ნინო სალუქვაძეს ბრინჯაომდე სულ ცოტა დააკლდა

AutoSharing Option
მილანში დასრულებულ მსოფლიოს თასის პირველ ეტაპზე ნინო სალუქვაძეს სპორტული პისტოლეტიდან სროლაში ბრინჯაოს მედლამდე სულ რაღაც 0.1 ქულა დააკლდა.

პნევმატური იარაღიდან სროლაში განცდილი მარცხის შემდეგ (მე-40 ადგილი) ჩვენმა ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა პნევმატურში გამოსვლა კარგად დაიწყო - საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ნახევარი, ანუ სამი სერია 293 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა.

მეორე ნახევარი (სწრაფი სროლები) სალუქვაძემ უშუალო კონკურენტებზე ოდნავ უარესად დაიწყო, თუმცა მე-2 სერიის საწყის ნახევარში ქულათა მაქსიმუმი მიითვალა - 50 ქულა 5 გასროლიდან, რითაც გასწრებულებზე დაწევის შანსი ისევ დაიბრუნა.

სამწუხაროდ, ამის
შემდეგ სამიზნემ ცოტათი კვლავ უმტყუნა და 5 დარჩენილი ცდიდან სამი 9-იანში გაარტყა, 10-იანს კი ორი ტყვია უწია. მესამე სერიის 8 გასროლის შემდეგ უკვე საბოლოოდ გაირკვა, რომ ჩვენებური მხოლოდ მე-3 ადგილისთვის თუ იბრძოლებდა.

იმ პერიოდისთვის უკრაინელ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ოლენა კოსტევიჩს დასრულებული ჰქონდა გამოსვლა და 589 ქულით პირველობდა. მეორე ფრანგი ევროპის ჩემპიონი სელინ გობერვილი - 586, მესამე კი ბელარუსი ევროპის ჩემპიონი და ორგზის მსოფლიოს მესამე პრიზიორი ვიქტორია ჩაიკა - 584 იყო.

ამ დროს მსროლელთა უმრავლესობა ჯერ ისევ აგრძელებდა გამოსვლას, მაგრამ ისინი ამ სამეულის დამწევნი არ ჩანდნენ. სალუქვაძე კი ჩაიკას თუ წამოეწეოდა, მას დამატებით მაჩვენებლებში აჯობებდა და მესამე ადგილზე დამკვიდრდებოდა. საამისოდ კი ჩვენებურს დარჩენილ ორ გასროლაში ტყვიები 10-იანში უნდა ჩაესვა.

საბედნიეროდ, სალუქვაძე ჩაიკას ქულებით კი გაუთანაბრდა, მაგრამ სწორედ იმ დამატებითი მაჩვენებლებით მეოთხეზე დაქვეითდა.

ფინალში ჩეხმა ლენკა მარუსკოვამ - 20 გასროლიდან 19 ათიანის ნიშნულში მოარტყა და ფინალის საუკეთესო შედეგი, 207,2 აჩვენა. კოსტევიჩმა მხოლოდ ორი ტყვია დააცილა მაქსიმალურ ზონას და 206.5-ით ფინალში მეორე აღმოჩნდა.

მან ჯამში 795.5 ქულა დააგროვა და მეტოქეთათვის მიუწვდომელი გახდა. მარუსკოვა მას ვერ დაეწია, მაგრამ როგორც მოგვიანებით გაირკვა, მეორე ადგილსა და ვერცხლის მედალს კი შესწვდა - 789.2. ფინალში კარგად ისროლა სერბმა ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა იასნა სეკარიჩმაც - 205.2, სალუქვაძემ კი 204.1 დააგროვა.

ჩვენებურმა ხუთჯერ მოარტყა 9-იანის ნიშნულს. არადა, ერთი ტყვია მაინც არათუ 10-იანში, იმ 9-იანშიც კი 0.1-ით უკეთეს შედეგზე რომ მოერტყა, სეკარიჩს დაეწეოდა და დამატებითი მაჩვენებლებით მასაც გადაუსწრებდა. საბოლოოდ სერბმა 788.2 დააგროვა და მესამეზე გავიდა, სალუქვაძემ - 788.1.

მილანში სპორტული პისტოლეტიდან სროლაში ლევან ქადაგიძეც გამოვიდა, რომელიც თავის ჯგუფში 530 ქულით 31-ე იყო. ახლა მსროლელებმა მილანიდან მიუნხენში გადაინაცვლეს, სადაც 23-27 მაისს მსოფლიოს თასის მორიგ ტურნირში გამოვლენ. ჩვენი დუეტი შეჯიბრებაში 24 მაისს ჩაებმება, სპორტული პისტოლეტიდან ისვრიან, პნევმატურში კი ქადაგიძე 26-ში გამოვა, სალუქვაძე - 27-ში.

საბედისწერო 0.1 (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული