იქ, ამერიკაში, საქართველოზე ფიქრით...

AutoSharing Option
მამა-შვილი კონსტანტინე და კოტე გულისაშვილები ჭაბუკობისას ტანვარჯიშში საქართველოს ნაკრების წევრები იყვნენ: უფროსმა კონსტანტინემ მოგვიანებით ვეტერანთა შორის მრავალჭიდში საბჭოთა კავშირის ჩემპიონობაც კი მოიპოვა. აქტიურ სპორტთან განშორების შემდეგ ორივემ მწვრთნელობას მიჰყო ხელი, ერთხანს ბატუტზე მხტომელებსაც კი ავარჯიშებდნენ. მათი პირველი მოსწავლე გახლდათ თენგიზ კოშკაძე, რომელიც დღეს ლონდონის ოლიმპიადის საგზურის მოპოვების ერთ-ერთ კანდიდატად ითვლება.

გასული საუკუნის 90-იან წლების მეორე ნახევარში მამა-შვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა სამუშაოდ. აკრობატიკაში მათმა გაწვრთნილმა კვარტეტმა (დევიდ პრინსი, ქევინ გრიერი, იური კოსტოვეცკი, მაიკლ ნასიგანი) ჯგუფურ ვარჯიშში ორჯერ აშშ-ის ჩემპიონობა მოიპოვა,
სპორტულ ტანვარჯიშში კი ბრაიანა გაიმ ამერიკის პირველობაზე თანატოლ გოგონებს აჯობა.

უფროსი გულისაშვილი ამჟამად Marvateens Gymnastics-ში მუშაობს მწვრთნელად, უმცროსი - Fairland-ში. მისი ორი შეგირდი (ივანა ანტეზანა, დიანა ფერისი) წლეულს ბატუტზე მხტომელთა მსოფლიოს პირველობაში მონაწილეობდა მეცში (საფრანგეთი), სადაც ჩვენმა ანა ოდიშვილმა კადეტებში მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა. მისი გამოსვლით აღფრთოვანებულმა უმცროსმა გულისაშვილმა, რომელიც საერთაშორისო კატეგორიის არბიტრია, თანამემამულე გოგონას ამერიკის ნაკრების ფორმა უსახსოვრა.

ამ დღეებში მამა-შვილი თბილისში ჩამოვიდა ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების მოსანახულებლად, ბატუტზე მხტომელ გოგონებსა და ბიჭებს საჩუქრად ფორმები ჩამოუტანეს და ამ სახეობაში გიორგი ეგნატაშვილის სახელობის სპორტის სახეობათა ფილიალის დარბაზში თბილისის პირველობასაც დაესწრნენ. შეჯიბრებაში 43 ახალგაზრდა მონაწილეობდა. როგორც ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზაურ სულაშვილმა გვითხრა, ფავორიტებს - წლევანდელი მსოფლიოს პირველობის გამარჯვებულ ანა ოდიშვილს, ასევე, თამარ პაპაშვილს, ნანა გოგაშვილს, თინათინ ჩადუნელს, თეონა ჯანჯღავას, გიორგი ფუტკარაძეს, ზურაბ ნოზაძეს, დიმიტრი ზუტიკოვს, რუსტამ კალოევს და თემურ სონღულაშვილს - დასვენების უფლება მისცეს.

ლიდერთა არყოფნის მიუხედავად, პაექრობები დაძაბულად წარიმართა. ოსტატობის კანდიდატის პროგრამით საპრიზო ადგილები ასე განაწილდა: გოგონები - 1. მარიამ მწითური, 2. მეგი ცხადაძე, 3. ანა სოლოღაშვილი; ვაჟები - 1. ლაშა გაბაშვილი, 2. გიორგი ავლოხაშვილი, 3. ირაკლი ბეიტრიშვილი. I თანრიგი. გოგონები - 1. ნათია მწითური, 2. ქრისტინე სორდია, 3. ნუცა ჭკუასელი. ვაჟები - 1. სერგო ავეტისიანი, 2. ნიკა ჯალაბაძე. ორი მონაწილე იყო სპორტის ოსტატის პროგრამით ასპარეზობაშიც - ტყუპი ძმები, ვალერი და სერგო ბიძიშვილები, რომლებმაც პირველ-მეორე ადგილი ერთმანეთში გაინაწილეს. ასაკობრივ ჯგუფებში პირველ ადგილებზე გავიდნენ: გიორგი ნაცვლიშვილი, ნათია მწითური, კოტე რაზმაძე, სოფო დაშნიანი, გიორგი გულიაშვილი, მეგი ფარულავა და კოტე ლობჟანიძე.

"ამ შეჯიბრებით, რომლის მონაწილეთა უმრავლესობას გიორგი ეგნატაშვილის სახელობის სპორტის სახეობათა ფილიალის აღსაზრდელები წარმოადგენდნენ, წლევანდელი სეზონი დავასრულეთ. ახლა ცოტას დავისვენებთ და ნაახალწლევს ახალი შემართებით შევუდგებით მზადებას, რადგან 2011 წელი ამ ოლიმპიურ ციკლში ჩვენთვის გადამწყვეტია - ნოემბერში ლონდონი სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს და ყველაფერი უნდა ვიღონოთ 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოსახვედრად", - გვითხრა ზაურ სულაშვილმა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული