მსროლელები დედამიწის გარშემო

AutoSharing Option
23-31 მარტს სიდნეი მსოფლიოს თასს უმასპინძლებს ტყვიისა და სასტენდო სროლაში, რომლებშიც საქართველოდან ორ-ორი მსროლელი იასპარეზებს. ტყვიის სროლაში ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე და ლევან ქადაგიძე გამოვლენ, მესტენდურთა შორის კი მონაწილენი მხოლოდ მრგვალ სტენდზე გვეყოლებიან - დავით ქვათაძე და პავლე ლაკია.

ლაკია მოსკოვში ცხოვრობს და ავსტრალიაშიც იქიდან ჩავა, დანარჩენები კი თბილისიდან 19 მარტს გაემგზავრებიან. შეჯიბრებაში ყველაზე ადრე სალუქვაძე ჩაებმება - პირველივე დღეს, 23 მარტს პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში გამოვა, მეორე დღეს კი იმავე სახის იარაღით ქადაგიძე ისვრის. ისინი 27-ში უკვე
ერთად დადგებიან ცეცხლის ხაზზე და სპორტული პისტოლეტით შეეცდებიან წარმატების მიღწევას, მესტენდურთა შორის კი შესარჩევ ეტაპს 29-30 მარტი ეთმობა, ხოლო ფინალის დასკვნითი დღე 30-ია.

ტყვიის მსროლელთათვის წლევანდელი მსოფლიოს თასები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ახალი წესით, ამ სეზონში ყველა მათგანი სალიცენზიოა და სამ-სამი საგზური გაიცემა. ეს ბევრად უკეთესია, ვიდრე - ადრინდელი, როცა ამ რანგის ტურნირში მხოლოდ 1 ლიცენზია თამაშდებოდა, თუმცა ცუდია ის, რომ გაისად უკვე აღარ ექნებათ ამგვარი დანიშნულება.

საერთოდ, სპორტის ამ სახეობაში საგზურების განაწილების წესი საგრძნობლად შეიცვალა - ადრე თუ სამი წლით ადრე იწყებოდა, ახლა სოკ-ის ახალ მოთხოვნათა შესაბამისად, 2,5-წლიან ვადაში კი ჯდებიან, მაგრამ შარშან სალიცენზიო სტატუსი მხოლოდ მსოფლიოს პირველობას გააჩნდა, წლეულს მსოფლიოს თასებთან ერთად ევროპის მხოლოდ ერთ პირველობას ექნება - ზაფხულში სპორტული პისტოლეტიდან გასამართს, გაისად კი შარშანდელივით ერთადერთ შეჯიბრებაზე დარიგდება - კვლავაც კონტინენტის ჩემპიონატზე, ოღონდ ამჯერად პნევმატურში.

როგორც ვხედავთ, ამ ახალი წესით სალიცენზიო შეჯიბრებების რაოდენობა შემცირებულია - ყველაზე ბევრი ამგვარი ტურნირი წლეულს გაიმართება. სამაგიეროდ, უცვლელად რჩება ის, რომ ერთ დისციპლინაში მოპოვებული საგზურით ოლიმპიადაზე ორივეში იასპარეზებ. აქვე იმასაც გეტყვით, რომ სალიცენზიო შეჯიბრებებში ადგილმონაცვლეობის პრინციპიც იმოქმედებს. ანუ, თუ სამეულში უკვე ლიცენზირებული მსროლელი მოხვდება, საგზური მომდევნოს გადაეცემა და ასე შემდეგ.

წლეულს ტყვიის მსროლელებს ძალზე ცუდი კალენდარი აქვთ. თავად განსაჯეთ - მსოფლიოს თასის ოთხივე ეტაპი ოთხ კონტინენტზეა გადანაწილებული - ავსტრალიაში, აზიაში, ამერიკასა და ევროპაში ასეთივე თანმიმდევრობით. ამათგან ავსტრალია-კორეაში თითქოს კი შეიძლებოდა ერთ ხარჯში გამოსვლა, მაგრამ მათ შორის ორკვირიანი შუალედია. ჩვენები ავსტრალიიდან ისევ თბილისში ბრუნდებიან და კორეულ ჩანჯოუშიც აქედან გაფრინდებიან 7-15 აპრილს გასამართ მორიგ ეტაპზე. 14-23 მაისს უკვე ამერიკული შეჯიბრებაა ფორტ ბენინგში ანუ ჩვენები მთელ გაზაფხულს დედამიწის ირგვლივ მოგზაურობაში გაატარებენ. მსოფლიოს თასის დასკვნითი, მეოთხე შეჯიბრება 16-23 ივნისს მიუნხენშია, სადაც, ალბათ, ახალგაზრდებიც წავლენ, კორეაში კი ისევ სალუქვაძე-ქადაგიძის დუეტი იასპარეზებს.

ავსტრალია-აზიას შორის მოუწევთ მოგზაურობა მესტენდურებსაც. მათი მსოფლიოს თასის ეტაპი მხოლოდ ამჯერად ემთხვევა ტყვიის მსროლელებისას, მერე კი ცალ-ცალკე გაიმართება. მათთან ამ რანგის მეორე შეჯიბრება 19-28 აპრილს პეკინში ჩატარდება. სავარაუდოდ, იქ სასანგრე სტენდზე მსროლელი მაია გუბიევაც გამოვა, რომელიც მანამდე ბაქოში შეკრებასაც გაივლის.



.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული