ნინო სალუქვაძის მორიგი წარმატება

AutoSharing Option
ნინო სალუქვაძემ წარუმატებლად არც კორეულ ჩანჯოუში მიმდინარე მსოფლიოს თასი დატოვა. კვირას ის სპორტული პისტოლეტიდან სროლაში მერვე ადგილზე გავიდა, თუმცა რეაბილიტაცია გუშინ პნევმატური იარაღით ასპარეზობისას მოახდინა - ბრინჯაო მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ორი კვირის წინ ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა სალუქვაძემ ამავე დისტანციაზე სიდნეიში გაიმარჯვა და ლონდონის ოლიმპიადის საგზურსაც დაეუფლა. როგორც მაშინ, მან საკვალიფიკაციო ეტაპზე ახლაც 385 ქულა დააგროვა, თუმცა ამჯერად საგრძნობლად ჩამორჩა რამდენიმე კონკურენტს. კერძოდ, ტურნირის მომავალმა გამარჯვებულმა, ჩინელმა სუნ ჩიმ
და უკრაინელთა მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ოლენა კოსტევიჩმა 391-391 დააგროვეს და იმთავითვე ცხადი გახდა, რომ ჩემპიონობაში მათ ვერავინ შეეცილებოდა.

ჩვენებურს ბელარუსთა ორგზის მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი, 387-იანი ვიქტორია ჩაიკაც უსწრებდა, თავად კი კორეელ მინჯინ პარკსა და ავსტრალიელ დინა ასპანდიაროვასთან ერთად IV-VI ადგილებს იყოფდა. ფინალურ ოქტეტში დანიელი ევროპის ჩემპიონი სუსანა მეიერჰოფი და ბულგარელი ანტოანეტა ბონევაც შედიოდნენ 384 ქულით. აღსანიშნავია აქამდე შედარებით შეუმჩნეველი ბონევას წლევანდელი პროგრესი - სპორტულში აქაც მესამე იყო და სიდნეიშიც, რითაც ოლიმპიური ლიცენზიაც გაინაღდა.

შესარჩევის ოთხ სერიაში სალუქვაძემ ყველაზე კარგად მესამეში იასპარეზა, როცა 10-იანს მხოლოდ ერთხელ ააცილა და 99 ქულა დააგროვა. სხვებში მისი შედეგები 97, 94 და 95 იყო. მთელ ამ ციკლში მას ორი 8-იანიც ჰქონდა.

ფინალში ჩვენებურმა კიდევ ერთხელ გამოავლინა ხასიათის სიმტკიცე და საუკეთესო შედეგი აჩვენა - 100,7 ქულა. მართალია, ამით დაწინაურებულებს ვერ დაეწია, მაგრამ, სამაგიეროდ, ბრინჯაოს მედალს შეწვდა - ჯამში 486,7 ქულა დააგროვა. საინტერესოდ წარიმართა ოქროსთვის ბრძოლა ჩინელსა და უკრაინელს შორის - ჩემპიონის ბედი 0,1-მა გადაწყვიტა. უფრო მტკიცე ნერვები ჩინელს აღმოაჩნდა, რომელმაც ფინალში 98.9 აჩვენა, უკრაინელმა - 98.8. ამდენად, ჩის 489,9 დაუგროვდა და სამმაგ წარმატებასაც მიაღწია - ჩემპიონიც გახდა, ოლიმპიადის ლიცენზიაც მოიპოვა და მსოფლიოს თასის სუპერფინალშიც გავიდა, კოსტევიჩმა კი 489,8-ით დაასრულა გამოსვლა და მხოლოდ ვერცხლს დასჯერდა, რადგან ოლიმპიადის და სუპერფინალის საგზურები ადრევე მოიპოვა. უკრაინელი წლეულს კარგად ასპარეზობს - სიდნეიში პნევმატურში ბრინჯაო ირგუნა, სპორტულში - გაიმარჯვა, ეს კი მიმდინარე სეზონში მისი მესამე მედალია ოთხი შესაძლებლიდან.

აქვე შეგახსენებთ, რომ რადიაციის საფრთხისა და გზის სიშორის გამო ჩვენები კორეაში წასვლას არც აპირებდნენ. ალბათ, არც ნანობენ, რადგან ხელცარიელნი არ დარჩენილან. მათთვის მორიგი ტურნირი კვლავაც მსოფლიოს თასი იქნება და ისევ შორ მანძილზე მოუწევთ გადაფრენა - მესამე ეტაპი 14-23 მაისს ამერიკულ ფორტ ბენინგში ჩატარდება. ბარემ აქვე გეტყვით, რომ სულ მალე მსოფლიოს თასზე მესტენდურებიც იასპარეზებენ - ეს შეჯიბრება 19-28 აპრილს სიდნეიში ჩატარდება, იქ კი საქართველოდან დავით ქვათაძე, პავლე ლაკია და მაია გუბიევაც გამოვლენ. აქვე შევნიშნავთ, რომ გუბიევასთვის ეს წლეულს პირველი სტარტი იქნება, რომლისთვისაც საგანგებოდ მოემზადა - ბაქოში გაიარა ათდღიანი შეკრება.

კორეული შეჯიბრების შემდეგ ლონდონის ოლიმპიადის მონაწილეთა სიას ჩინელი ჩის გარდა, კორეელი პარკი და ავსტრალიელი ასპანდიაროვაც დაეუფლნენ. მართალია, ისინი მხოლოდ VI-VII ადგილებზე გავიდნენ, მაგრამ მათ წინ მყოფებს უკვე ჰქონდათ საგზურები და ადგილმონაცვლეობის პრინციპი ამოქმედდა. ეს ამბავი განსაკუთრებით ავსტრალიელებს გაახარებდათ, რადგან ბელარუსიდან `მწვანე კონტინენტზე~ გადაბარგებულ ასპანდიაროვას სიდნეიში ლიცენზიამდე ძალზე ცოტა დააკლდა - სულ რაღაც ერთი ქულა, რაც ფინალურ გასროლებში დათმო, თორემ თავიდან სამეულში შედიოდა.

ეს ავსტრალიელებისთვის მეორე საგზურია - პირველს შარშან ლალიტა იევლევსკაია დაეუფლა, როცა მსოფლიოსა და ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანმა მიუნხენში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე კოლექცია ვერცხლის მედლით გაიმდიდრა. აღსანიშნავია, რომ იევლევსკაიაც ბელარუსია, ოღონდ ასპანდიაროვასგან განსხვავებით, ის ბევრად ადრე, ჯერ კიდევ ყოფილი საბჭოთა კავშირის დროს წავიდა იქ და თან სულ სხვა გზით - იქაურ მსროლელზე გათხოვდა, მოგვიანებით კი ასპანდიაროვაც მისი რეკომენდაციით დაადგა იმ შორეულ გზას. თუმცა ჯერჯერობით ოლიმპიური ლიცენზიების რაოდენობით არა ავსტრალიელები, არამედ ჩინელები ლიდერობენ 3 საგზურით - სუნ ჩიმდე ლონდონში გამოსვლა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ინგ ჩენმა და ჯინ იუანმა გაინაღდეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული