ნინო სალუქვაძე ტაილანდის ტურნირში მეხუთე ადგილზე გავიდა

AutoSharing Option
ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოგში მიმდინარეობს მსოფლიოს სუპერთასის გათამაშება ტყვიის სროლაში, რომელშიც ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი, ევროპის სამგზის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძეც მონაწილეობდა.

ჩვენებურმა სუპერფინალის საგზური მხოლოდ სპორტული პისტოლეტიდან სროლაში დაიმსახურა, თუმცა სანუკვარი ჯილდოს მეათედ მოპოვება ვერ შეძლო.

ტურნირში მსოფლიოს 11 უძლიერესი მსროლელი მონაწილეობდა, მათ შორის, ლონდონის ოლიმპიადის სამხრეთკორეელი გამარჯვებული იანგმი კიმი და პეკინის ოლიმპიადის ჩინელი ჩემპიონი ინგ ჩენი, რომელმაც ლონდონში სპორტულიდან სროლაში ვერცხლი მოიპოვა.

მონაწილეთა შორის იყო აგრეთვე ლონდონში ორივე დისციპლინის მესამეადგილოსანი უკრაინელი მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ოლენა კოსტევიჩი.

ასეთ ძლიერ კომპანიაში სალუქვაძემ სტაბილურად იასპარეზა და როგორც შესარჩევში, ასევე ფინალში ცხრილის შუაში იყო, ოღონდ ფინალში მკვეთრად მოუმატა მაჩვენებელს.

საკვალიფიკაციო ეტაპი ჩვენებურმა არც ისე კარგად დაიწყო - პირველ სერიაში 96 ქულა დააგროვა; მეორეში სამიზნე გაისწორა და მხოლოდ ორჯერ გაარტყა 9-იანში, დანარჩენები 10-იანში მოახვედრა და ეს სერია 98 ქულით დაასრულა.

სამწუხაროდ, მომდევნო ცდა ყველაზე წარუმატებელი გამოდგა, რადგან 95 დააგროვა. სალუქვაძემ ყველაზე უკეთ მეხუთე სერიაში ისროლა, როცა 100%-იანი შედეგი აჩვენა და 100 ქულა დააგროვა, თუმცა დასკვნითში 4-ჯერ დააცილა 10-იანის ნიშნულს.

საბოლოოდ 96 ქულა ამ სერიაში და 582 - ჯამში, რაც მისთვის არცთუ სახარბიელო შედეგია.

შესარჩევი ეტაპი სალუქვაძემ მეექვსე ადგილზე დაასრულა, რამაც ფინალის საგზური კი მოუტანა, მაგრამ ლიდერს იმდენით ჩამორჩა, სუპერთასზე ფიქრსაც, ალბათ, იქვე დაემშვიდობა - გამარჯვებული 591 ქულით მონღოლეთიდან გერმანიაში გადაბარგებული მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და ოლიმპიადის ორგზის ბრინჯაოსმედალოსანი მუნკბაიარ დორჯსურენი გახდა.

მან ოთხ სერიაში 98 ქულა დააგროვა, ერთში - 100 და ერთშიც - 99! 590 ქულით მეორეზე კოსტევიჩი გავიდა, მესამე კი კიმი იყო 588-ით.

ჩვენებურს 587-იანმა ესპანელმა სონია ფრანკომაც გაუსწრო და - 583-იანმა ჩენმაც. ფინალში 581-იანი შვეიცარიელი ჰაიდე გერბერ-დიჩელმი და 579-იანი ბულგარელი ანტოანეტა ბონევაც შევიდნენ, თუმცა ამ უკანასკნელმა მხოლოდ დამატებით სროლებში აჯობა ფრანგ ევროპის ჩემპიონსა და ლონდონის თამაშების ვერცხლისმედალოსან სელინ გობერვილს.

სალუქვაძეს ხშირად დამართნია ხოლმე, როცა შესარჩევში შედარებით ცუდად ისვრის და ფინალში - ძლიერად ან პირიქით. ახლაც ასე მოხდა - ფინალში მეორე შედეგი აჩვენა, 206,4 ქულა დააგროვა.

სამწუხაროდ, ეს მხოლოდ საერთო ცხრილში ერთი ადგილით წინ წასაწევად ეყო - ჯამში 788.4 დააგროვა და როგორც ბოლოს გაირკვა, მეხუთეზე გავიდა.

ფინალში ყველაზე უკეთ ჩენმა ისროლა - მისი 207.3 ქულა იმ ეტაპის საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა, მაგრამ ჩვენებურის არ იყოს, შესარჩევში დაკარგულის ანაზღაურება ბოლომდე ვერც მან შეძლო, თუმცა 790.3 კი დააგროვა და მესამე ადგილზე აღზევდა.

დორჯსურენმა ამჯერად ცუდად ისროლა - 200.3 ქულა აჩვენა, რითაც მხოლოდ სამ მონაწილეს გაუსწრო, ოღონდ შესარჩევში იმხელა ფორა ჰქონდა, ვერცხლს მაინც შესწვდა - 791.3, ჩემპიონი კი კიმი გახდა, რომელიც ფინალშიც ძლიერად გამოვიდა - ადრინდელ მონაგარს 205.2 დაუმატა და ჯამში 793.2 დააგროვა.

ძალზე სუსტად ისროლა კოსტევიჩმა - მხოლოდ 199.8 ქულა და ჯამში 789.8, რამაც მეოთხე ადგილზე გადაისროლა.

27 ოქტომბერს ტაილანდში მსროლელები მსოფლიოს სუპერთასს უკვე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში გაითამაშებენ, თუმცა მონაწილეთა შორის სალუქვაძე არ იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული