მესტენდურთა მეზობლური გამოსვლა

AutoSharing Option
სიდნეიში გუშინ საბოლოოდ დასრულდა მსოფლიოს თასის სეზონის რიგით პირველი ეტაპი, რომელიც ამჯერად ერთმანეთის პარალელურად ტარდებოდა ტყვიისა და სასტენდო სროლაში.

ტურნირის ბოლო დღეები მესტენდურებს ეთმობოდათ, სადაც მონაწილეები მხოლოდ ვაჟებში გვყავდა - პავლე ლაკია და დავით ქვათაძე. ორდღიანი ასპარეზობა მათაც გუშინ დაამთავრეს და ლამის ერთნაირი შედეგით, ერთქულიანი სხვაობით დაასრულეს გამოსვლა. სატურნირო ცხრილშიც ერმანეთის მეზობლად განლაგდნენ - ქვათაძემ 114 ქულა დააგროვა და 62-ე ადგილზე გავიდა, ლაკია კი 113-ით 63-ზე აღმოჩნდა.

შესარჩევი ეტაპი ერთბაშად ოთხმა მსროლელმა მოიგო ერთნაირი შედეგით - ამერიკელმა ჯონ მაკგრატიმ, კვიპროსელმა
გეორგიოს აჩილეოსმა, რუსმა ვალერი შომინმა და ბრიტანელმა რიჩარდ ბრიკელმა 124-124 ქულა დააგროვეს. თითო ქულით ნაკლები ჰქონდა ფინალური ექვსეულის ბოლო ორ მონაწილეს - ნორვეგიელ ტორე ბროვოლდს და იტალიელ ლუიჯი ლოდეს. ფინალში ბრიტანელმა ძალზე სუსტად ისროლა და მედლებისთვის ბრძოლა კი არა, ამ ექვსეულში ბოლო ადგილზე გავიდა.

ორხელისუფლებიანობა გადამწყვეტ ეტაპზეც გაგრძელდა - ფინალში ამერიკელმა და კვიპროსელმა 25-25 ქულა დააგროვეს და მათ შორის დამატებითი სერია დაინიშნა, რომელშიც ამერიკელმა ერთი ქულით იმარჯვა. ამდენად, ჩემპიონიც გახდა, კვიპროსელი კი ვერცხლს დასჯერდა. 24-24 ქულა დააგროვეს შომინმა, ლოდემ და ბროვოლდმა, მაგრამ რადგან რუსმა მათ შესარჩევში აჯობა, საბოლოო ჯამშიც გაუსწრო და ბრინჯაოც ირგუნა.

მსოფლიოს თასის მომდევნო ეტაპი მსროლელებისთვის ისევ ცალ-ცალკე გაიმართება - ტყვიის მსროლელები 7-15 აპრილს სამხრეთკორეულ ჩანჯოუში იასპარეზებენ, ხოლო მესტენდურები 19-28 აპრილს პეკინში შეიკრიბებიან. მესტენდურებისას ჯერ ვერაფერს გეტყვით, ტყვიის მსროლელები კი, შესაძლოა, რადიაციის საშიშროების გამო კორეაში არ წავიდნენ. იქ ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ნინო სალუქვაძის, ლევან ქადაგიძისა და მწვრთნელ ვახტანგ სალუქვაძის გაგზავნა იგეგმებოდა, მაგრამ იაპონიაში 11 მარტიდან მიმდინარე ზოგადსაკაცობრიო კატასტროფამ გეგმების შეცვლა აიძულათ - იაპონიასა და მის მიმდებარე რეგიონში რადიაცია მართლაც საგანგაშო დონეზეა.

კაცმა რომ თქვას, ეს ტურნირი ჩვენებს უკვე დიდად არც სჭირდებათ - მსგავს შეჯიბრებაზე რისი მოგებაც შეიძლებოდა, სალუქვაძემ სიდნეიში ყველაფერი მოიგო. მსოფლიოს თასის ეტაპები, ჩვეულებრივ, სუპერფინალის საგზურს იძლევიან, წლეულს კი ამას ოლიმპიადის ლიცენზიაც დაემატა. როგორც იცით, სალუქვაძემ სიდნეიში პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში გაიმარჯვა, რითაც ორივე საგზური მოიპოვა - სუპერფინალისაც და ოლიმპადისაც. ამიტომ ახლა კორეულ შეჯიბრებას მხოლოდ პრაქტიკული დატვირთვა დარჩა ანუ საშეჯიბრო პრაქტიკის მიღებაში თუ დაეხმარება, მაგრამ რადიაციის საფრთხის წინაშე ეს პერსპექტივაც უძლურია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული