მარიამ ბლუაშვილის პროგრესული შედეგი ევროპის პირველობაზე

AutoSharing Option
ფინურ ვირუმაეკში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში 17 თებერვალს ჩვენი ახალგაზრდა გოგონებიც უმედლოდ დარჩნენ, თუმცა პირადი შედეგებიდან გამომდინარე მათ გამოსვლას მთლად წარუმატებელსაც ვერ ვუწოდებთ.

მართალია, გაგვაწბილა ნინო ფანჩულიძემ, რომელსაც თანაგუნდელთაგან საუკეთესო პირადი შედეგი აქვს - 377 ქულა, მაგრამ სიურპრიზი მოგვიწყო მარიამ ბლუაშვილმა, რომელმაც 373 ქულა დააგროვა. გუნდის ლიდერადაც ის მოგვევლინა - მე-14 ადგილზე გავიდა, ანი გაგილაძე 363-ით 38-ეა, ფანჩულიძეს კი 51 მონაწილეს შორის 47-ე შედეგი აღმოაჩნდა. გუნდურ ჩათვლაში ჩვენი ნაკრები X ადგილზე გავიდა.

უმედლოდ დარჩენის მიუხედავად ბლუაშვილის შედეგი ნამდვილად
საყურადღებოა - ასეთ მაჩვენებელს უფროსებშიც ვერ აგროვებს ბევრი და ამით იქაურ ფინალებში შესვლაზეც შეიძლება ფიქრი. თან ბლუაშვილი ძალზე ახალგაზრდაა და გამოუცდელიც - 16 წლისაა და წელიწადზე ცოტა მეტია, რაც ვარჯიშობს. ის ევროპის პირველობის დებიუტანტია, თუმცა უცხოეთშიც პირველად გავიდა შეჯიბრებაზე. ვერც დიდი სატურნირო გამოცდილებით დაიკვეხნის, რადგან შიდა ტურნირებშიც მხოლოდ წლეულს გამოჩნდა სტაბილურად. რაც მთავარია, შეჯიბრებიდან შეჯიბრებამდე უმატებს.

შედარებისთვის - იანვარში გამართულ თბილისის ღია პირველობაზე ახალგაზრდებს შორის 354 ქულა დააგროვა, ამის შემდეგ გერმანიაში, მიუნხენის ტრადიციულ დიდ საერთაშორისო ტურნირში ჯერ 361, მერე კი 367-მდე გაზარდა მონაგარი, რაც ახლა 373-მდე აიყვანა!

იმედია, ის პროგრესს კვლავაც გააგრძელებს და ეროვნულ ნაკრებში გუნდურ ჩათვლაში ნინო სალუქვაძეს გვარიანად შეეშველება ქულებით. ფინეთში მან 40 ცდიდან 20 ათიანში გაარტყა, ყველაზე უკეთ კი მესამე სერიაში ისროლა - 6 ათიანი, 4 - ცხრიანი და ჯამში 96 ქულა! ეტყობა, დებიუტი ფსიქოლოგიურად ძნელი აღმოჩნდა და ტურნირი ცოტა მძიმედ დაიწყო - 8-იანით. ყველაზე დაბალი შედეგიც პირველ სერიაში ჰქონდა - 89, თუმცა მერე მოუმატა - 95, 96 და 93 ქულა დააგროვა.

სამწუხაროდ, ფანჩულიძეს შედეგის გასაუმჯობესებლად ერთი შეკრება არ ეყო - სტუდენტური დატვირთვის გამო თბილისში თითქმის არ უვარჯიშია, იანვრის რამდენიმე დღეს თუ არ ჩავთვლით. მან იანვარში თბილისის ღია პირველობაზე 352 ქულა დააგროვა, თუმცა მერე გერმანიაში შედეგი გააუმჯობესა - 364 და 368, ოღონდ ახლა ისევ დაბლა დაეშვა. სამწუხაროდ, მან 90-იან მიჯნას მხოლოდ ერთხელ - მესამე სერიაში გადააბიჯა და იქაც 92 ქულა დააგროვა. აშკარაა, ფანჩულიძეს ვარჯიში აკლია. ამის მიზეზი სტუდენტობაა, თუმცა იმედია, ეს პრობლემა გამოსწორდება, რაზეც ფედერაცია და სამედიცინო უნივერსიტეტი ერთობლივად მუშაობენ.

საინტერესოა, რომ ევროპის პირველობის მონაწილეთაგან ფანჩულიძეს მესამე შედეგი ჰქონდა - მხოლოდ 382-ქულიანი პოლონელი იოანა ტომალა და 381-იანი ესპანელი კრისტინა მუნიოსი უსწრებდნენ. ჩვენი გოგოები ბოლოდროინდელ შედეგებს სტაბილურად თუ შეინარჩუნებენ (გაუმჯობესებაზე არც ვლაპარაკობთ), ეროვნული ნაკრები ყველა ტურნირზე გუნდურში მედლის კანდიდატი იქნება.

სიმართლე გითხრათ, ახლაც ფინეთში პირად პირველობაში მედალს ნაკლებად ველოდით, ოღონდ გუნდურში ეს სულაც არ გვეგონა უტოპია. იქნებ ახლა ეს ოცნების სფეროა, მაგრამ ბლუაშვილის წარმატების კვლადაკვალ საკუთარი შედეგი ფანჩულიძესაც რომ ეჩვენებინა ანუ, მინიმუმ, 20 ქულით მეტი დაეგროვებინა, გუნდურს საერთოდ მოვიგებდით, თუმცა ვიმეორებთ - ახლა ამაზე გვიანია ლაპარაკი.

უმედლობის მიუხედავად, ფანჩულიძისა და ბლუაშვილის მაგალითი ცხადად ადასტურებს, რომ სორიტის ამ სახეობაში ფულის ჩადება და მის განვითარებაზე ზრუნვა ღირს. არადა, ტყვიის მსროლელებს ერთი ღია სასროლეთიც არ აქვთ. იმედია, სამინისტრო იზრუნებს ამ პრობლემის მოგვარებაზე და არაერთგზის შეპირებულ ბაზას საბოლოოდ ააშენებს.

გაგილაძისთვის ფინური მაჩვენებელი სტაბილური შედეგი გახდა - იანვარში თბილისშიც 364 ქულა დააგროვა, შარშანაც დაახლოებით ამ ქულებთან ტრიალებდა... ფინეთში მან ბოლო ორ სერიაში კი ისროლა ცოტა უკეთ - 94 და 91 ქულა, თუმცა მანამდე ორივეჯერ 89 ჰქონდა.

18 თებერვალს ვირუმაეკში ლევან ქადაგიძე ისვრის, ნინო სალუქვაძე და ნინო უჩაძე კი 19 თებერვალს გავლენ საასპარეზოდ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული