ტყვიის მსროლელთა საევროპო გუნდი

AutoSharing Option
გუშინ ნინო სალუქვაძის სახელობის ტირში ჩატარდა ახალგაზრდებს შორის თბილისის ღია პირველობა პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში, რომელიც ერთ-ერთი სასტარტო შეჯიბრებაა ამავე ასაკის სპორტსმენთა ევროპის პირველობისთვის.

ეს სახეობა რადგან სხვაგან არ შემორჩა, გამოდიოდნენ ძირითადად თბილისელი (სალუქვაძის ტირი და ასკ) და ქუთაისელი მსროლელები. სულ 20-მდე მონაწილე.

ბიჭებში პირველობა მასპინძელი ტირის წარმომადგენელმა, ომარ სანოძემ მოიპოვა 555 ქულით. მეორეზე სკა-ს წევრი ვლადიმერ მაიოროვი გავიდა - 552, მესამეზე - ისევ ხსენებული კლუბის წარმომადგენელი იოანე ჭანკვეტაძე - 547. ტურნირში თავად ნინო სალუქვაძის შვილი ცოტნე მაჭავარიანიც გამოდიოდა, რომელიც მეხუთეზე
გავიდა და სულ ერთი ქულით ჩამორჩა მეოთხეზე გასულ ქუთაისელ გიორგი რამიშვილს.

გოგოებში კვარცხლბეკი მთლიანად სალუქვაძის ტირის წარმომადგენლებმა შეავსეს - ოქრო ანა გაგილაძეს ერგო (364ქ), ვერცხლი მარიამ მაღრაძეს (357), მესამეზე კი მარიამ ბლუაშვილი გავიდა (354). მთავარი მოულოდნელობა ქუთაისელი ნინო ფანჩულიძის წარუმატებლობა და დაბალი შედეგია - ის 352 ქულით მხოლოდ მეოთხე იყო.

არადა, შარშან მთელი 20-25 ქულით მეტს აგროვებდა. როგორც ნინო სალუქვაძემ გვითხრა, მიზეზი სტუდენტობაა - ფანჩულიძე სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობს და ვარჯიშისთვის საკმარისი დრო აღარ რჩება. ახლა ფედერაცია ცდილობს, სასწავლებელთან შეთანხმებით მას ეს პრობლემა როგორმე მოუგვაროს.

ყოველ შემთხვევაში, ფანჩულიძე მაინც იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატზე, როგორც - გაგილაძე და ბლუაშვილი. დებულებით იქ განაცხადები ერთი თვით ადრე იგზავნება, მონაწილის შეცვლის შემთხვევაში კი ჯარიმაა გადასახდელი. თუმცა ფედერაცია ენდობა ფანჩულიძეს და შანსს აძლევს, ოღონდ ამით გზას არც სხვებს უღობავს - წლის განმავლობაში დანარჩენებს კიდევ მიეცემათ თავის გამოჩენის საშუალება.

აქვე გეტყვით, რომ ევროპის ჩემპიონატზე ქალთა შორის თავად ნინო სალუქვაძე და სპორტში ხელახლა დაბრუნებული ქუთაისელი ნინო უჩაძე გამოვლენ. ვაჟებში მხოლოდ ლევან ქადაგიძე გვეყოლება, ახალგაზრდებში კი სანოძე ისვრის. მისასალმებელია, რომ წლეულს კონტინენტის პირველობაზე ასეთი მოზრდილი გუნდი გამოვა, განსაკუთრებით - ახალგაზრდებში.

ტრადიციულად, ახალგაზრდებისა და უფროსების ევროპის ჩემპიონატი პარალელურად ტარდება. პნევმატურს 14-20 თებერვალს ფინური ვირუმაეკი უმასპინძლებს. მისასალმებელია, რომ ჩვენები ორივე ასაკში ადრინდელზე დიდი გუნდით გამოვლენ, თუმცა არანაკლები სიახლეა ისიც, რომ მანამდე გერმანიაშიც ასევე ბევრნი წავლენ - ჯერ მიუნხენის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობისთვის, იქიდან კი ბასუმში გადაინაცვლებენ შეკრებაზე.

კალენდარიც ხელს უწყობთ - მიუნხენურმა შეჯიბრებამ იანვრის ბოლოს გადაიწია - 25-28-ში ტარდება, ევროპის პირველობა კი, პირიქით, მარტიდან თებერვალში გადმოიტანეს. ამით ჩვენებს თანხების დაზოგვის შესაძლებლობა მიეცათ, აქეთ-იქით აღარ ივლიან, გერმანიაშივე ჩასულები იქვე ივარჯიშებენ და ტურნირს, შეკრებასაც და ევროპის პირველობასაც ერთ ციკლად გაივლიან. ამაში მათ სახელმწიფოც დაეხმარა და სამივე ღონისძიებისთვის თანხები გამოჰყო. ჩვენები მიუნხენში 24 იანვარს გაფრინდებიან.

მიუნხენის ტურნირი ერთ-ერთი პრესტიჟული შეჯიბრებაა, რომელიც ხელსაყრელი კალენდარის გამო დიდი პოპულარობით სარგებლობს - ის ევროპის პირველობის წინ ტარდება და ამ მნიშვნელოვანი შეჯიბრებისთვის ძალების შესამოწმებლად საუკეთესო საშუალებაა. ოღონდ ის მხოლოდ პნევმატურიდან სროლაში იმართება, რადგან სპორტულში კონტინენტის ჩემპიონატი შედარებით გვიანაა (თუმცა წლეულს ოლიმპიადის გამო საერთოდ არ იმართება). სამაგიეროდ, ამ ნაკლის აღმოსაფხვრელად მიუნხენში პნევმატურში ორი შეჯიბრება ტარდება.

ჩვენი მსროლელები იქ ხშირად დადიან, როცა ამის საშუალება არის, თუმცა იშვიათად, ასე დიდი გუნდით რომ წასულიყვნენ - უმეტესად მხოლოდ სალუქვაძეს აგზავნიდნენ. ჩვენებისთვის ასევე ნაცნობია დორტმუნდის ახლომდებარე ქალაქი ბასუმი, სადაც თბილისიდან გადასახლებული არტურ გევორქიანი მუშაობს მწვრთნელად.

ის მუდამ ეხმარება ჩვენებს ორგანიზაციული პრობლემების მოგვარებაში და ესენიც ხშირად ჩადიან ბასუმში სავარჯიშოდ. იქაურობა მიმზიდველი იმითაცაა, რომ იქ ღია სასროლეთზე ვარჯიშობენ, რაც ასე აკლიათ ჩვენში. არადა, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, როგორც - ელექტრო ფარები.

დახურულ დარბაზში ვარჯიში, რაოდენ კეთილმოწყობილი ტირიც უნდა იყოს, მაინც სულ სხვაა, ვიდრე - გარეთ, გაშლილი სივრცეში სროლა.

სამწუხაროა, რომ ჩვენში სპორტული ბაზების, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას საშველი არ დაადგა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული