ჩინელების უკვე ოთხიდან ოთხი

AutoSharing Option
წყალში ხტომის ტურნირზე დასრულდა სინქრონული ხტომები და ერთდღიანი შესვენება გამოცხადდა.

ბოლო მედალი, რომელიც აკვატიკ-ცენტრში გათამაშდა, მამაკაცებისა იყო - 3-მეტრიანი ტრამპლინიდან სინქრონული ხტომები. ისევე, როგორც წინა სამ დისციპლინაში, განსაკუთრებული ბრძოლა არც აქ ყოფილა - ჩინელებმა იუტონ ლუომ და კაი კინმა თავიდანვე ერთიმეორეზე ულამაზესი ნახტომების შესრულება დაიწყეს.

ექვსი ცდიდან მხოლოდ ორში ვერ შეძლეს მათ საუკეთესო ნახტომის შემოთავაზება: მეოთხეზე მექსიკელებმა აჯობეს, მეექვსეზე - რუსებმა.

ჩინელთა მეხუთე ნახტომი ნამდვილი შედევრი იყო და იმდენად აღაფრთოვანა პუბლიკა და მსაჯები, რომ ტაბლოსკენ გახედვა საჭირო არ იყო (იქ
იმ საღამოს სარეკორდო ციფრები დაიწერა - 104,88 ქულა). ცხადი გახდა, რომ ჩინელებს ვერავინ დაეწეოდა. კონკურენტებს ოქრო მხოლოდ იმ შემთხვევაში შეხვდებოდათ, თუ ლუო და კინი მეექვსე ცდაზე ტრამპლინიდან გადავარდებოდნენ, თანაც არასინქრონულად.

როგორც გითხარით, მეექვსე ცდაზე ყველაზე მაღალი შეფასება რუსებმა - კუზნეცოვმა და ზახაროვმა დაიმსახურეს, რისი წყალობითაც ამერიკას გაასწრეს და ვერცხლის მედალი მოიპოვეს. აშშ-ს ბრინჯაოთი დაკმაყოფილება მოუწია.

წყალში ხტომაში კიდევ ოთხი მედალია გასათამაშებელი და ჩინელები პეკინის შედეგს უმიზნებენ - რვა შესაძლებლიდან რვა ოქრო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული