მეათე გამარჯვება რეკორდის გასაუმჯობესებლად

AutoSharing Option
ვროცლავში გრძელდება მსოფლიოს სუპერთასის ფინალური ტურნირი ტყვიის სროლაში. ხვალ შეჯიბრება პნევმატური პისტოლეტით სროლაში გაიმართება, რომელშიც ჩვენი სახელოვანი მსროლელი, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძეც იასპარეზებს.

ამ დისციპლინაში სულ ცხრა მანდილოსანია დაშვებული: სალუქვაძე, ფრანგი ევროპის ჩემპიონი სელინ გობერვილი და მისი თანამემამულე, ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი სტეფანიე ტიროდე, ფინელი ევროპის ვიცე-ჩემპიონი მირა სუჰონენი, რუსი მსოფლიოს ჩემპიონი კირა კლიმოვა, ავსტრალიელი მსოფლიოს ბრინჯაოსა და ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი ლოლიტა იევლევსკაია, უკრაინელი მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ოლენა კოსტევიჩი, სერბი მსოფლიოს ჩემპიონი ზორანა არუნოვიჩი და ჩინელი სუნ
ქი.

როგორც ვხედავთ, აქ უფრო სუსტი შემადგენლობაა შეკრებილი, ვიდრე - სპორტული პისტოლეტიდან სროლაში იყო, სადაც სალუქვაძემ ორი დღის წინ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

თუმცა ჩვენთვის ყველაზე უფრო საინტერესო ამ სიაში სერბი ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ იასნა სეკარიჩის არყოფნაა, რაც იმას ნიშნავს, რომ სალუქვაძე მსოფლიოს სუპერთასის რაოდენობით მასთან არსებულ სამთასიან უპირატესობას მინიმუმ ერთი წლით შეინარჩუნებს.

შეგახსენებთ, რომ ჩვენებურს ეს პრესტიჟული პრიზი 9-ჯერ მოუპოვებია, 6-6 სუპერთასით სეკარიჩს და სპორტიდან წასულ ჩინელ ოლიმპიურ ჩემპიონ ტაო ლუნაა აქვთ. სალუქვაძის მთავარი ამოცანა სუპერთასის მეათედ მოგებაა, რითაც თავის რეკორდს კიდევ უფრო გაზრდის. მას ამის შანსი სპორტულში ორი დღის წინაც მიეცა, თუმცა ჩეხ ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონ ლენკა მარუსკოვას ჩამორჩა და ვერცხლს დასჯერდა. 

აქვე შეგახსენებთ, რომ სეკარიჩი სალუქვაძის მეორე რეკორდის პოტენციური კონკურენტიცაა -  თუ გაისად სერბი მოიპოვებს ოლიმპიადის ლიცენზიას, მაშინ ისიც მეშვიდე თამაშებზე გამოვა. ჯერჯერობით საგზური არც მას აქვს და კიდევ ერთ 6-გზის ოლიმპიელს, ბერძენ აგატა კასუომის, რომელიც ცალი ფეხით უკვე წასულია სპორტიდან და მხოლოდ თამაშებზე მეშვიდედ მოხვედრის სურვილით აგრძელებს ასპარეზობას, მაგრამ - ინერციით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული