მიზანს აცდენილი ტყვია

AutoSharing Option
ფედერაციათა უმრავლესობის მსგავსად, ტყვიის სროლაშიც გაურკვევლობაა - კალენდარული სეზონი დასრულდა, ანუ ყველა ძირითადი ტურნირი ჩატარდა, ძველი ბიუჯეტი გახარჯულია, ახლის დამტკიცებამდე კი საკმაო დროა - სავარაუდოდ, გაისად თუ მიიღებენ.

შედეგად, ჯერჯერობით ფედერაციაში სპორტული ღონისძიებები არ იგეგმება - არც ქვეყნის შიგნით და არც - გარეთ.

წლევანდელი სეზონი არც მთლად წარმატებული აღმოჩნდა, რადგან ნინო სალუქვაძემ ოლიმპიადა წააგო და ვერც მსოფლიოს თასის სუპერფინალის საგზური მოიპოვა.

ამდენად, სეზონი მისთვის დასრულდა. ის ჯერჯერობით შვებულებაშია, თუმცა უახლოეს დღეებში განაახლებს ვარჯიშს მომავალი სეზონისთვის.

პირველი სერიოზული სტარტი მას და
მის თანაგუნდელებს თებერვალ-მარტის მიჯნაზე ელოდებათ - დანიურ ოდენსეში ევროპის პირველობა ტარდება პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში, თუმცა მანამდე მოსამზადებელი ციკლის ფარგლებში შეკრებები და ტურნირიც ექნებათ.

ადრე ჩვენები შეკრებაზე, ძირითადად, გერმანიაში დადიოდნენ, თუმცა ბოლო წლებში ალტერნატივად ერევანი გამოძებნეს, სადაც ულტრათანამედროვე ბაზაა. თან, ტერიტორიულადაც ახლოა, იქ წასვლა იაფი უჯდებათ და შანსი აქვთ, ყველა მეტ-ნაკლებად პერსპექტიული მოზარდი გააგზავნონ.

ევროპის პირველობისთვის მოსამზადებელი ტურნირის დანიშნულებას ადრე ისევ გერმანიისავე შეჯიბრება ასრულებდა და, სავარაუდოდ, გაისადაც ასე იქნება. იმედია, რაკი 2013 ოლიმპიური წელიწადი არაა, მსროლელებს დაფინანსებას არ შეუმცირებენ. ყოველ შემთხვევაში - მკვეთრად მაინც.

გაისად, აპრილიდან, უკვე მსოფლიოს თასებიც იწყება, თუმცა ისინი ისეთი კალენდრით ტარდება, შესაძლოა, ჩვენები ოთხივეში არც გამოვიდნენ. აპრილის შეჯიბრებას კორეული ჩანჯოუ მასპინძლობს, მაისში ერთი ამერიკულ ფორტ ბენინგში ტარდება, მეორე კი ათი დღის შუალედით - მიუნხენში. მეოთხე ეტაპი ივლისის დასაწყისში ესპანურ გრანადაშია.

როგორც ვხედავთ, მათ შორის დროსა და გეოგრაფიაში დიდი დაშორებაა და ვნახოთ, დააფინანსებენ თუ არა ოთხივეში. წინა წლებში ევროპული ტურნირები ერთმანეთის მოყოლებით იმართებოდა და იქ წასვლა ერთ ციკლად ხდებოდა. ახლა კი კალენდარი ამის საშუალებას არ იძლევა, რაც ისედაც ძვირ ხარჯებს კიდევ უფრო ზრდის.

არაა გამორიცხული, კორეული ან ამერიკული შეჯიბრება ჩვენი კალენდრიდან ამოვარდეს (ან სულაც ორივე ერთად!).

წლევანდელი სეზონი აღსანიშნავი, ძირითადად, იმით გამოდგა, რომ გამოჩნდნენ პერსპექტიული ახალგაზრდები, შედარებით გაიზარდა გეოგრაფია.

ამ კუთხით იქნებ დიდი გარღვევა არც წლეულს მომხდარა - თბილისს მხოლოდ ქუთაისი შეემატა. ბათუმში, ოზურგეთსა და სხვა ძველ ცენტრებში კი ისევ ჩამკვდარია სპორტის უაღრესად საჭირო, ქვეყნის სტრატეგიული განვითარებისა და თავდაცვისთვის აუცილებელი ეს სახეობა, თუმცა რიონისპირელთა ამუშავებამაც კი საგრძნობი შედეგი გამოიღო.

ავად თუ კარგად, იქ ერთი ტირი ადრეც მუშაობდა, მაგრამ ახლა მას მეორეც მიემატა. ეს კი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა ქუთაისიდან ახალი კადრების წარმოსაჩენად. ნინო ფანჩულიძეზე ადრეც ვწერდით და წლეულს ახალგაზრდებში ქვეყნის ჩემპიონი 12 წლის ლიზი კილაძე გახდა.

თან, ორივემ საკმაოდ დამაიმედებელი შედეგი აჩვენა - ისეთი, რომლითაც უფროსებშიც გვექნება გარკვეული წარმატების იმედი, ოღონდ საამისოდ მათ ბევრი მუშაობა მართებთ. მარტო კარგი მაჩვენებელი წარმატების საწინდარი რომ არაა, ამას ფანჩულიძის მაგალითიც მოწმობს - მას შემდეგ, რაც სტუდენტი გახდა და ვარჯიშს მოუკლო, შედეგიც მყისიერად დაეცა.

საბედნიეროდ, ახალი კადრები მხოლოდ ქუთაისიდან არ გამოჩენილან და წლეულს თბილისელმა მარიამ ბლუაშვილმაც გამოიჩინა თავი, რომელსაც ვარჯიშის სულ რაღაც ერთწლიანი სტაჟი აქვს. ფედერაცია ამ ახალგაზრდებისთვის სათანადო სავარჯიშო პირობების შესაქმნელად გარკვეულ ღონისძიებებს გეგმავდა.

იმედია, ეს სურვილი არც მომავალში განელდება. ცხადია, როცა ასეთი პატარა კონკურენცია (თბილისშიც ორი ჯგუფი ვარჯიშობს) ამდენ პერსპექტიულ ახალგაზრდას აჩენს, უფრო დიდი კიდევ უფრო მასშტაბური წარმატების საწინდარი იქნება.

ამ ფონზე ფრიად გასაკვირია ქუთაისიდან მოსული ხმები - ორი დარბაზის შენახვას, ერთი დავტოვოთ და იმას მივხედოთო! იმედია, იქაური ხელისუფლება ამ უგუნურ საქციელს არ ჩაიდენს. ორი დარბაზი თუნდაც შიდა შეჯიბრებების ჩატარების წინაპირობაა, რაც ტურნირებს მოკლებულ ადგილობრივებს სატურნირო პრაქტიკას შემატებს, "დენთის სუნს" მიაჩვევს...

საერთოდ, ბაზა და ინვენტარი ამ ფედერაციის უმთავრეს პრობლემად რჩება. სალუქვაძის დამსახურებით, დახურული ტირი თბილისში კი მუშაობს, მაგრამ ის ვერც მთელ ქვეყანას გასწვდება და თან თანამედროვე ინვენტარი, ძირითადად კი, ელექტროფარები მასაც აკლია.

ამასთან, ის ძირითადად პნევმატური იარაღისთვისაა განკუთვნილი, ხოლო სპორტული პისტოლეტის ბაზას უფრო გაჭირვების გამო ამუშავებენ და ამ კუთხით ბევრად უკეთესია სასურველი. იარაღი და ტყვიები სალუქვაძეს და ნაკრების სხვა წევრებს აქვთ, თუმცა ქვეყნის მასშტაბით არც ესაა საკმარისი.

თან საბავშვო პისტოლეტები მეტია საჭირო, თუმცა ფედერაციის მთავარი პრობლემა ღია სასროლეთის არარსებობაა.

სამწუხაროდ, ეს საკითხი "ქრისტეს პერანგის კერვად" იქცა - უკვე წლებია, ამაზე ლაპარაკობენ, მაგრამ საქმე პრაქტიკულად წინ არ წასულა თუ პროექტის შედგენას არ ჩავთვლით. ყოველ შემთხვევაში, გვაიმედებდნენ, რომ გამოყოფილი ფართის გაფორმების პროცესი დასრულდა და პროექტი შედგენის პროცესში იყო.

იმედია, ეს საქმეც დამთავრდა და ბაზის მშენებლობაც დაიწყება, რაც ჰაერივით სჭირდება არა მარტო ტყვიის, არამედ სასტენდო სროლასაც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული