გოლოვინა ფინალშია

AutoSharing Option
ლოტარინგიის დედაქალაქი მეცი ბატუტზე მხტომელმა მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს. საგულისხმოა, რომ სპორტის ეს სახეობა, რომელსაც საერთაშორისო სარბიელზე დებიუტი 1964 წელს ჰქონდა ლონდონში და 2000 წლიდან ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია შეტანილი, ასეთი მაღალი რანგის ტურნირით მეორედ ესტუმრა საფრანგეთს. ბატუტისტებმა 1986 წელს პარიზში მოსინჯეს ძალები. ამჟამად პაექრობები მეცის სპორტულ ასპარეზობათა კომპლექს ლე არენაზე იმართება, რომელიც 5400 მაყურებელს იტევს.

შეჯიბრებაში ბევრი სახელოვანი სპორტსმენი მონაწილეობს. მათ შორისაა პეკინის ოლიმპიადის მეექვსეადგილოსანი ლუბა გოლოვინა, რომელმაც საკვალიფიკაციო ტურნირში 68.100 ქულა მოაგროვა და მე-7 ადგილი დაიკავა. გუშინდელი პაექრობებიდან განსაკუთრებით ჩინელი
სპორტსმენების წარმატება უნდა აღინიშნოს. პირველ ათეულში ოთხმა მათგანმა დაიბევა ადგილი, მაგრამ, დებულების თანახმად, გადამწყვეტ პაექრობებში მხოლოდ ორი იასპარეზებს - ოლიმპიური თამაშების პრიზიორი შანშან ჰუანი (71.500 ქულა) და დან ლი (70.800). რაც შეეხება პეკინის ოლიმპიადის ჩემპიონ ჰი ვიენას, იგი 70.000 ქულით კვალიფიკაციაში მესამე ადგილზე კი გავიდა, მაგრამ ფინალში ვერ მოხვდა, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, ორმა თანამემამულემ გაუსწრო. ასევე, ფინალს მიღმა აღმოჩნდა სინგრინ ჟონი (69.300).

ხვალ ზემოაღნიშნულ სპორტსმენებთან ერთად მედლებისთვის იბრძოლებენ: რუსი ვეტერანი, ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორი ირინა კარავაევა (დიდი სარბიელიდან რუსუდან ხოფერიას წასვლის შემდეგ მას ყველაზე მაღალი სირთულის კოეფიციენტი აქვს), ბელარუსი ტატიანა პიატრენია (68,800), გერმანიის სახელით მოასპარეზე ქართველი, ათენის ოლიმპიადის გამარჯვებული ანა დოღონაძე (67.600). დიდი ბრიტანელი ბრიონი პეიჯი (67.000) და კანადელი როსანა მაკლენანი. ამ უკანასკნელმა კვებეკში (კანადა) 2007 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ხტომებში მესამე ადგილი დაიკავა. ტრავმების გამო შეჯიბრებაში არ მონაწილეობენ მისი თანამემამულეები - პეკინის თამაშების ვერცხლის პრიზიორი ჯეისონ ბერნეტი და ბოლო სამი ოლიმპიადის მედალოსანი კარენ კოკბურნი, რომელსაც მაკლენანთან ერთად სინქრონულ ხტომებში უნდა ეასპარეზა.

რაც შეეხება ვაჟთა ტურნირს, ჩვენი ქვეყნის ღირსებას თენგიზ კოშკაძე იცავდა. მან მეცში ერთ-ერთ ვარჯიშზე ფეხი იტკინა, ამის მიუხედავად, გუშინ მაინც გამოვიდა სარბიელზე და 42.500 ქულით 87 მონაწილეს შორის 66-ე ადგილი დაიკავა. ფინალში კი დონ დონი (ჩინეთი, 74.700), იი შუაი (ჩინეთი, 74,600), თენსუია სოტომურა (იაპონია, 74.000), იასუჰირო იეიამა (იაპონია, 73.600), დმიტრი უშაკოვი (რუსეთი, 73.500), გრეგორ პენესი (საფრანგეთი, 72.900), ნიკიტა ფედორენკო (რუსეთი, 72.700) და მარტინ გრომოვსკი (გერმანია, 72.600) იბრძოლებენ მედლებისთვის.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული