ტურნირი პრობლემებზე მსჯელობით დასრულდა

AutoSharing Option
ნინო სალუქვაძის სახელობის ტირში დამთავრდა შოთა ქველიაშვილის თასის გათამაშება პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში.

გუშინ გოგოები ასპარეზობდნენ, სადაც სამივე საპრიზო ადგილი მასპინძლებს ერგოთ, აზერბაიჯანელები ამჯერად მედალოსანთა შორის ვერ მოხვდნენ. ჩემპიონი სალუქვაძის კლუბის წევრი ანა გაგილაძე გახდა 362 ქულით, ვერცხლი ქუთაისელ მარიამ ჩაგანავას ერგო 359, ბრინჯაო - გაგილაძის თანაკლუბელ მარიამ ბლუაშვილს.

ჩაგანავამ და ბლუაშვილმა თანაბარი ქულა დააგროვეს 359 - 359, მაგრამ ბოლო სერიაში ქუთაისელმა ჩუბინმა უკეთესი შედეგი აჩვენა - 93 ქულა
დააგროვა, ბლუაშვილმა კი 88 გაარტყა. ჩაგანავამ სწორედ ამ ოთხქულიანი ჰანდიკაპით გაათანაბრა ანგარიში და მეორე პრიზიორიც გახდა. 358 ქულით დაამთავრა გამოსვლა გოგოების ახალგაზრდული გუნდის ქუთაისელმა ლიდერმა ნინო ფანჩულიძემ და მეოთხეზე გავიდა. ამ ნაკრების კიდევ ერთი წევრი თეონა იაშვილი კი ამჯერად მეშვიდე იყო. შეგახსენებთ, რომ ფანჩულიძემ რამდენიმე ტურნირში 370-იან მიჯნას გადააბიჯა, მსოფლიოს ახალგაზრდულ პირველობაზე კი მეექვსეზე გავიდა.

ქველიაშვილის ტურნირში უცხოელთაგან მხოლოდ აზერბაიჯანელები მონაწილეობდნენ. ქალთა შორის ოქროს მედალიც მათ დარჩათ - მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონსა და ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსან ირადა აშუმოვას. სალუქვაძე მეორეზე გავიდა, მესამე კი აშუმოვას დისშვილი ნიგიარ ბაგიროვა იყო. ვაჟებშიც აზერბაიჯანელმა სტუმარმა იმარჯვა. შარშანდელმა ჩემპიონმა რასულ მამედოვმა, ლევან ქადაგიძემ ვერცხლი ირგუნა, ბრინჯაო - დავით ახვლედიანმა.

ბიჭებში, გოგოების გუშინდელი შეჯიბრების არ იყოს, კვარცხლბეკი მთლიანად ქართველებმა შეავსეს - ოქრო თბილისელმა ომარ სანოძემ მოიპოვა, ვერცხლი - ქუთაისელმა შოთა გირგვლიანმა, ბრინჯაო - დედაქალაქელმა გიორგი წაწალაშვილმა. მედალოსნები გუშინ დააჯილდოვეს, შეჯიბრების დასრულების შემდეგ. მათ დიპლომები და მედლები გადაეცათ, მთავარი პრიზი, საკმაოდ დიდი და ლამაზი თასი კი აშუმოვამ ჩაიბარა, როგორც ქალთა ტურნირის გამარჯვებულმა. დაჯილდოებას არ ესწრებოდნენ მამედოვი და ბაგიროვა - ისინი სტუდენტები არიან და შეჯიბრების დამთავრებისთანავე ლექციებზე გაემგზავრნენ ბაქოში.

შეჯიბრების ორგანიზატორი (ცხადია, შესაბამის სამსახურებთან ერთად) და მასპინძელი ნინო სალუქვაძე კმაყოფილია ტურნირით: "სპორტსმენებმა საზაფხულო შესვენების შემდეგ ვარჯიში სექტემბერში განაახლეს. თან ყველა სწავლობს, სტუდენტია, სასწავლო წელიც დაეწყოთ და ძნელია, ერთდროულად სწავლასაც მიხედო მაღალ დონეზე და - სპორტსაც. ამის მიუხედავად, ახალგაზრდების გამოსვლით, როგორც გოგოებში, ასევე ბიჭებში კმაყოფილი ვარ, დამაიმედებელი შედეგებია.

რამდენიმეს მაჩვენებელი ისეთია, ნაკრებში მათ აყვანაზეც შეიძლება ვიფიქროთ. მაგალითად, სანოძე, გაგილაძე, ფანჩულიძე, თუმცა დეკემბერში კიდევ გვექნება შეჯიბრება და ვნახოთ, როგორ გამოვლენ, იქაც შევამოწმებთ მათ და ნაკრები მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოყალიბდება.

ფანჩულიძე ამჯერად მეოთხეზე გავიდა. ის სავარჯიშოდ თბილისში გადმოვიყვანეთ, იარაღი შეიცვალა და იყო ობიექტური მიზეზები, ოღონდ მათ შეკრებები თუ არ ჩაუტარეს, მხოლოდ აქ ვარჯიში არ უშველის საქმეს. დეკემბერში ვითხოვთ შეკრებას ერევანში და ვნახოთ, თუ დაგვიფინანსეს. როგორც იქნა, იქაურ ფედერაციაში დალაგდა სიტუაცია და დღესაც დამირეკეს, მოწვევას გამოგიგზავნით და ჩამოდითო".

უდესიანის იმედიანი დაპირებები ტყვიის სროლის ბედნიერი მომავლის ფონზე
სამწუხაროდ, სრულფასოვანი შეკრებები და სავარჯიშო ბაზა ჩვენი მსროლელებისთვის კვლავაც გადაუჭრელ პრობლემად რჩება. ამ მხრივ თავად სალუქვაძეს ხელი არ ეშლება, რასაც ვერ ვიტყვით სხვებზე. ამ თემებზე მსჯელობა ფედერაციის პრეზიდენტ გია უდესიანთან გაიმართა, რომელიც ტურნირის დახურვაზე მოვიდა. განსაკუთრებული ყურადღება ქუთაისელთა პრობლემებს დაეთმო, თუმცა მანამდე ჩვენ დავინტერესდით, რა მდგომარეობაა ბაზის მშენებლობის თვალსაზრისით, რომელიც ფედერაციისთვის ვარკეთილში გამოყოფილ ტერიტორიაზე აქამდეც უნდა დაწყებულიყო.

უდესიანმა საკმაოდ ოპტიმისტური პასუხი გაგვცა: "ჩვენი გაანგარიშებით, ეს ბაზა 2.5-3 მილიონი დოლარი დაჯდება. უკვე მოიძებნა სპონსორი, რომელიც ამ საქმეში ჩადებს ინვესტიციას, თუმცა ეს საჩუქარი იქნება ფედერაციისთვის და არა ინვესტიცია. ამ ბაზის წინასწარი, ეგრეთ წოდებული შავი პროექტი უკვე გაკეთებულია. ამისთვის ჩვენი სპეციალისტები ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ თამაზ იმნაიშვილთან ერთად ბაქოში მივავლინეთ და ნიმუშად იმათი ბაზის პროექტი ავიღეთ. უბრალოდ, მასში არქტიტექტურულად შევიტანთ ცოტა ცვლილებას. ვვარაუდობთ, რომ გაისად, წლის ბოლოს, ეს ბაზა უკვე მზად უნდა იყოს".

უდესიანმა ძალზე ოპტიმისტური პასუხი კი გაგვცა, მაგრამ ბოლოს ისიც დაამატა, თუ ვერ მოხერხდა ბაზის აშენება, მაშინ პოსტიდან გადავდგებიო - ეტყობა, მაინც ხედავს რაღაც საშიშროებას, რომ შეიძლება, ეს იმედიანი ფრაზები არ გამართლდეს. ღმერთმანი, ნამდვილად გვირჩევნია მოვლენათა ისეთი განვითარება, მას ფედერაციის პრეზიდენტად დარჩენა მოუწიოს და არა სიტყვის შესრულება, ანუ წასვლა.

მთავარია, სასტენდო და ტყვიის სროლაში ქვეყანამ გამართული სპორტული ინფრასტრუქტურა მიიღოს. კარგი იქნება, იმ სასროლეთის მშენებლობა თუ დაჩქარდება.

დაპირება ქუთაისელებს და არა მხოლოდ.
უდესიანთან ჩვენს საუბარს სპორტსმენები და მწვრთნელები დიდი ინტერესით უსმენდნენ. სწორედ მაშინ წამოიჭრა ქუთაისელთა პრობლემებიც. იქაური სპორტის ხელმძღვანელმა, ახლო წარსულში ტყვიის მსროლელთა ნაკრების წევრმა, გუნდურში ევროპის ვიცე-ჩემპიონმა და რამდენიმე ოლიმპიადის მონაწილე ნინო უჩაძემ პრეზიდენტს იარაღით და ტყვია-წამლით მომარაგებაში დახმარება სთხოვა.

მისი თქმით, პისტოლეტები ძალზე ცოტა აქვთ, ვარჯიშის მსურველთა რაოდენობა კი სულ უფრო იზრდება და ვერ აკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს. თუმცა ქუთაისელებს სასიამოვნო სიახლეც ჰქონიათ - დღე-დღეზე მათ სამსახურში ჩადგება ახალგარემონტებული დახურული ბაზა, სადაც 25-მეტრიანი ტირიც ექნებათ და - 10-იანიც. მართალია, ის მოცულობით პატარა იქნება, მაგრამ ამ პირობებში მათთვის ესეც დიდი შენაძენია. სწორედ ამ ბაზის გვერდით შენდება პარლამენტის შენობა და გაფართოება საეჭვო შეიძლება გახდეს, თორემ გვერდით მიწის ფართი რეალურად არის.

უდესიანი მათ დაჰპირდა, რომ იარაღის შემოტანასთან დაკავშირებულ პრობლემებს მოუგვარებს. საზღვარზე იარაღის თუ საბრძოლო მასალის (იარაღთან ერთად, ამაში მასრები და ტყვია-წამალიც იგულისხმება) გადმოტანა ხომ მთელი პრობლემაა თავისი ტენდერებით და გაჭიანურებული პროცედურებით, ამისგან თავის დასაღწევად კი, უდესიანის თქმით, საგანგებო ფირმა შექმნილა, რომელიც ხელშეკრულების საფუძველზე ფედერაციას ამ პროცედურებს თავიდან ააცილებს.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ აჯობებს, კანონი გახდეს იმდენად მოქნილი, ეს ბარიერი თავისთავად მოისპოს. ბიუროკრატიული პროცედურები ქუთაისელებთან მიმართებაში სხვა მხრივაც წამოტივტივდა - თურმე იქ "დინამოს" საკუთრებაში არსებული მეორე სასროლეთიც ყოფილა, დრო-ჟამისგან გაპარტახებული, რომელიც ზემოაღნიშნულ ახალგარემონტებულ დარბაზზე რამდენჯერმე დიდია, მაგრამ ისევ და ისევ უწყებრივი ბარიერების გამო მისი გარემონტება ვერ მოახერხეს და არჩევანი უფრო პატარაზე შეაჩერეს.

უდესიანს გუშინ დაპირებები მხოლოდ ქუთაისელებისთვის არ მიუცია. მისი თქმით, გაისად ბევრად მეტი შიდა ტურნირი ჩატარდება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, რაც სპორტსმენებს გაცილებით მეტ შანსს მისცემს. ამასთან, თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან თანამშრომლობით, გაისად სკოლებშიც იგეგმება სექციების ჩამოყალიბება, რათა ბავშვებმა იარაღის მოხმარება ისწავლონ. ასეთი მიდგომა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია აპრობირებული, სადაც სროლის სახეობები პრიორიტეტულადაა მიჩნეული და არმიასთან, ქვეყნის თავდაცვასა და უშიშროებასთან ასოცირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული