ევროპის ჩემპიონატი. ტყვიის სროლა: ბაქოში გამრუდებული სამიზნე

AutoSharing Option
ბაქოში დაიწყო ევროპის ჩემპიონატი სროლის სახეობებში, რომელშიც ჯერჯერობით მხოლოდ ტყვიის მსროლელები გამოდიან, თუმცა ისინიც - სპორტული პისტოლეტიდან სროლაში, რადგან პნევმატურიდან შეჯიბრება სეზონის დასაწყისში მოიმთავრეს.

ჩემპიონატში ჯერ ძირითადად მამრობითი სქესის წარმომადგენლები გამოდიან - უფროსი ასაკის ვაჟები და ახალგაზრდებში - ბიჭები, მანდილოსნები კი უფრო ბოლო ფაზაში ჩაებმებიან.

ბაქოში ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში მსოფლიოს მესამე ახალგაზრდული ოლიმპიადის ევროპის ზონის სალიცენზიო შეჯიბრებაც იმართება, ოღონდ - მარტო პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში. ის ჯერ მხოლოდ ბიჭებში ჩატარდა, სადაც ერთი მონაწილე გვყავდა - აკაკი მოსულიშვილი.

საასპარეზოდ გასული ჩვენი სამეულიდან
ყველაზე უკეთ ის გამოვიდა, თუმცა ფინალის საგზურის გარეშე მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით დარჩა და, შესაბამისად, ვერც ლიცენზია მოიპოვა.

მოსულიშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპი 563 ქულით დაასრულა და VII-IX ადგილები გაიყო პოლონელ ტომაშ პივოვარსკისთან და შვეიცარიელ იასონ სოლარისთან.

საინტერესოა, რომ ბოლო სერია სამივემ 93 ქულით დაასრულა, თუმცა, სამწუხაროდ, მეტოქეებს უფრო მეტი 10-იანი ჰქონდათ და ფინალის ბოლო ორი საგზურიც მათ მიიღეს, ჩვენებური კი მეცხრე ადგილზე დარჩა.

მართალია, არგენტინაში გაისად გასამართავი ახალგაზრდული ოლიმპიადის საგზურს არც ფინალში გასვლა იძლეოდა ავტომატურად - საამისოდ სამეულში უნდა შესულიყვნენ, მაგრამ ასე მცირედი ჩამორჩენა მაინც ფრიად დასანანია. ამჯერად არგენტინის საგზურებს გერმანელი ნილს სტრუბელი, ბულგარელი კირილ კიროვი და ბელარუსი აბდულ-აზიზ კურძი დაეუფლნენ, სხვებს კი განმეორებითი შანსი გაისად მიეცემათ ევროპის ჩემპიონატზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში.

ვაჟებში ლევან ქადაგიძემ იასპარეზა, თუმცა ფინალში ვერ მოხვდა - 528 ქულით 31-ე ადგილზე გავიდა. სამწუხაროდ, მან ჩააგდო პირველი სერია - მხოლოდ 81 ქულა, თუმცა მეოთხესა და მეექვსეშიც არ ჰქონდა სახარბიელო შედეგები: 87 და 89. დანარჩენებში 91 და ორჯერ 90 ქულა დააგროვა.

ევროპის ჩემპიონი უკრაინელი პავლო კოროსტილოვი გახდა 230.5 ქულით. ვერცხლს 226.0-ით სერბი დამირ მიკეცი დაეუფლა, ბრინჯაოს - ლატვიელი ლაურის სტრაუტმანისი 208.7-ით.

ცოტნე მაჭავარიანი ახალგაზრდებში გამოვიდა, თუმცა ფინალში ვერც ის გავიდა - 526 ქულით დაასრულა გამოსვლა, რაც მე-19 შედეგი აღმოჩნდა. დიდად ვერც მან გაიბრწყინა და ექვსიდან ოთხ სერიაში 90-იან ზღვარსაც ვერ გადასცდა: 87, 83, 85 და 86. მხოლოდ მესამე და მეექვსე სერიებში გადასცდა ამ მიჯნას, მაგრამ დიდად ვერა: 93 და 92 ქულა.

ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონის ტიტულს გერმანელი რობინ ვალტერი დაეუფლა 226.2 ქულით. მეორეზე რუსი ანტონ არისტარკოვი გავიდა 225.4-ით, მესამეზე - იტალიელი ალესიო ტორაჩი 203.4-ით.

დღეს ევროპის ჩემპიონატში უკვე მესტენდურები ჩაებმებიან - თავდაპირველად სასანგრე სტენდზე მსროლელები. ჩვენგან სახეობაში სროლის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი კახა სიხარულიძე ისვრის, საკვალიფიკაციო შეჯიბრება კი ხვალ დაიწყება და ზეგ დამთავრდება. ზეგვე ჩატარდება ფინალიც.

ზეგ, 27 ივლისს დაიწყებს გამოსვლას ტყვიის სროლაში ქალებში ჩვენი ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის სამგზის ჩემპიონი ნინო სალუქვაძეც, თუმცა ამ დღეს საკვალიფიკაციო ეტაპის მხოლოდ ნახევარი ჩატარდება, საბოლოოდ კი 28-ში დასრულდება. მაშინ გამოვლინდება ფინალური ოქტეტიც და ფინალიც იმავე საღამოს ჩატარდება.

28-შია ახალგაზრდული ოლიმპიადის სალიცენზიო შეჯიბრებაც გოგოებში, სადაც ორი ახალგაზრდა ქუთაისელი მსროლელი გვეყოლება - ლიზი კილაძე და ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონი ნინო ხუციბერიძე.

31 ივლისიდან ბაქოს ოლიმპიური სასროლეთი მრგვალ სტენდზე მსროლელ ვაჟებს დაეთმობათ, იქ კი სრული გუნდით ვიასპარეზებთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული