პნევმატური პისტოლეტი. საქართველოს პირველობა: 12 წლის ჩემპიონი

AutoSharing Option
ნინო სალუქვაძის ტირში დამთავრდა საქართველოს ჩემპიონატი ტყვიის სროლაში მხოლოდ ორი ქალაქის - თბილისისა და ქუთაისის 40-ამდე მსროლელის მონაწილეობით.

მთავარი სიურპრიზებიც ქუთაისელებმა შემოგვთავაზეს, სადაც სპორტის ეს სახეობა გამოცოცხლების გზაზეა, რასაც თუნდაც ამ შეჯიბრების შედეგებიც ადასტურებს.

ამ ასპარეზობამ კიდევ ერთი კარგი ტენდენცია დაადასტურა - ახალგაზრდების პროგრესი, რაც ასევე სასიხარულოა.

მოლოდინისამებრ, ქალთა შორის პირველობა არავის დაუთმო თავად ნინო სალუქვაძემ, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპი 375 ქულით მოიგო.

ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ამას ფინალში 100.2 დაუმატა და ჯამში მოგროვებული 475,2-ით ჩემპიონი გახდა. მეორეზე ქუთაისელი ნინო
უჩაძე გავიდა 468,1-ით (374+94.1), ბრინჯაო კი ისევ თბილისელმა მეგი ქადაგიძემ ირგუნა 456.4-ით (363+93.4).

ვაჟებში პირველ-მეორე ადგილები ქუთაისელებმა გაინაწილეს. საკვალიფიკაციო ეტაპი შოთა გირგვლიანმა მოიგო 558 ქულით და ერთით აჯობა გიორგი სვანიძეს, მაგრამ ფინალში უფრო უკეთ სვანიძემ ისროლა - 95.9, გირგვლიანმა კი 94.4 მოაგროვა. საბოლოოდ სვანიძეს ჯამში 652.9 გამოუვიდა, გირგვლიანს - 652.4.

დაძაბულად წარიმართა მესამე ადგილისთვის ბრძოლაც - თბილისელმა ლევან ქადაგიძემ და 63 წლის ქუთაისელმა თემურ კვანტალიანმა შესარჩევი ერთნაირი შედეგით - 553 ქულით დაასრულეს, თუმცა ფინალში ქადაგიძემ უკეთ ისროლა - 98.3 დააგროვა და ბრინჯაო მოიპოვა, კვანტალიანი კი მეოთხეზე დარჩა.

ჩემპიონატის მთავარი მოულოდნელობა გოგოების ტურნირში მოხდა, მისი შემოქმედი კი... 12 წლის ქუთაისელი ლიზი კილაძეა. ის აქამდე მხოლოდ ერთხელ გამოსულა ამ რანგის ტურნირში, ახლა კი 369 ქულა დააგროვა და თბილისელ ანა გაგილაძეს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა.

ბრინჯაო 361-იანმა თბილისელმა მარიამ ბლუაშვილმა მოიპოვა, ხოლო ქუთაისელი ნინო ფანჩულიძე ამჯერადაც გვარიანად ჩამორჩა თავის რეკორდს და 359 ქულით მეოთხეზე დარჩა. ყურადღება მიაქციეთ ქალებისა და გოგოების შედეგებს - კილაძეც და გაგილაძეც თავიანთი ქულებით უფროსების სამეულში შევიდოდნენ. აქვე შეგახსენებთ, რომ ფანჩულიძის საუკეთესო შედეგი 377 ქულაა, ბლუაშვილისა - 373. თუ ამ ახალგაზრდებმა პროგრესი გააგრძელეს, მათი სახით ეროვნული ნაკრები 1-2 წელიწადში ისეთ შევსებას მიიღებს, ნებისმიერ ტურნირზე გუნდურ პირველობაში მედლისთვის იბრძოლებს.

ახალგაზრდა ბიჭებში ომარ სანოძემ გაიმარჯვა 561 ქულით, მეორეზე ვლადისლავ მაიოროვი გავიდა - 557, მესამეზე - თენგიზ იმნაიშვილი 552-ით. სამივე მსროლელი თბილისელია, ოღონდ დედაქალაქელთაგან მაიოროვი ერთადერთია, ვინც ასკ-ის სპორტულ კლუბს წარმოადგენს, დანარჩენები კი სალუქვაძის ტირის აღზრდილები არიან.

30 წითელი ვარდი
წლეულს სალუქვაძეს სპორტული კარიერის 30-წლიანი იუბილე აქვს. გუშინ ჩემპიონატის დასასრულს ეს თარიღიც აღნიშნეს - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი სამყურაშვილმა სამინისტროს სახელით სიმბოლური თაიგული უძღვნა - 30 წითელი ვარდი. ფედერაციამ კი ყვავილებთან ერთად სასროლი ფარის ფერებში დამზადებული ტორტი მიართვა.

შეგახსენებთ, რომ ნინო სალუქვაძე ლონდონში თავის მეშვიდე ოლიმპიადაზე გამოვა. ამ შედეგით კი ქართველთა შორის რეკორდსმენია. თუმცა სალუქვაძე პისტოლეტით სროლაში ჯერჯერობით მსოფლიოშიც საუკეთესოა - მას კვალში საშუალო დონის ბერძენი აგატა კასუომი და ჩვენებურივით ყველაფრის მომგები სერბი იასნა სეკარიჩი უდგანან, თუმცა მათ ჯერ ლიცენზია არ მოუპოვებიათ. არადა, სალიცენზიო შეჯიბრებები წლეულს აღარ ტარდება, მაგრამ საქმე ისაა, რომ სპორტის ამ სახეობაში საგზურს ფედერაცია იღებს და არა სპორტსმენი.

კასუომის საკითხი ლამის გარკვეულია - ფაქტობრივად, წასულია სპორტიდან; სეკარიჩს კი ჯერ ისევ აქვს შანსი, საკუთარმა ფედერაციამ მისცეს ლიცენზია. თუმცა იზამს კი ამას სერბეთის ფედერაცია? იქაურთაგან საგზურები ზორანა არუნოვიჩმა და ბობანა ველიკოვიჩმა მოიპოვეს - პირველი მსოფლიოს ჩემპიონია, მეორე - ევროპის ორგზის ჩემპიონი, სეკარიჩმა კი შარშანდელი სეზონი ჩააგდო. თუმცა ის რომც გაუშვან ოლიმპიადაზე, ამით მხოლოდ დაეწევა სალუქვაძეს, თორემ ვერ გადაასწრებს.

თუ ზოგადად სროლის სახეობათა რეკორდზე ვილაპარაკებთ, ჯერჯერობით უდავო რეკორდსმენი ლატვიელი აფანას კუზმინსია - 1976 წლიდან მოყოლებული მან მხოლოდ 1984 წლის ლოს ანჯელესის თამაშები გამოტოვა, სადაც ყოფილი სოცბანაკის ქვეყნები არ მონაწილეობდნენ და 8 ოლიმპიადა დაუგროვდა. ის და სალუქვაძე 1988 წელს სეულში ერთად გახდნენ ოლიმპიური ჩემპიონები, ბარსელონაში კი მეორეზე გავიდა.

კუზმინსს მსოფლიოსა და ევროპაზე სამივე სინჯის მედალი მოუპოვებია, თუმცა შარშან ულიცენზიოდ დარჩა და ახლა ისიც ან ველური ბარათის, ანაც საკუთარი ფედერაციის გულმოწყალების იმედადაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული