ნინო სალუქვაძე: ვეცდები, ლონდონის ოლიმპიადა გამორჩეული იყოს

AutoSharing Option
ლონდონის წლევანდელი ოლიმპიური თამაშები მეშვიდე იქნება ნინო სალუქვაძის სპორტულ კარიერაში. ქართული სპორტის ისტორიაში ეს უნიკალური რეკორდია.

ლეგენდარულმა ვიქტორ სანეევმა ზაფხულის ოთხ ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა და 3 ოქროს მედალიც მოიპოვა. ასევე ოთხჯერ იასპარეზა ზამთრის თამაშებში უფროსმა კობა წაქაძემ, მაგრამ ნინო სალუქვაძის გარდა, სხვა არავინ გვყავს, ასე ხანგრძლივად და თანაც წარმატებით რომ გამოდიოდეს უმაღლესი რანგის შეჯიბრებებში.

ექვსჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, კონტინენტის ჩემპიონატებში ჩვიდმეტი ოქროს მედალი მოიპოვა; მსოფლიოს სუპერთასის გათამაშებებში ლამის ათჯერ იმარჯვა, მსოფლიოს რეკორდიც დაახლოებით ოცამდე დაამყარა. სხვა გამარჯვება იმდენჯერ იზეიმა,
ზუსტი ციფრი ალბათ თავადაც არ ახსოვს. პირველი ოლიმპიური ოქრო-ვერცხლი 1988 წელს სეულში მოიპოვა, ბოლოს კი ბრინჯაოს ჯილდოს 2008 წელს პეკინში დაეუფლა.

ყოველივე ამას, რა თქმა უნდა, მრავალწლიანი დაუღალავი შრომით მიაღწია; ცხოვრებაში ალბათ ბევრ რამეზე უარის თქმაც მოუხდა. ამასთან, ორი შვილის დედა და ოჯახის დიასახლისია, დიდი სპორტისა და ქალის ყოველდღიური საქმიანობის შეთავსება კი უდავოდ რთულია. ჩემი საუბარიც ნინოსთან სწორედ ამ თემით დაიწყო.

- ნინო, ვარჯიშს, შეკრებებს, უმაღლესი რანგის შეჯიბრებებს დიდი დრო მიაქვს. ბავშვებს და მეუღლეს კი სითბო, ყურადღება სჭირდებათ. როგორ ასწრებ ყველაფერს?
- მიუხედავად იმისა, რომ ოჯახისთვის ცოტა დრო მრჩება, ჩემთვის მთავარი მაინც ოჯახია. დილით თერთმეტ საათამდე სახლში ვარ. შემდეგ, თუ რაიმე სასწრაფო საქმე არ არის ჩვენს ფედერაციაში ან ოლიმპიურ კომიტეტში, ვვარჯიშობ. ახალგაზრდებსაც ვავარჯიშებ; საღამოს შვიდი საათისთვის კი შინ ვბრუნდები და ისევ ყოველდღიური საოჯახო საქმეებით ვარ დაკავებული.

- სპორტსმენების მეუღლეებისაგან არაერთხელ მსმენია, რომ გაუთავებელი შეკრება-შეჯიბრებებით უკმაყოფილონი არიან. რამაზ ფალიანის მეუღლემ ისიც მითხრა, - რამაზს ისე ხშირად სძინავს სასტუმროებსა თუ საერთო საცხოვრებლებში, ერთხელ სახლში რომ გაიღვიძა, ვერ მიხვდა, "რომელ სასტუმროში" იყოო. შენი მეუღლე როგორ ეგუება ოჯახის დიასახლისის შინ არყოფნას?
- გოჩა თავადაც სპორტსმენი იყო, რაგბის თამაშობდა, ამიტომ კარგად იცის, რა შრომა სჭირდება სპორტს, რამდენად დიდია პასუხისმგებლობა. ყოველთვის მეხმარება და ხელს მიწყობს.

რა თქმა უნდა, ურჩევნია, რომ მეუღლე შინ იყოს ბავშვებთან. მეც ვცდილობ, რომ არავის მოვაკლო ყურადღება, მაგრამ ხან გამოგვდის, ხან - არა. პატარ-პატარა პრეტენზიები ჩემს მეუღლესაც აქვს. ახალი ოლიმპიური ციკლი რომ იწყება, მეუბნება ხოლმე: კიდევ ერთ ოლიმპიადაზე უნდა გამოხვიდეო?! მაგრამ უკვე თითქმის 20 წელია, ერთად ვართ და ნელ-ნელა შეეჩვია ყველაფერს. უფრო მაშინ უჭირს, როდესაც თბილისში არა ვარ.

ჩვენი შეჯიბრებები ერთი კვირა გრძელდება, თუ შეკრებაც გვაქვს, მაშინ 2 კვირით მივემგზავრები ხოლმე. ამიტომ, ვცდილობ, რაც შეიძლება დიდხანს ვიყო ოჯახთან ერთად. წელს ოლიმპიადა ტარდება და უფრო დატვირთული ვარ, მაგრამ დედა მეხმარება, ბავშვებიც უკვე დიდები არიან...

- ყოველთვის ფორმაში ხარ. შეჯიბრებების დროს თუ გიკეთია საყურეები და ბეჭდები?
- თუ ვიცი, რომ იმ დღეს შეხვედრები მაქვს ან ქალაქში მოძრაობა მჭირდება, მაკიაჟს ვიკეთებ. შეჯიბრებების დროს კი ბეჭდებს, საყურეებს და მძივებს ვიხსნი. სპორტულ ფორმას არც უხდება... ვარჯიშის დროს თავისუფლად და კომფორტულად უნდა გრძნობდე თავს. ამიტომ, გააჩნია, რა გეგმები მაქვს იმ დღეს.

- ნონა გაფრინდაშვილისაგან გამიგონია: მე ისეთი აზარტული და სპორტული ბავშვი ვიყავი, რომ არა ჭადრაკი, სხვა რამეში მაინც მივაღწევდი წარმატებასო. თუ მიაღწევდი წარმატებას, სროლის გარდა სხვა რომელიმე სფეროში?
- ეს ადამიანის ხასიათზეა დამოკიდებული. ქალბატონი ნონა იმდენად მშრომელია, რომ რისთვისაც უნდა მოეკიდა ხელი, ყველაფერში მიაღწევდა მიზანს. იმავეს ამბობს მამაჩემიც ჩემზე.

მიყვარდა ხატვა, დიზაინი, კერვა, ქარგვა. ჩემს თოჯინებს უამრავ ჩასაცმელს ვუკერავდი. სპორტს რომ არ გავყოლოდი, აუცილებლად მექნებოდა მიღწევები მოდის სფეროში. როცა ჩემი მეგობრები რემონტს აკეთებენ, ან უბრალოდ, კაბის ყიდვა უნდათ, ყოველთვის მთხოვენ: შენ სხვანაირი ხედვა გაქვს და უნდა დაგვეხმაროო. რაკი თვითნასწავლი ვარ, არაპროფესიონალის დონეზე ვეხმარები. თუმცა მე თვითონ როცა დამჭირდა დიზაინერი, მაინც პროფესიონალს

- ცოტა უცნაურია... თუ ასეთი მონაცემები გქონდა, არჩევანი მამაკაცურ სპორტის სახეობაზე რატომ გააკეთე?
- ყველაფერი დედაჩემის ბრალია. თავიდან, სკოლაში კალათბურთზე დავდიოდი. თბილისის ჩემპიონებიც გავხდით. პირველი შეკრება, შეჯიბრება, სიგელი და "ლელოში" გამოქვეყნებული ჩემი ფოტოსურათიც, ეს ყველაფერი კალათბურთს უკავშირდება. შემდეგ საცხოვრებლად სხვაგან გადავედით და სპორტის ამ სახეობას თავი დავანებე.

დედა მუშაობდა, მამაც ხშირად შეკრებებსა და შეჯიბრებებზე იყო, მე კი სკოლის გაკვეთილების მომზადების შემდეგ, ეზოში ვთამაშობდი ხოლმე. დედას ეს არ მოსწონდა და მამა აიძულა, თავის სამსახურში, სპორტულ ტირში წავეყვანე. ასე დავიწყე სროლაში ვარჯიში.

თავიდან მეზარებოდა, ენთუზიაზმი არ მქონდა, მით უმეტეს, კალათბურთის შემდეგ - სადაც დარბიხარ, უფრო აზარტულია... მაგრამ მშობლებს უარი ვერ ვუთხარი. მაშინ 13 წლის ბავშვი გახლდით, მაგრამ დაახლოებით წელიწად-ნახევარში, პირველ შეჯიბრებაზე გოგონებსაც მოვუგე და ბიჭებსაც და საქართველოს ნაკრებშიც ამიყვანეს.

მალე სპორტის ოსტატის ნორმატივიც შევასრულე, ხოლო 1984 წლის მოსწავლეთა საკავშირო სპარტაკიადაზე ტაშკენტში 4 ოქროს მედალი მოვიპოვე და საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებში მიმიწვიეს. 1985 წელს, თანატოლთა შორის, ევროპის პირველობაზე ოქროს მედალს დავეუფლე სპორტული პისტოლეტიდან სროლაში, ხოლო მომდევნო სეზონში უკვე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაშიც გავიმარჯვე. ეს ყველაფერი მამაჩემის - ვახტანგ სალუქვაძის დამსახურებაა.

ერთხელ მითხრა: თუ გინდა, საბჭოთა ნაკრებში იყო, ყველას ათი თავით უნდა აჯობოო. ასეც იყო. მაშინ ყველა მწვრთნელს უნდოდა, ნაკრებში თავისი სპორტსმენი შეეყვანა, მაგრამ ჯერ კიდევ ახალგაზრდულ ასაკში ვუგებდი დიდების ნაკრების წევრებს, თანაც სოლიდური სხვაობით და 17 წლის გოგო მსოფლიოს ჩემპიონატზე წამიყვანეს, სადაც გუნდურ ჩათვლაში მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი, ხოლო პირადში, ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე.

სეულის ოლიმპიადის წინ, სამხრეთ კორეაშივე, ოლიმპიური კვირეული და მსოფლიოს თასის გათამაშება მოეწყო, სადაც მსოფლიოს რეკორდით გავიმარჯვე. სპორტული პისტოლეტიდან სროლაში 600-დან 595 ქულა მოვაგროვე. რეკორდისთვის, ბოლო სამ სერიაში, ასპროცენტიანი შედეგი მჭირდებოდა.

პირველის შემდეგ, ტაბლოს შევხედე და 50 ქულა ეწერა. მეორეშიც ყველა ტყვია ათიანში მოვარტყი. მესამე სერია რომ დავასრულე, შედეგი ჯერ კიდევ არ ვიცოდი, ტაბლო სპორტსმენების უკან დგას. მაყურებელი კი ყველაფერს ხედავს და იმ დროს, ზურგს უკან ოვაციები მომესმა. თურმე ტრიბუნები სავსეა, მე არც შემიმჩნევია. აი, რა არის ჩვენთან გულშემატკივრობა - სრული სიჩუმის დაცვა, ამით გეხმარებიან. ჩემი მსოფლიოს რეკორდი კი სამუდამოდ ხელუხლებელი დარჩა, ვინაიდან შემდეგ წესები შეიცვალა და რეკორდების ათვლაც ხელახლა დაიწყო.

- ამის მიუხედავად, სეულის თამაშებზე შენ ერთადერთს გამოგაყოლეს დუბლიორი. ალბათ, მწვრთნელები ფიქრობდნენ, 19 წლის გოგონას გაგიჭირდებოდა ოლიმპიადაზე ასპარეზობა.
- ამას პირდაპირ არ ამბობდნენ, მაგრამ პირველი სახეობა რომ ჩამეგდო, მეორეში უკვე სვეტლანა სმირნოვას დააყენებდნენ. ნაკრების ფავორიტად მაშინ მარინა დობრანჩევა ითვლებოდა, მაგრამ სპორტული პისტოლეტიდან სროლაში, შეჯიბრების პირველ ნახევარში, კარგად ვერ ისროლა, მე კი 300-დან 297 ქულა მქონდა. მეორე ნახევარი უარესად გამომივიდა, 294 ქულა მოვაგროვე. მაგრამ ჯამში 591 ქულა ურიგო შედეგი არ იყო.

ჩემს მთავარ კონკურენტს, იუგოსლავიელ იასნა სეკარიჩსაც ამდენივე აღმოაჩნდა, მაგრამ ვიცი, ჩქაროსნულ სროლაში ფინალში ვაჯობებ. მართლაც, დასკვნით 10 გასროლაში მე 99 ქულა მოვაგროვე, მან კი მხოლოდ - 95 და მესამე ადგილზე დარჩა. ვერცხლის ჯილდო იაპონელ ტომიკო ხასეგავას ერგო, ხოლო მე ოქროს მედალი მოვიპოვე.

სამაგიეროდ, სეკარიჩმა პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში გაიმარჯვა. აქაც საინტერესო ბრძოლა გვქონდა. მთელი შეჯიბრების განმავლობაში, ერთნაირი შედეგები გვქონდა. მხოლოდ ბოლო, მეოთხე სერიაში იასნამ 98 ქულა მოაგროვა, მე კი - 99 და მსოფლიოს რეკორდიც დავამყარე, მაგრამ ფინალში ქულის მეათედებით მაჯობა და ამ სახეობაში ვერცხლის მედალი მერგო. გულდასაწყვეტი იყო, რომ მსოფლიოს რეკორდის შემდეგ ვერცხლის მედალი მოვიპოვე, თუმცა რადგან ჩემპიონი იასნა სეკარიჩი გახდა, ისე აღარ მინერვიულია.

- ვიქტორ სანეევმა თავისი პირველი ოლიმპიური ოქროს მედალი რომ მოიპოვა, ახალი ოლიმპიური ციკლის დაწყების წინ ის მედალი უჯრაში შეინახა, მკერდზე პირველთანრიგოსნის ნიშანი ჩამოიკიდა და ყველაფერი თავიდან დაიწყო.
- ამ ამბავს ვიქტორმა მეც მომიყვა და ყოველი ახალი ოლიმპიადისთვის მზადებას მეც ასეთივე შეგნებით ვიწყებ...

- მაგრამ მომდევნო ოთხმა ოლიმპიადამ ისე ჩაიარა, ერთი მედალიც ვერ მოიპოვე.
- აბა, გავიხსენოთ, რა პერიოდში ვცხოვრობდით? საბჭოთა კავშირს გამოვეყავით, ბარსელონის ოლიმპიადის წინ მთელი 1991 წელი შეჯიბრებებზე არ გამოგვიყვანეს. ოლიმპიადაზე ცალკე გუნდით და დამოუკიდებელი საქართველოს დროშით აპირებდნენ გამოსვლას. მერე ისევ თანამეგობრობის ნაკრებში მოსახვედრად მოგვიწია ბრძოლამ. ამ შესარჩევ შეჯიბრებებში იმდენი ძალა დავხარჯე, რომ ბარსელონაში გამოფიტული ვიყავი და მხოლოდ მეხუთე ადგილი დავიკავე.

1996 წლის ატლანტის ოლიმპიადის ფინალში მეორე შედეგით შევედი, მაგრამ იქ უკვე კომპიუტერმა აურია, 7-8-ებს აჩვენებდა და ვიდრე მივხვდით, რაში იყო საქმე, შეჯიბრებაც დამთავრდა. სხვათა შორის, პეკინის ოლიმპიადის წინ იგივე დაემართა იასნა სეკარიჩსაც. ვურჩიე, პროტესტი განეცხადებინა, კომპიუტერი შეამოწმეს და იასნამაც ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა.

გახსოვთ, 1990-იან წლებში როგორ პირობებშიც ვვარჯიშობდით, სპორტისთვის თანხები არ იყო; იტალიური ფირმები მამარაგებდნენ ტყვიებით... არ მინდა, თავის მართლებასავით გამომივიდეს, მაგრამ თანამედროვე სპორტში ერთი ოლიმპიური ჩემპიონის მოსამზადებლად, ოთხწლეულში, მოწინავე ქვეყნები მილიონამდე დოლარს ხარჯავენ. ჩვენ, როგორც იცით, ამის საშუალება არ გვაქვს.

- პეკინის 2008 წლის ოლიმპიური თამაშები 8 აგვისტოს საზეიმოდ გაიხსნა. იმავე დღეს, საქართველოში, რუსეთის აგრესია დაიწყო. 10 აგვისტოს კი პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვე. მიმაჩნია, რომ იმ კოშმარულ სიტუაციაში, ბრინჯაოს მედლის ბრწყინვალება არაფრით ჩამოუვარდება ჩვენი ფალავნების მიერ მოპოვებულ ოქროს...
- მართლაც ცუდი სიტუაცია იყო. მედალზე არც ვფიქრობდი. ფინალში მეოთხე შედეგით შევედი. პირველ-მეორეადგილოსნები 5 ქულით მისწრებდნენ და მათი დაწევა შეუძლებელი იყო. აი, ბრინჯაოსთვის კი ერთდროულად, 6 სპორტსმენი ვიბრძოდით. ფინალში კარგად ვისროლე. 10,8 ქულით დავამთავრე. კიდევ რამდენიმე გასროლა რომ ყოფილიყო დარჩენილი, ალბათ პირველადგილოსანსაც დავეწეოდი. ამიტომ, ეს ბრინჯაო ჩემთვისაც ძვირფასია.

- ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე საქართველოში ძალიან პოპულარულია. თუ გისარგებლია შენი პოპულარობით?
- ეჭვი მეპარება, ძალიან პოპულარული ვიყო, თუმცა ზოგჯერ ქუჩაში მაჩერებენ და მადლობას მიხდიან. ხელისუფლებისთვის არასდროს არაფერი მითხოვია. ამდენი ლტოლვილი და გაჭირვებულია ჩვენს ქვეყანაში, მთავრობას ბინა ან სხვა რამ როგორ ვთხოვო? ერთადერთი, დავით პერტენავამ
- როცა სპორტკომიტეტის თავმჯდომარე იყო - თავისი ინიციატივით სააგარაკე მიწა მაჩუქა. მისი დიდი მადლობელი ვარ; ასევე - კახი ასათიანის, სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის. კახის ინიციატივა იყო ამ სასროლეთის მოწყობა; მეუბნებოდა, - გავაკეთებ და გაჩუქებო.

არ დასცალდა, მაგრამ მერე ნელ-ნელა მაინც შევძელით ტირის მოწყობა და აუქციონის წესით შევისყიდე. რამდენიმე წელია, უკვე აქ ვვარჯიშობ და ოლიმპიადისთვისაც აქ ვემზადები. ძირითადი მოსამზადებელი ეტაპი უკვე გავიარე.

ახლა საჭიროა სპორტული ფორმის შენარჩუნება, იარაღისა და ტყვიების შემოწმება, სხვადასხვა შეჯიბრებაზე სტაბილურად გამოსვლა და ოლიმპიადამდე სრულ მზადყოფნაში მისვლა. დღეს ყველა წამყვან სპორტსმენს კარგი იარაღი აქვს, სროლაც ყველამ იცის. ლონდონში ახალბედები არ ჩავლენ და მედლებისთვის ყველა შეეცდება ბრძოლას, მაგრამ მედალი მხოლოდ სამია! კვარცხლბეკზეც ისინი ავლენ, ვინც ფსიქოლოგიურ დაძაბულობას გაუძლებენ. მართალია, ეს ჩემი მეშვიდე ოლიმპიადა იქნება, მაგრამ ყველა ოლიმპიადა გამორჩეულია და შევეცდები, ესეც გამორჩეული იყოს.

გოგი ფრანგიშვილი
ჟურნალი "გზა"
(გამოდის ხუთშაბათობით)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული