30-ეა, ლანა ვერულიძემ კი 535 ქულა დააგროვა, რამაც პლეი ოფში გამსვლელ ბოლო - 32-ე ადგილზე გაიყვანა.

ვაჟთა შორის სიურპრიზი შემოგვთავაზა ბათუმელმა არჩილ ფარსენაძემ, რომელიც პირველად გამოდის ასეთი დონის
ტურნირზე.

ამის მიუხედავად, ჩვენს გუნდში საუკეთესო შედეგი აჩვენა - 571 ქულა და 24-ე ადგილი. ავსტრიელ ჰარიბერტ დორნოფერსა და უკრაინელ ალექსანდრ სერდიუკსას ასეთივე მონაგარი აღმოაჩნდათ, დამატებითი მაჩვენებლებით კი ჩვენებურმა მხოლოდ უკრაინელს აჯობა.

ფარსენაძესავით დებიუტანტი, თბილისელი ლევან ჩიტიშვილი 566 ქულით 28-ეა, ოღონდ ამ ადგილის მოსაპოვებლად დამატებითი სროლა დასჭირდა ლატვიელ იანის აპსიტისთან.

თუმცა ჩვენთვის ყველაზე დიდი მოულოდნელობა გუნდის ლიდერის, თბილისელ ლაშა ფხაკაძის ცუდი გამოსვლაა - ის თავიდანვე ცხრილის ბოლოში იყო და ვერაფრით გამოასწორა მდგომარეობა.

შედეგად მხოლოდ 561 ქულა დააგროვა და ჩვენი სამეულიდან ერთადერთია, რომელიც საპლეიოფო 32-ში ვერ შევიდა - 37 მონაწილეს შორის 36-ზე გავიდა.

არ ვიცით, რა გახდა მისი ასეთი წარუმატებლობის მიზეზი. შეიძლება, ეს იარაღის ბრალიც იყოს, თორემ ფხაკაძე ბევრად მაღალი დონის მსროლელია.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ჩვენს ფედერაციას ვაჟთა ნაკრების გამოყვანა ახალგაზრდებში სურდა, რადგან სამივე მათგანის ასაკი იძლეოდა ამის საშუალებას.

უბრალოდ, რაკიღა რეგისტრაციის ვადა იწურებოდა, განაცხადი უფროსებში გააგზავნეს ჯერ კიდევ საქართველოს ჩემპიონატამდე, იქ კი ისე მოხდა, რომ საპრიზო ადგილებზე მხოლოდ ახალგაზრდები გავიდნენ.

სამწუხაროდ, ჩვენი თხოვნა ევროპულმა ფედერაციამ არ დააკმაყოფილა, თორემ თავის ასაკში მათ იქნებ მედალიც მოეპოვებინათ. ყოველ შემთხვევაში, წარმატებით გამოსვლის შანსი იქ ბევრად მეტი ექნებოდათ.

* * *

საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ გაირკვნენ გუნდური თუ პირადი პირველობის პლეი ოფების მონაწილენი.

გუნდურში ჩვენი ქალები მერვეზე გავიდნენ, მხოლოდ რუმინელებს გაუსწრეს და 1 მარტს მერვედფინალში სწორედ მათთან გამართავენ პირველ ბრძოლას.

დანარჩენი შვიდი გუნდი უკვე მეოთხედფინალშია, ხოლო ჩვენები კარპატელებთან წარმატების შემთხვევაში იქ შესარჩევის მომგებ უკრაინელებს გაეჯიბრებიან.

ვაჟები ბოლო - IX ადგილზე გავიდნენ და ასევე 1 მარტს მეოთხედფინალის საგზურისთვის ავსტრიელებს გაეჯიბრებიან, შემდეგ წრეში კი ამათ შორის გამარჯვებულსაც საკვალიფიკაციოს მომგები ელოდება, ოღონდ ამჯერად - ჰოლანდია.

პირადი პირველობის პლეი ოფები 28 თებერვალს გაიმართება. ნარიმანიძე ჰოლანდიელ ანემარიე დერ კინდერენს შეხვდება, დიასამიძე - ფრანგ ევროპის ჩემპიონ ბერენჟერე შუს.

ფრანგთან გამარჯვება ცოტა უტოპია გვგონია, მაგრამ თუ სასწაული მოხდა და დასაწყისში ორივე ქართველმა იმარჯვა, მეორე წრეში ერთმანეთს შეხვდებიან. ვერულიძე პირველ ორთაბრძოლას რუს ნატალია ერდენიევასთან გამართავს. ფარსენაძის მეტოქეც რუსია - ბაირ ციბეკდორზიევი, ჩიტიშვილი კი უკრაინელ ჰევორჰი ივანიცკის გაეჯიბრება.

28 თებერვალსა და 1 მარტს პირადშიც და გუნდურშიც მედლებისთვის მებრძოლი წყვილები გამოვლინდებიან, ფინალური პაექრობები კი ზეგ, ჩემპიონატის დასკვნით დღეს - 2 მარტს ჩატარდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული