პნევმატურში ჩემპიონები გამოვლინდნენ

AutoSharing Option
გუშინ ნინო სალუქვაძის სახელობის ტირში დამთავრდა საქართველოს პირველობა პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონის მიერ გახსნილ სასროლეთზე სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მოლოდინისამებრ, ქალთა შორის თავად სალუქვაძე უკონკურენტო იყო და გამარჯვება არც გასჭირვებია - საკვალიფიკაციოშიც საუკეთესო იყო 384 ქულით და ფინალშიც მეორე შედეგი აჩვენა - 98.6, ჯამში კი 482.6 მოუგროვდა.

ფინალში მას სულ ცოტათი აჯობა ქუთაისელმა ნინო უჩაძემ, რომელიც ისევ დაუბრუნდა სპორტს. ის შესარჩევში 376 ქულით მეორე იყო, ფინალში კი საუკეთესო შედეგი ჰქონდა - 98.7, ჯამში 474.7 და ვერცხლის მედალი. დაძაბულად
წარიმართა ბრძოლა ბრინჯაოსთვის, სადაც საკვალიფიკაციოს შემდეგ ისევ თბილისელი ხათუნა ბერიკაშვილი დაწინაურდა 373 ქულით, რომელიც ახალი სახელია ქართულ ტყვიის სროლაში.

ადრე ის თურმე თოფით ისროდა, მაგრამ ამ დისციპლინის მინავლების შემდეგ პისტოლეტიდან სროლაზე გადმოვიდა, სადაც მწვრთნელად მუშაობს, სპორტსმენის რანგში კი პირველად მიიღო მონაწილეობა. ზუსტად ასეთივე გზა გაიარა თბილისელმა თამილა ასათიანმა -ისიც თოფოსნებიდაა. ძირითადი ბრძოლაც მათ შორის წარიმართა, თუმცა - ფინალში, შესარჩევი კი ასათიანმა საკმაოდ სუსტად ჩაატარა - 367 ქულა და მხოლოდ მეხუთე ადგილი, რადგან დამატებითი მაჩვენებლებით თანაბარქულიან ემილია სიმონიანსაც ჩამორჩა.

სამაგიეროდ, ნაკრების ძველმა წევრმა და გუნდურში ევროპის ვიცე-ჩემპიონმა ასათიანმა ფინალში ისროლა კარგად - 94.4 დააგროვა, ბერიკაშვილმა კი, პირიქით, დაბალი შედეგი აჩვენა - 79.1. ამდენად, ასათიანმა 461.4 ქულა დააგროვა და ბრინჯაოც მოიპოვა.

ვაჟებში სამივე საპრიზო ადგილი თბილისელებს ხვდათ წილად - ჩემპიონი გუნდის ლიდერი ლევან ქადაგიძე გახდა 563 ქულით, მომდევნო ადგილებზე კი 559-იანი ბესიკ სირაძე და დავით ახვლედიანი გავიდნენ, ოღონდ დამატებითი მაჩვენებლებით ვერცხლი სირაძეს ერგო.

გოგოებში დიდ ინტერესს იწვევდა კიდევ ერთი ქუთაისელის - ნინო ფანჩულიძის გამოსვლა, რომელმაც შარშან საკმაოდ მაღალი შედეგებით დაგვამახსოვრა თავი. სამწუხაროდ, ის ამჯერად ჩვეული წარმატებით ვერ გამოვიდა, თუმცა ოქრო მაინც ქუთაისელებს დარჩათ - ლიზი კილაძემ 366 ქულით გაიმარჯვა. მეორეზე 363-იანი თბილისელი ანა გაგილაძე გავიდა, ფანჩულიძემ კი 362 დააგროვა. ახალგაზრდა ბიჭებშიც სამივე მედალი თბილისში დარჩა - ოქრო 556-ქულიან მიხეილ სანიკიძეს ერგო, ვერცხლი - 554-იან ომარ სანოძეს, ბრინჯაო - 550-იან თენგიზ იმნაიშვილს.

შოთა ქველიაშვილის სახელობის თასის გათამაშების შემდეგ ეს ჩემპიონატი მეორე მოსამზადებელი ეტაპი იყო პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში 14-20 თებერვალს ფინურ ვირუმაეკიში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის. მანამდე ჩვენები 25-28 იანვარს მიუნხენის ტრადიციულად ძლიერ საერთაშორისო ტურნირში აპირებენ გამოსვლას, ევროპის პირველობის წინ, 1 თებერვლიდან კი დორტმუნდში სურთ შეკრების გავლა, თუმცა ეს ყველაფერი სპორტის სამინისტროზეა დამოკიდებული - დააფინანსებს თუ არა ფედერაციის ამ სურვილს.

არადა, გერმანია ჩვენებისთვის ყოველთვის დიდ როლს ასრულებდა - მიუნხენის ტურნირში ხომ უცვლელად გამოდიან, როგორც მთელი მსოფლიოს მსროლელები, იქ შეკრებაზეც ხშირად ჩადიოდნენ.

თუმცა ადრე ამას მიუნხენური შეჯიბრების წინ აკეთებდნენ, რადგან მაშინ ევროპის ჩემპიონატი შედარებით გვიან, მარტში იმართებოდა, ახლა კი თებერვალში გადმოიტანეს.

რაკი მიუნხენის ტურნირიც იანვრის ბოლოს ტარდება, ვადები უკვე ემთხვევა ერთმანეთს - მიუნხენიდან დორტმუნდში (უფრო სწორად, მის სიახლოვეს, ქალაქ ბასუმში) გადავლენ შეკრებაზე, იქიდან კი ფინეთში წავლენ კონტინენტის პირველობაზე. ამით საქართველოსა და გერმანია-ფინეთს შორის რამდენჯერმე გადაფრენ-გადმოფრენასაც თავიდან აიცილებენ, თუმცა მთავარი მაინც ისაა, რომ ბასუმში ბევრად უფრო ხელსაყრელ პირობებში, ღია სასროლეთსა და თანამედროვე ელექტროფარებზე მოემზადებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული