სიდნეიში ლონდონის ლიცენზიებისთვის

AutoSharing Option
დღეიდან ტყვიის მსროლელები სალიცენზიო ტურნირების გრძელ გზას გაუყვებიან. მათ ამ რანგის ერთი შეჯიბრება - მსოფლიოს ჩემპიონატი შარშან უკვე მოილიეს, წლეულს კი ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის საგზურები მსოფლიოს თასებზე გაიცემა.

ეს თასი სეზონში კვლავაც ოთხ ეტაპად გაიმართება, ყოველ მათგანზე კი, ადრინდელი ერთის ნაცვლად, ამჯერად სამ-სამი ლიცენზია დარიგდება. თანაც - პნევმატური და სპორტული პისტოლეტიდან სროლებში - ცალ-ცალკე. თუმცა საკმარისია, ერთგან მოიპოვო და ოლიმპიადაზე ორივე დისციპლინაში იასპარეზებ ანუ ცალ-ცალკე მოპოვება არაა სავალდებულო. სამაგიეროდ, შენს მიერ აღებული ლიცენზიით ვერც სხვა თანაგუნდელს გაიყოლებ თამაშებზე, როგორც
ადრე ხდებოდა.

შეგახსენებთ, რომ მაშინ საგზურის ორივე დისტანციაზე მოპოვებით შენსავე ფედერაციას დამატებით მეორე ლიცენზია ეძლეოდა, თუმცა ეს წესი ათენის ოლიმპიადის შემდეგ შეიცვალა. ამ თემაზე საუბრისას იმასაც განვმარტავთ, რომ ადგილმონაცვლეობის პრინციპი იმოქმედებს ანუ თუ საგზურს უკვე ლიცენზირებული მსროლელი მოიპოვებს, მაშინ მის მომდევნოს გადაეცემა და ასე შემდეგ. ამდენად, ლონდონური ვიზის მისაღებად იქნებ სამეულში შესვლა არც იყოს აუცილებელი და ეს უფლება უფრო დაბალ საფეხურზე მყოფმაც კი მოიპოვოს.

წლევანდელ კალენდარში კიდევ ერთი სალიცენზიო შეჯიბრებაა - აგვისტოს პირველივე კვირაში ბელგარდში გასამართი ევროპის პირველობა სპორტული პისტოლეტიდან სროლაში. გაისად მხოლოდ ერთი ასეთი ტურნირია, რადგან საგზურები მსოფლიოს თასის ეტაპებზე აღარ გაიცემა და მარტო პნევმატური იარაღიდან სროლაში გასამართ კონტინენტის პირველობაზე დარიგდება.

წლევანდელი სეზონის რიგით პირველი მსოფლიოს თასი დღეს იწყება სიდნეიში, სადაც ტყვიის მსროლელთა შეჯიბრების პარალელურად მესტენდურებისაც ტარდება. ჩვენები ორივეგან გამოდიან ორ-ორი მონაწილით - ტყვიის მსროლელთა შორის ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე და ლევან ქადაგიძე გამოვლენ, მრგვალ სტენდზე კი დავით ქვათაძე და პავლე ლაკია ეცდებიან სამიზნეების დამსხვრევას.

ჩვენი კვარტეტიდან შეჯიბრებაში ყველაზე ადრე სალუქვაძე ჩაებმება - ის დღეს იასპარეზებს პნევმატური იარაღიდან სროლაში. 26-27 მარტი სპორტული პისტოლეტით ასპარეზობას დაეთმობა, მესტენდურები კი ცეცხლის ხაზზე შეჯიბრების დასკვნით ნაწილში - 30-31 მარტს დადგებიან.

ამ შეჯიბრებას სულ რაღაც ერთ კვირაში ანალოგიური ტურნირი კორეულ ჩანჯოუში მოსდევს. სიდნეიში ჩასული სპორტსმენების უმეტესობა ან ავსტრალიაშივე დარჩება, ან - კორეაში გადავა და ერთკვირიან შეკრებასაც გაივლიან, რასაც ჩვენები, სამწუხაროდ, სავიზო პრობლემების გამო ვერ ახერხებენ. ისინი იძულებულნი არიან, ავსტრალიდან თბილისში დაბრუნდნენ, 2-3 დღეში კი კორეაში გაემგზავრონ. საწყენია, ასე გაუმართლებლად რომ უწევთ მთელი კონტინენტის გადაფრენ-გადმოფრენა. თან სეულში ჩასულებსაც ავტობუსით საკმაოდ შორი მანძილის გავლა მოუწევთ ჩანჯოუმდე.

აქვე გეტყვით, რომ კორეაში მსოფლიოს თასი მხოლოდ ტყვიის სროლაში ტარდება, მესტენდურები კი მეორე ასეთ შეჯიბრებას 19-28 აპრილს პეკინში გამართავენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული