ქართველი მსროლელები ევროპულ ტურნეში

AutoSharing Option
ამ დილით ქართველ ტყვიის მსროლელთა ჯგუფი მიუნხენში გაფრინდა, სადაც 26-28 იანვარს იქაურ საერთაშორისო ტურნირში იასპარეზებს.

ეს შეჯიბრება მხოლოდ პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში იმართება, ჩვენგან კი მასში ქალთა შორის მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე და ნინო უჩაძე გამოვლენ, ვაჟებში ლევან ქადაგიძე იასპარეზებს. ბიჭებში ომარ სანოძე ისვრის, ამავე ასაკის გოგოებში კი ნინო ფანჩულიძე, ანა გაგილაძე და მარიამ ბლუაშვილი მოსინჯავენ ძალებს.

მიუნხენის ტურნირი ერთ-ერთი ყველაზე წარმომადგენლობითია სროლის სამყაროში. ის ამავე დისციპლინაში - პნევმატური იარაღიდან სროლაში გასამართი ევროპის პირველობის წინ ტარდება და მონაწილენი
მოსამზადებლად იყენებენ, თუმცა რადგან სეზონის პირველი ტურნირია, არაევროპელებიც ყოველთვის გამოდიან. ერთი სიტყვით, ხელსაყრელი კალენდარის გამო მიუნხენში მუდამ ძლიერი შემადგენლობა იკრიბება ხოლმე. წინასწარი მონაცემებით, წლეულს 45 ქვეყნის ნაკრები უნდა გამოვიდეს. გაიმართება ორი ტურნირი, მონაწილეებს მეტი სტარტი რომ მიეცეთ.

ჩვენი გუნდის შვიდეული 14-20 თებერვალს ფინურ ვირუმაეკიში გასამართ ევროპის ჩემპიონატშიც იასპარეზებს. ამიტომ ისინი ტურნირის დასრულების შემდეგაც გერმანიაში დარჩებიან შეკრებაზე, ოღონდ ბავარიის მხარიდან უფრო ჩრდილოეთით, ვესტფალიაში გადაინაცვლებენ და დორტმუნდის სიახლოვეს ქალაქ ბასუმში მოემზადებიან.

იქ მათ მასპინძლობას კვლავაც თბილისიდან გადასახლებული მწვრთნელი არტურ გევორქია ნი გაუწევს, რომელიც უკვე ლამის 20 წელიწადია იქ ცხოვრობს და მწვრთნელად მუშაობს. ჩვენებს ადრეც ხშირად მიუმართავთ მისთვის, რადგან გარდა იმისა, რომ ღია სასროლეთია და ზუსტად იმ პირობებში ემზადებიან, რაც ასე აკლიათ საქართველოში, გევორქიანი, როგორც მასპინძელი, ადრეც ვწერდით, კარგი მენეჯერივით აგვარებს ყველა საჭირო საკითხს, რაც ნორმალურად ვარჯიშისა და ადგილზე ცხოვრებისთვისაა საჭირო.

ბასუმში ქართველები ორკვირიან შეკრებას გაივლიან, 13 თებერვალს კი ფინეთში გადავლენ და ევროპის ჩემპიონატში ჩაერთვებიან. იქ ჩვენებურთაგან ყველაზე ადრე სანოძე ისვრის - 16 თებერვალს. მეორე დღეს ცეცხლის ხაზზე გოგოების გუნდი დადგება, 18-ში ქადაგიძე იასპარეზებს, სალუქვაძე და უჩაძე კი 19-ში ჩაებმებიან შეჯიბრებაში.

მისასალმებელია, რომ ჩვენებს ევროპაში ამდენი ხნით და ისიც ასე მოზრდილი გუნდით წასვლის საშუალება მიეცათ, თორემ იყო დრო, სალუქვაძეს ძლივს აფინანსებდნენ და ხშირად ისიც მწვრთნელი მამის - ვახტანგ სალუქვაძის გარეშე წასულა. აქ ქუთაისის სასპორტო სკოლასაც ნუ დავუკარგავთ თავისას, რომელმაც სპორტში მობრუნებული უჩაძე დააფინანსა. სასიამოვნოა, რომ ზემდგომთ ამჯერად ახალგაზრდებზეც იზრუნეს და უფროსების გარდა ისინიც ფართოდ ჩართეს გუნდში.

ეს საჭიროა, ვინაიდან გოგოებს ნამდვილად აქვთ პერსპექტივა. შეგახსენებთ, რომ შარშან ფანჩულიძემ რამდენჯერმე ისეთი შედეგი აჩვენა, რომლითაც უფროსებშიც კი შეიძლება ფინალზე ფიქრი, ხოლო გუნდურ პირველობაში მედლების მოპოვების შანსი ერთი-ორად გვეზრდება.

მართალია, წლეულს მან საგრძნობლად მოუკლო, მაგრამ ამის მიზეზი სტუდენტობით გამოწვეული მოუცლელობაა, თუმცა ამ პრობლემის მოგვარებაზეც ზრუნავენ. საბედნიეროდ, შედეგებს სხვებმაც მოუმატეს და არა მხოლოდ გოგოებმა. ახლა მათ მაქსიმალური ხელშეწყობა სჭირდებათ განვითარებისთვის, უპირველესი საჭიროება ღია სასროლეთია, რასაც არა და არ დაადგა საშველი. ხელისუფლებამ, ფედერაციამ, დედაქალაქის მერიამ თუ ოლიმპიურმა კომიტეტმა იქნებ ამ წელს მაინც გადაჭრას ეს პრობლემა.

დასასრულს, შეგახსენებთ, რომ წლეულს სპორტული პისტოლეტიდან სროლაში ევროპის ჩემპიონატი აღარ გაიმართება, რადგან ოლიმპიადის სეზონია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული