ნინო სალუქვაძე გერმანიაში ისვრის

AutoSharing Option
მიუნხენში გუშინ საზეიმოდ გაიხსნა მსოფლიოს თასის რიგით მეოთხე, სეზონის დასკვნითი ეტაპი ტყვიის სროლაში, რომელშიც 45 ქვეყნის 884 მსროლელი ასპარეზობს. მათ შორის მხოლოდ ორი ქართველია - ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე და ლევან ქადაგიძე.

ჩვენები ცეცხლის ხაზზე პირველად 19 ივნისს დადგებიან - სპორტული პისტოლეტიდან ისვრიან. პნევმატურში ქადაგიძე 21-ში, სალუქვაძე - ტურნირის ბოლო დღეს, 22 ივნისს.

ჩვენი მსროლელებისთვის ამ შეჯიბრებას წმინდა სატურნირო მნიშვნელობა აქვს - პრაქტიკას მიიღებენ, თორემ სხვა სარგებელი რაც შეიძლებოდა, სალუქვაძემ უკვე მანამდე მიიღო. მოგეხსენებათ, მან მოიგო ავსტრალიაში
გამართული პირველივე ეტაპი, რითაც ლონდონის ოლიმპიადის საგზურიც მოიპოვა და შემოდგომაზე ისევ მიუნხენში გასამართი მსოფლიოს თასის სუპერფინალისაც, ეს კი მაქსიმუმია, რისი მოცემაც ამ რანგის შეჯიბრებას შეუძლია.

სწორედ ამიტომ მან გამოტოვა მსოფლიოს თასის წინა ეტაპი, რომელიც ამერიკულ ფორტ ბენინგში გაიმართა. მიზეზი ხშირი გადაფრენა იყო - ოლიმპიური ჩემპიონი ჯერ ავსტრალიაში გამოვიდა, იქიდან საქართველოში დაბრუნდა და ერთ კვირაში კორეაში გაემგზავრა მსოფლიოს თასის მეორე ეტაპზე, ერთ თვეში კი ამერიკაში უწევდა გადაფრენა... ვინაიდან ავსტრალიური წარმატებით ყველაფერი მიღებული ჰქონდა, დედამიწის გარშემო ასეთ დამღლელ კრუიზს შინ დარჩენა ამჯობინა, დაზოგილი ფულით კი ახლანდელი შეჯიბრების წინ მიუნხენში გაიარა შეკრება. სამწუხაროა, რომ ფინანსური კრიზისის გამო ფედერაციამ გერმანიაში სხვა მსროლელთა გაგზავნა ვერ მოახერხა - ვერც შეკრებაზე და ვერც შეჯიბრებაზე.

მოგეხსენებათ, ლონდონის ოლიმპიადა მეშვიდე იქნება სალუქვაძის კარიერაში, რითაც რეკორდსმენია როგორც ქართული სპორტის ისტორიაში, ასევე - საერთაშორისო ტყვიის სროლაშიც. შეგახსენებთ, რომ სადღეისო მონაცემებით მისი დაწევა მხოლოდ სერბ ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ იასნა სეკარიჩს შეუძლია, თუმცა ჯერჯერობით მან საგზური ვერ მოიპოვა.

არის კიდევ ერთი მსროლელი, ბერძენი აგატა კასუომი, რომელიც 6 თამაშებში გამოვიდა, შარშან მსოფლიოს პირველობაზეც გამოჩნდა (რომელიც ასევე მიუნხენში გაიმართა), მაგრამ ეს მისთვის პეკინის ოლიმპიადის შემდეგ პირველი შეჯიბრება იყო და არც იმის შემდეგ გამოჩენილა სადმე. თუმცა ბერძენთა არც ისე ძლიერმა გუნდმა პირველი ლიცენზია მაინც მოიპოვა - ფორტ ბენინგში ათინა დუკამ პნევმატური იარაღიდან სროლაში დაისაკუთრა. მის გარდა ამ სახეობაში ამერიკაში ლიცენზიები ფრანგმა ევროპის ჩემპიონმა სელინ გობერვილმა და ინდოელმა ანი რაი სინგჰმაც მოიპოვეს.

ამერიკაში სიურპრიზი შემოგვთავაზეს ინდოელებმა - სინგჰი ხომ მეორე იყო, სპორტული პისტოლეტიდან სროლაში რაჰი სარნობატი მესამეზე გავიდა და იმანაც ასევე მოიპოვა საგზური, რასაც ერთი იქაურმა ვაჟებმა დაუმატეს და ინდოეთში სამი ლიცენზიით დაბრუნდნენ. თუმცა აზიელთა სასაგზურე ჩამონათვალი ამით არ დასრულებულა - ქალთა შორის სპორტული პისტოლეტით ასპარეზობაში მონღოლი ოლიმპიური პრიზიორი გუნდეგმაა ოტრიადი მესამე იყო და ისიც შეუერთდა ლიცენზირებულთა სიას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული