ევროპის ცუდი დასასრული

AutoSharing Option
სამწუხაროდ, ჩვენი ეროვნული ნაკრების წევრებმა წარუმატებლად დაამთავრეს გამოსვლა იტალიურ ბრეშიაში, პნევმატური პისტოლეტიდან მსროლელთა ევროპის ჩემპიონატში - ლევან ქადაგიძე 564 ქულით 54-ე ადგილზე გავიდა, ჩვენი მთავარი იმედი, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე კი 379 ქულით მხოლოდ და მხოლოდ 21-ე აღმოჩნდა. საწყენია, რომ ჩვენებურებს ასე ბევრი დააკლდათ ფინალამდე.

379 ქულა სალუქვაძისთვის ძალზე დაბალი შედეგია. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ცალკეულ სერიებშიც არასახარბიელო მაჩვენებელი აქვს - პირველსა და ბოლოში 94 ქულა დააგროვა, შუალედებში კი 95 და 96. ამდენივე ქულა დააგროვეს ფრანგმა სირილე
გულიანომ და იტალიელმა არიანა კომიმ, მაგრამ ჩვენებური მათ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩა.

ამ ფონზე კიდევ უფრო დასაფასებელია ახალგაზრდა გოგონათა ტურნირში ქუთაისელი ნინო ფანჩულიძის 377 ქულა. შეგახსენებთ, რომ მან ჩემპიონატი მე-6 ადგილზე დაამთავრა. სამწუხაროდ, ჩვენი გუნდის ერთადერთი ნათელი წერტილი მხოლოდ მისი გამოსვლა გამოდგა.

ქალთა ტურნირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ამ სახეობაში მიმდინარე თაობათა ცვლის პროცესის გარდაუვალობა. შარშანდელმა სეზონმა რამდენიმე ძალზე მოულოდნელი ლიდერი გამოავლინა - ახალგაზრდები, რომლებსაც მანამდე თავი დიდად არ გამოეჩინათ, მაგრამ ერთბაშად გახდნენ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები. მათი გამოუცდელობიდან გამომდინარე, მაშინვე გაჩნდა კითხვა - ხომ არ იყო ეს შემთხვევითი წარმატება და წლეულსაც გააგრძელებდნენ თუ არა ისინი შედეგიან გამოსვლებს. სკეპტიკოსთა სამწუხაროდ, მათი უმრავლესობა ბრეშიაში ფინალში გავიდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ სროლაში ახალი თაობა, მსროლელთა ახალი ტალღა მოდის.

შარშან განსაკუთრებული სიურპრიზები სერბებმა შემოგვთავაზეს. მათი გუნდის ლიდერი ყველაფრის მომგები იასნა სეკარიჩია, მაგრამ ის ახალბედა თანაგუნდელებმა ჩრდილში მოაქციეს - ჯერ იყო და ბობანა ველიკოვიჩი ევროპის ჩემპიონი გახდა, მერე კი მსოფლიოს ჩემპიონატზე ზორანა არუნოვიჩმა გაიბრწყინა - პნევმატური იარაღიდან სროლა მოიგო, სპორტულში კი მხოლოდ რუს კირა კლიმოვას ჩამორჩა და ვერცხლი მოიპოვა. ახალი თაობიდან ერთადერთი, ვინც ბრეშიაში შარშან გაცემული ავანსები ვერ გაამართლა, სწორედ ეს კლიმოვაა, თორემ სხვები ყველანი ფინალში შევიდნენ. საერთოდ, ამ შეჯიბრებაში რუსებმა ძალიან ცუდად ისროლეს - არც ერთი სპორტსმენი არ ჰყავდათ მოწინავე ოქტეტში. სამაგიეროდ, სრული გუნდით შევიდნენ სერბები ანუ ფინალში რვიდან სამი მსროლელი მათი იყო! ოღონდ რაოდენობამაც ვერ უშველათ და ჩემპიონი სხვა გახდა - ფრანგი სელინ გობერვილი. ესეც შარშანდელი სეზონის კიდევ ერთი აღმოჩენა - მსოფლიოს თასებზე ერთხელ იმარჯვა, ერთხელ მეორე იყო, მსოფლიოს სუპერთასზე კი ორივე დისციპლინაში მესამეზე გავიდა. არადა, შარშანდლამდე მას ერთი მედალიც არ ჰქონდა არანაირი რანგის ტურნირში.

ბრეშიაში საკვალიფიკაციო ეტაპი გობერვილმა მოიგო 389 ქულით. მეორეზე ბელარუსთა ორგზის მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსანი ვიქტორია ჩაიკა გავიდა 388-ით, მესამეზე - უკრაინელი მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ოლენა კოსტევიჩი 386-ით. მას 2 ქულით ჩამორჩა სეკარიჩი, ფინალის ბოლო ოთხეულს კი 383-ქულიანთა კვარტეტი შეადგენდა ასეთი თანმიმდევრობით: ველიკოვიჩი, ბელარუსი კატსიარინა კრიჩანოკი, არუნოვიჩი და გერმანელი კლაუდია ვერდიჩიო-კრაუზე. ფინალში უფრო უკეთ ძირითადად ამ ქვედა ნახევრის წარმომადგენლებმა ისროლეს და ამიტომ დაწინაურებული სამეულის დავაში ვერ ჩაერივნენ. ფინალურ სერიაში ყველაზე კარგად გერმანელმა ისროლა - 99,6. 98,7 გაარტყა სეკარიჩმა, მესამე კი 97,8-ით არუნოვიჩი იყო. მათთან შედარებით, ლიდერებმა უფრო ცუდად ისროლეს, მაგრამ არც იმდენად, ჩამორჩენილთათვის დაწევის საშუალება მიეცათ. გობერვილმა 96,8-ით ჯამში 485,8 დააგროვა და მეტოქეთათვის მიუწვდომელი გახდა. ჩაიკამ თავის მონაგარს 97,0 შემატა და 485,0-ით ვერცხლი მოიპოვა. მესამეზე კოსტევიჩი გავიდა - 97,6 ფინალში და 483,6 საერთო მაჩვენებელი.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს ტურნირი არ იყო სალიცენზიო - საგზურებს მსოფლიოს თასის ეტაპებზე (ასეთი სეზონში 4 იმართება) I-II ადგილზე გასვლა იძლევა. თანაც - ორივე დისციპლინაში. ლიცენზიები ზაფხულში სპორტული პისტოლეტიდან გასამართ ევროპის ჩემპიონატზეც გაიცემა, მსოფლიოს პირველობა კი სპორტის ამ სახეობაში 4 წელიწადში ერთხელ ტარდება და შარშან მიუნხენში გაიმართა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული