ლუბა გოლოვინა: რიოში აუცილებლად საპრიზო ადგილებისთვის უნდა ვიბრძოლო

AutoSharing Option
დარბაზი სუნთქვაშეკრული შეჰყურებდა... ჰაერში თავბრუდამხვევი ბოლო კამარა შეკრა და ისარივით დაეშვა ძირს... იგრიალა ტაშმა. ბატუტიდან ჩამოხტა თუ არა, პირველი მამამ შეაქო და შუბლზე აკოცა. ღიმილი არ გამქრალა მისი სახიდან, ისე მიეფარა თვალს.

გულშემატკივრებს ასე დაამახსოვრდათ პეკინის ოლიმპიური თამაშებიდან თბილისელი 18 წლის ბატუტზე მხტომელი ლუბა გოლოვინა - ახალგაზრდებს შორის 2006 წლის მსოფლიოს, 2007 წლის ევროპის ჩემპიონი და უფროსებში მსოფლიოს პირველობის ფინალისტი, რომელმაც იმ შეჯიბრებაზე პეკინის ოლიმპიადის საგზური დაიბევა.

მას შემდეგ რვა წელიწადმა განვლო. ლუბა გოლოვინამ ლონდონის ოლიმპიადაზეც მოსინჯა ძალები. ორიოდე კვირის
წინ კი დანიურ ოდენსეში წარმატებით იასპარეზა სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატზე - რვა საუკეთესოს შორის მოხვდა და რიოს ოლიმპიურ თამაშებზე გამგზავრების უფლება მოიპოვა.

- ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ ვაჟი შემეძინა, ალექსანდრე გეგეშიძე, - გვითხრა მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნებულმა ლუბა გოლოვინამ. - წელიწად-ნახევარი ბატუტს არ გავკარებივარ. შარშან დეკემბერში განვაახლე ვარჯიში. ძალიან გამიძნელდა დიდ სარბიელზე დაბრუნება, მაგრამ დედ-მამა დამიდგა გვერდით. ისინი ჩემი მწვრთნელებიც არიან.

წლეულს, აპრილში საქართველოს ჩემპიონატში ვიასპარეზე, მაისის ბოლოს კი სანკტ-პეტერბურგში მსოფლიოს თასის ეტაპზე გამოვედი. ქულის მეასედი დამაკლდა ფინალში შესასვლელად - მეცხრე ადგილს დავჯერდი. წლინახევრიანი შესვენების შემდეგ ეს, თითქოს, ურიგო არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატამდე დრო ცოტა იყო დარჩენილი და უკეთესი შედეგის მისაღწევად მეტი დატვირთვით უნდა მევარჯიშა.

ამ დროს უბედურება დაგვატყდა თავს - წყალდიდობამ ჩვენი დარბაზი გააჩანაგა. ძლივს გადავარჩინეთ სამი ბატუტი. კიდევ კარგი, რომ "არენამ" შეგვიკედლა დროებით. თბილისში ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალის დამთავრების შემდეგ ახალ დარბაზში გადავედით სავარჯიშოდ.

- შეჯიბრებებზე არ გასულხარ?
- აგვისტომდე არსად მიასპარეზია. მერე ორ საერთაშორისო ტურნირზე ვიყავი. შედეგებისთვის ყურადღება არ მიგვიქცევია - მთავარი სპორტული ფორმის აღდგენა და საშეჯიბრებო გამოცდილების გამდიდრება იყო. მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მხოლოდ თბილისში ვვარჯიშობდი, რადგან უცხოეთში შეკრებაზე წასასვლელად ფედერაციას სახსრები არ ჰქონდა. მოძველებული ბატუტები სრულფასოვნად მომზადების საშუალებას არ გვაძლევდა. სხვა პრობლემებიც იყო, მაგრამ დღეში ორჯერადი ვარჯიშებით ვცდილობდი ხარვეზების აღმოფხვრას. რჩევა-დარიგებებით მეხმარებოდნენ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზაურ სულაშვილი და ჩვენი ფედერაციის გენერალური მდივანი, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი რუსუდან ხოფერია.

- მსოფლიოს ჩემპიონატზე რა მიზანს ისახავდით?
- უპირველესი - 24 საუკეთესოში მოხვედრა იყო, რადგან ნახევარფინალში ხელმოცარვის შემთხვევაში სატესტო შეჯიბრებაზე მომეცემოდა რიოს საგზურის მოპოვების შესაძლებლობა.

დანიაში 22 ნოემბერს ჩავედი და შეჯიბრებამდე დარჩენილი ოთხი დღე აკლიმატიზაციისა და ოლიმპიურ ბატუტებთან შესაგუებლად გამოვიყენე. ასპარეზობის პირველ დღეს სავალდებულო-ნებისმიერი პროგრამით მე-13 ადგილი დავიკავე და შვებით ამოვისუნთქე, მაგრამ მამამ გამაფრთხილა, ნუ მოეშვები, რადგან რიოს საგზური ახლავე უნდა დავიბევოთ, რომ შემდეგ თამაშებისთვის დაუძაბავად მოვემზადოთო. ქალბატონმა რუსუდანმა იხუმრა, ფინალში შედი და მერე მედლებისთვის თუ გინდა, ნურც იბრძოლებო.

ნახევარფინალში ფსიქოლოგიურად უკეთ ვგრძნობდი თავს და კარგადაც ვიასპარეზე. უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი, რომ რვა საუკეთესოს შორის მოვხვდი. სწორედ ფსიქოლოგიურად იყო ძალიან დაძაბული შეჯიბრება. აბა, ვინ წარმოიდგენდა, რომ პეკინის ოლიმპიადის ჩინელი ჩემპიონი ჰი ვიენა და ოლიმპიადების ორგზის პრიზიორი, კანადელი კარენ კოკბურნი, ევროპის პირველი თამაშების გამარჯვებული რუსი ანა პავლოვა და სხვა ცნობილი სპორტსმენები მედლებისთვის მებრძოლთა შორის ვერ მოხვდებოდნენ.

- ფინალში რა მოხდა?
- გადამწყვეტი პაექრობების წინ მუხლები ძალიან მტკიოდა, საასპარეზოდ გასვლაც არ მინდოდა, რადგან მიზანი მიღწეული იყო და გარისკვის მეშინოდა. ქალბატონმა რუსუდანმა მირჩია, ოლიმპიური თამაშებისთვის დამუშავებული ახალი პროგრამა გამომეცადა.

14,4 სირთულის კოეფიციენტის ვარჯიში მაქვს. რიოსთვის კიდევ 0,2-ით ვაპირებთ მის გართულებას. ჯერ დაუხვეწავია, ამიტომაც სასურველი შეფასება ვერ დავიმსახურე და საბოლოოდ მერვე ადგილზე გავედი.

მაინც კმაყოფილი ვარ, რადგან, როგორც გითხარით, მთავარი რიოს ლიცენზიის მოპოვება იყო.

- სამომავლო გეგმებზე რას იტყვი?
- მთელი ზამთრის განმავლობაში ინტენსიურად მოვემზადები. აპრილში ევროპის ჩემპიონატზე გამოვალ, რომელიც პორტუგალიაში გაიმართება. მერე ოლიმპიადამდე მსოფლიო თასები იქნება, მაგრამ ბიუჯეტის საკითხი სანამ არ გაირკვევა, მათზე ვერაფერს გეტყვით.

ოლიმპიურ თამაშებზე ეს ჩემი მესამე ცდა იქნება და აუცილებლად საპრიზო ადგილებისთვის უნდა ვიბრძოლო. საამისოდ ძალა და გამოცდილება მაქვს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
შვილის შეძენას გილოცავ ლუბა და ოლიმპიურ მედლის მოპოვებას გისურვებ.
შალვა73
18:01 11-12-2015
0

სიახლეები პოპულარული