ქართველ სპორტსმენთა შვიდკაცა ევროპაზე

AutoSharing Option
15-20 თებერვალს ფინური ვირუმაეკი ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში, რომელშიც საქართველოს ნაკრები ასეთი შემადგენლობით გამოვა: ქალებში ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე და ნინო უჩაძე იასპარეზებენ, ვაჟებში - ლევან ქადაგიძე.

ახალგაზრდა ბიჭებში ომარ სანოძე ისვრის, ამავე ასაკის გოგოებში კი სრულად დაკომპლექტებული გუნდი გვეყოლება: ნინო ფანჩულიძე, ანა გაგილაძე და მარიამ ბლუაშვილი.

ოლიმპიადის გამო წლეულს კონტინენტის პირველობა სპორტული პისტოლეტიდან სროლაში არ ტარდება, მსოფლიოს პირველობა ისედაც არ უწევდა და, ამდენად, ეს ტურნირი სეზონის ერთ-ერთი უმთავრესი შეჯიბრებაა. მასში 44 გუნდი მიიღებს მონაწილეობას
567 მსროლელით.

ყველაზე უფრო დიდი გუნდი, ტრადიციულად, რუსებს ეყოლებათ - 37 სპორტსმენი. ერთით ნაკლები ეყოლებათ უკრაინელებს, რაოდენობით მესამეზე კი ფინელები არიან, რომლებსაც განაცხადში 32 ჩუბინი ჰყავთ. ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ ფინეთში ევროპის ყველა უძლიერესი მსროლელი ჩავა და ძლიერი ტურნირი იქნება.

ხვალ ოფიციალური ვარჯიში და საკონტროლო შემოწმებაა, შეჯიბრება კი 16-ში დაიწყება. ჩემპიონატში თავდაპირველად ახალგაზრდები ჩაებმებიან - ბიჭები ანუ ჩვენგან პირველი ომარ სანოძე ისვრის. 17-ში ახალგაზრდა გოგოების ჯერია, 18-ში ქადაგიძე გამოვა, ქალები კი ცეცხლის ხაზზე დასკვნით საშეჯიბრო დღეს - 19 თებერვალს დადგებიან.

ჩვენი ნაკრები ამ პრესტიჟული შეჯიბრებისთვის გერმანიაში ემზადებოდა. იქ საქართველოს შვიდკაცა გუნდმა ჯერ მიუნხენში იასპარეზა დიდ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირში, მერე კი ჩრდილოეთში, ფინეთისკენ გადაინაცვლა და დორტმუნდის ახლოს ქალაქ ბასუმში ორკვირიანი შეკრება გაიარა. იქაურობა მათთვის ლამის მეორე სახლია, რადგან სეზონის დასაწყისში ხშირად ჩადიან შეკრებაზე.

სალუქვაძე ხომ ყველა ტურნირის ფავორიტია და მისგან კვლავაც წარმატებას ველოდებით, თუმცა ამჯერად ახალგაზრდების გამოსვლაც არანაკლებ გვაინტერესებს. ისინი ბოლო ხანებში დამაიმედებელ შედეგებს აჩვენებენ, განსაკუთრებით - ფანჩულიძე, რომელიც შარშან 375-იან მიჯნასთან ტრიალებდა, ამ შედეგით კი უფროსებში ფინალში შესვლაზეც შეიძლება ფიქრი. წლეულს ის სტუდენტი გახდა და შედეგსაც მოუკლო, რადგან ვარჯიშს ნაკლებ დროს უთმობდა.

იმედია, ბასუმში გავლილი შეკრებით ძველ კონდიციებს დაუბრუნდებოდა, მით უფრო, რომ იქ ვახტანგ სალუქვაძის მეშვეობით ვარჯიშობდა. ასაკის კვალობაზე არც ამ გუნდის სხვა წევრები ისვრიან ცუდად, რომელბსაც შეკრება ასევე წაადგებოდათ.

ოლიმპიადამ მსროლელთა კალენდარში კორექტივები რომ შეიტანა, ზევითაც გითხარით, თუმცა მან ევროპის "სპორტული" პირველობის გარდა მსოფლიოს თასის ერთი ეტაპიც შეიწირა - ტრადიციული ოთხის ნაცვლად წლეულს სამი ჩატარდება და ყველა ევროპაში.

პირველს 17-29 აპრილს ლონდონი უმასპინძლებს, რომელიც მსოფლიოს თასთა რუკაზე ახალი წერტილია - აქამდე იქ არასოდეს ჩატარებულა, ახლანდელი პატივი კი უთუოდ მოახლოებული ოლიმპიადის დამსახურებაა და დაახლოებით "ოლიმპიური ტესტის" დანიშნულება ექნება.

მსოფლიოს თასის მომდევნო ეტაპები ისევ მილანსა და მიუნხენში ჩატარდება. ტრადიციულად ისინი კვლავაც ერთმანეთის მიყოლებით გაიმართება - 13-21 მაისს იტალიაში, იქიდან კი ჩუბინები გერმანიაში გადაინაცვლებენ და 21-28 მაისს იქ იასპარეზებენ. ამ ტურნირებში სალუქვაძე უეჭველად გამოვა, დანარჩენთა მონაწილეობა კი ფინანსებზეა დამოკიდებული, როგორც - შიდა შეჯიბრებების ჩატარება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული